უმაღლესი ლიგის XXI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
მეორე წრეში, პირველისაგან განსხვავებით, ერთადერთი სანაკრებო პაუზაა და ამ ორკვირიან შვებულებასაც "არნახული თუ ჯერარგაგონილი" სატურნირო ინტრიგით ვხვდებით!

მოდი, ჯერ ის ვთქვათ, რომ XXI ტურის მერე ზედა სამეულში დაიძაბა სიტუაცია; არანაკლები კონკურენციაა IV ადგილის დასაკავებლადაც, - დიდია იმის ალბათობა, რომ მოვლენების განვითარების შემთხვევაში ევროტურნირების ერთი საგზური სწორედაც მეოთხეადგილოსანს რომ შეხვდეს.

აღარაფერს ვამბობთ ცხრილის ქვედა ნაწილზეც, სადაც ასევე სერიოზული კონკურენციაა და გასავარდნ ზონაში მყოფმა რომელიმე გუნდმა ორი მატჩი "გადაბმულად" რომ მოიგოს, შესაძლოა X ადგილზეც ასკუპდეს.

არადა, კი აკრიტიკებდა სეზონის დაწყებიდან მოყოლებული ეს
"დაუნახავი" ქართული სპორტული მედიის დიდი ნაწილი 16-გუნდიანი ჩემპიონატის იდეას, მაგრამ, თურმე, "სასტიკად ვცდებოდით", რისი დასტურიც ზემოთ ნახსენები ის "არნახული თუ ჯერარგაგონილი" სატურნირო ინტრიგა და ცხრილში არსებული სიმჭიდროვეა!..

ახლა კი, ვიდრე ჩემპიონატში პაუზაა, გასული ტურის გამორჩეულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე გავამახვილოთ ყურადღება; მით უფრო, რომ ჩემპიონატს ახალი და დამსახურებული ლიდერი ჰყავს: ბათუმის "დინამო"!

აუცილებელი და სარეგლამენტო განმარტება
სანაკრებო პაუზის წინ ცხრილში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ "დინამო თბილისმა" და ბათუმის "დინამომ" ქულათა ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს; თუმცა, საქართველოს 2014/15 წლების XXVI ეროვნული ჩემპიონატის დებულების თანახმად, თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიორიტეტი ჯერ ენიჭება ურთიერთშეხვედრებს, მერე - მოგებათა მეტ რაოდენობას, შემდეგ - გატანილი და მიღებული ბურთების უკეთეს სხვაობას, გატანილი გოლების მეტ რაოდენობას და ასე შემდეგ.

ანუ, რახან პირველ წრეში ბათუმის "დინამომ" მოუგო "დინამო თბილისს", ესე იგი, უპირატესობაც ამ გუნდის მხარეზეა და შესაბამისად, ცხრილში პირველ ადგილზეც უნდა დავაყენოთ!

ასევე ერთნაირი ქულებით ხვდებიან სანაკრებო პაუზას "შუქურა" და "ჩიხურა" და ამ შემთხვევაშიც უმთავრეს პრიორიტეტად ურთიერთშეხვედრები უნდა მივიჩნიოთ: ქობულეთელთა გუნდმა უკვე "მოასწრო" და ამ სეზონში ორივე მატჩი მოუგო "ჩიხურას"; ჰოდა, ამიტომაც არის, რომ XXI ტურის შემდეგ "შუქურა"... VI ადგილამდე აღზევდა, რასაც, გულახდილად რომ ვთქვათ, სეზონის დაწყების წინ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.

ან მეორე აჭარული კლუბის, ბათუმის "დინამოს" საჩემპიონო განაცხადს იფიქრებდა ვინმე? თუმცა, როგორც ამჩნევთ, ჩვენს ჩემპიონატში წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ და, ალბათ, უკვე დროა, რომ თითქმის ყოველ ტურში დაფიქსირებული, ერთი შეხედვით, მოულოდნელი შედეგებიც "ჩვეულებრივ ფაქტ(ებ)ად" აღვიქვათ.

აჭარული განაცხადი
ერთწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ბათუმის "დინამოს" მიმდინარე სეზონში მოკრძალებული მიზნები რომ არ ექნებოდა, ამაში, სხვების მსგავსად, ჩვენც დარწმუნებულნი ვიყავით; თუმცა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ "მოკრძალებულსა" და "ამბიციურს" შორის ძალიან დიდი სხვაობაა და დღესდღეობით სწორედაც ისეთი სიტუაცია შეიქმნა, სწორედ ბათუმის "დინამოს" ამბიციურობაა პირდაპირპროპორციული ამ გუნდის სატურნირო მდგომარეობასთან მიმართებაში!

ჰო, პატარა ამბავი კი არა, ნამდვილად შთამბეჭდავი ფაქტია, როცა გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია ექნება და, რაც მთავარია, მეორე წრეში ასპროცენტიანი შედეგით (6 მატჩიდან 6 მოგება!) იასპარეზებს!

ვერაფერს ვიტყვით: მართლაც მშვენიერი გუნდი ჰყავს გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტს, შოთა ჭეიშვილს, მშვენივრად დაბალანსებული და არცთუ ურიგო შემსრულებლებით.

თანაც, ბათუმელთა წარმატებულ და სტაბილურ ასპარეზობას ის ფაქტიც განაპირობებს, რომ გუნდს ყველა რგოლში ლიდერი ჰყავს და ერთ-ერთი მათგანის, მეკარე მიხეილ ალავიძის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც არავის უნდა გაჰკვირვებოდა. 27 წლის ალავიძე ამ ტურშიც საიმედოდ გაისარჯა და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ სეზონში უკე მერვე "მშრალი" მატჩი ჩაატარა.

არანაკლებ ქებას იმსახურებს უმაღლეს ლიგაში 20-წლიანი პაუზის მერე დაბრუნებული "შუქურაც": ლეგიონერებით გაძლიერებულმა ქობულეთელთა გუნდმა მეორე წრეში 6 მატჩიდან 4 მოიგო (ზუსტად იმდენი, რაც მთელი პირველი წრის განმავლობაში) და სანაკრებო პაუზასაც სრულიად დამსახურებულად ხვდება VI ადგილზე!

გელა სანაიას მისვლის შემდეგ "შუქურას" შედეგიანობაც საგრძნობლად გაიზარდა: პირველ წრეში გუნდს 15 მატჩში 14 გოლი ჰქონდა გატანილი, ახლა კი ექვს შეხვედრაში უკვე ათჯერ აიღეს მეტოქის კარი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "შუქურას" ძალიან წაადგა გამოცდილი უკრაინელი საყრდენის, 31 წლის ადრიან პუკანიჩის დამატება: დონეცკის "შახტარის" ყოფილმა ნახევარმცველმა უკვე მესამე გოლი გაიტანა საქართველოს ჩემპიონატში.

"ზესტაფონთან" მატჩში თავი აგრეთვე გამოიჩინეს 23 წლის გარემარბმა თორნიკე თუხარელმა (პირველი გოლი "შუქურას" მაისურით) და ასევე 23 წლის შემტევმა გიორგი ჩელებაძემ. აღსანიშნავია, რომ "შუქურას" კაპიტანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩელებაძემ "ზესტაფონთან" მატჩში თითქმის ხუთთვიანი "მშრალი" სერია შეწყვიტა და ჩემპიონატში IV გოლი გაიტანა.

ტორპედოს სამი გასროლა!
ადრე თუ გვიან "ტორპედოს" წარუმატებლობათა სერია უნდა დასრულებულიყო და ასეც მოხდა: ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას თავკაცობით, ქუთათურთა გუნდის ძირითადმა შემადგენლობამ ოპტიმალური სახე მიიღო და შედეგიც სახეზეა!

ჰო, მართლაც ჩინებული ათდღიანი პერიოდი ჰქონდათ ქუთაისელებს: ზედიზედ სამი მოგება და სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესდა; თუმცა, საქმე მხოლოდ ქულებში არ არის: გასულ ტურში "ტორპედომ" სრულიად დამსახურებულად მოუგო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, "სამტრედიას" და თასის მეოთხედფინალში განცდილი მარცხისათვის რევანში ხომ აიღო, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ქუთათურთა გუნდის შემტევ ფეხბურთზე აქცენტის გაკეთებაც!

ცალკეულ ფეხბურთელებზეც უნდა ვთქვათ: 21 წლის ოთარ კვერნაძემ უკვე მერვე გოლი გაიტანა და ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია; ზედიზედ მეორე მატჩია "სტანდარტულიდან" გააქვს გოლი 26 წლის ირაკლი კლიმიაშვილს. ჩინებულად ათამაშდა კიდევ ერთი ახალწვეული, 22 წლის დავით კირკიტაძე, რომელსაც მხოლოდ ამ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიეცა შანსი, მშობლიური ქალაქის გუნდში ეთამაშა.

აი, რაც შეეხება 26 წლის ბექა ტუღუშს, ამ უკანასკნელმა "სამტრედიის" კარში მართლაც ეფექტური გოლი გაიტანა, თუმცა ასეთი სილამაზის გოლები მისთვის უცხო ნამდვილად არ არის.

კიდევ ორი გამოცოცხლება
გასულ ტურში რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა: "მერანმა", როგორც იქნა, 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და, რაც მთავარია, პირველად შეძლო განახლებულ მარტვილის სტადიონზე გამარჯვება!

უფრო ხანგრძლივი წარუმატებელი სერია ჰქონდა ახალგაზრდულ "ვიტ ჯორჯიას": "ვეტერინარებს" ჩემპიონატში ბოლო მატჩი 20 სექტემბერს ჰქონდათ მოგებული და აი, ექვსთვიანი პაუზის მერე ეს მართლაც დანავსული, 14-მატჩიანი (!) მოუგებელი სერია შეწყდა.

თანაც, ეს იყო დებიუტანტი მწვრთნელის, თენგიზ კობიაშვილის პირველი მოგება უმაღლეს ლიგაში და ამ გამარჯვებით ახალგაზრდა "ვეტერინარებმა" ისიც "მიანიშნეს" ყველას, რომ დანებებას არ აპირებენ.

ბომბარდირის დაბრუნება
"დილაში" ისეთი შემადგენლობა შეიკრიბა, ამ გუნდისაგან მხოლოდ მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას უნდა ველოდოთ; ჯერჯერობით ასეც არის და უჩა სოსიაშვილის გუნდიც კვალდაკვალ მიჰყვება ორივე "დინამოს".

რაც მთავარია, "დილას" თავისი საუკეთესო მეგოლე და, საერთოდაც, გუნდის ლიდერი ირაკლი მოდებაძე დაუბრუნდა: 30 წლის ცენტრფორვარდმა ძლიერ მეტოქესთან ("ჩიხურასთან") "დუბლი" შეასრულა და საუკეთესო ბომბარდირობაზეც უსერიოზულესი განაცხადი გააკეთა.

აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ეს იყო მოდებაძის მეორე "დუბლი" სეზონში და ამ "ნომინაციაში" მხოლოდ ჯაბა დვალს ჩამორჩება.

სადებიუტო გოლები, მატჩები
გასულ ტურში ორმა ფეხბურთელმა შეძლო და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა: "ზესტაფონის" 22 წლის მცველმა მალხაზ გაგოშიძემ და "მეტალურგის" 19 წლის ახალწვეულმა, ცენტრალურმა მცველმა ლუკა ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო რუსთაველთა გუნდის პირველი გოლი ზამთრის პაუზის მერე ჩატარებულ... მერვე შეხვედრაში! თუმცა, ყველასგან მიტოვებულმა და ფაქტობრივად, განწირულმა "მეტალურგმა" ქვემოქართლურ "დერბიში" პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და "სახეშეცვლილი" შემადგენლობით მოასპარეზე "სიონთან" მაინც დამარცხდა.

აქვე, იმასაც აღვნიშნავთ, რომ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა გელა ჯინჭარაშვილმა ("სიონი"), ხოლო 25 წლის ალექსანდრე შენგელიამ და მისმა თანატოლმა გიორგი ჩიკვაიძემ "მეტალურგის" მაისურა პირველად მოირგეს.

შეხვედრა წარსულთან

...1990 წლის 31 მარტს პირველი ეროვნული ჩემპიონატი თბილისის "იბერიასა" (დღევანდელი "დინამო თბილისი") და ფოთის "კოლხეთის" მატჩით გაიხსნა; ყველამ იცის იმ მართლაც დაუვიწყარი დაპირისპირების შედეგი და აი, ისე მოხდა, რომ მიმდინარე სეზონში, მარტის ბოლო ტურში სწორედ ეს ძველი მეტოქეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

იმის მიუხედავად, რომ "კოლხეთს" კვლავაც, ფაქტობრივად, ნეიტრალურ მოედანზე (ლანჩხუთში) უწევს მეტოქეთა მასპინძლობა, ზაზა ინაშვილის გუნდმა მაინც შეძლო და თავისთვის უმნიშვნელო ქულა მოიპოვა.

აი, მოქმედი ჩემპიონი კი ამ ფრის გამო მეორე ადგილამდე ჩამოქვეითდა და ამას გარდა, მესამეზე მყოფ "დილასაც" მხოლოდ ერთი ქულითღა უსწრებს. სხვათა შორის, სანაკრებო პაუზის მერე დანიშნულ ტურში თბილისის "დინამოსა" და "დილას" დაპირისპირება გველოდება...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
ცხინვალი-დინამო (ბთ) 0:1 - დამსახურებული ლიდერი! [VIDEO]
კოლხეთი-დინამო (თბ) 0:0 - აქ ლიდერებს აჩერებენ [VIDEO]
დილა-ჩიხურა 2:1 - ბომბარდირი დუბლით დაბრუნდა [VIDEO]
ტორპედო-სამტრედია 3:1 - ღირსეული რევანში [VIDEO]
შუქურა-ზესტაფონი 3:1 - ...თორემ მერე გვიან იქნება [VIDEO]
მერანი-გურია 1:0 - მონატრებული გამარჯვება [VIDEO]
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი 2:0 - შეუჩერებელი "ვეტერინარები"
მეტალურგი-სიონი 1:2 - რუსთაველთა საშველი ისევ არ ჩანს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე მერამდენე ტურის მიმოხილვას აკეთებ და ერთხელაც არ გიხსენებია გურეშიძე.მინდა გაცნობო, რომ ძალიან კარგი დებიუტი ქონდა უმაღლეს ლიგაში, მე16 ტურის სიმბოლურში შეიყვანეს, ტურის ფეხბურთელადაც დაასახელეს და ეხლა ჩივაძის ნაკრებთან ერთად, თურქეთშია და კიდევ ბევრი იქნება დასაწერი..... ეს ისე ცნობისათვის...... შენ თუ არა სხვები დაწერენ და გვარს მაინც ახსენებენ...... მადლობა ყურადღებისათვის!
ლაშა
14:42 24-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული