მოშუშდით, ბიჭებო! - ნიკა ჭანტურია შტუტგარტში, ირაკლი ძარია მალე მოედანზე

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკა ჭანტურია

სანაკრებო პაუზა ბევრ გუნდს გაახარებს, რადგან უმაღლესი ლიგის ბინადართა შორის ბევრი მოთამაშეა დაშავებული და, შესაძლოა, ამ პაუზის შემდეგ ისინი მოედანზე ვიხილოთ...

დინამო თბ
თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ჭანტურია "ზესტაფონთან" მე-17 ტურის შეხვედრისას დაშავდა და გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება. გაირკვა, რომ მას მენისკისა და წინა ჯვარედინი იოგის ტრავმა აქვს და ოპერაცია დასჭირდება.

"ლელომ" კი შეიტყო, რომ გუნდის ახალგაზრდა კაპიტანი 30 მარტს გერმანიაში გაემგზავრება და ოპერაციას შტუტგარტის ცნობილ კლინიკაში იმ ექიმთან გაიკეთებს, რომელიც ანალოგიური პრობლემის მოგვარებაში ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს
- გურამ კაშიასა და სანდრო კობახიძეს დაეხმარა.

დილა
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ირაკლი ძარიას რუსული პრემიერლიგის გუნდში ჩარიცხვის იმედი ჰქონდა.

თბილისის "დინამოსთან" 26 წლის ვიცე-კაპიტანს კონტრაქტი დეკემბერში რომ დაუსრულდა, პერმის "ამკარში" თურქული შეკრება გაიარა. იქ მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი და მისი შტაბი კარგი თვალით უყურებდნენ და საკითხი გადაწყვეტილი იყო - ნახევარმცველს კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა. დასტურად ის ფაქტიც მეტყველებს, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეს რუსეთში სამუშაო ვიზა უპრობლემოდ გაუკეთეს.

მაგრამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ძარიას კუნთი გაუწყდა და სამშობლოში დაბრუნება მოუხდა. ამის მიუხედავად, მას კონტრაქტის გაფორმება გორის "დილამ" შესთავაზა და ახლა ამ გუნდის წევრია.

ეგ არის, რომ ტრავმის გამო ძარია მკურნალობდა და "დილას" მაისურით ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. თუმცა მან "ლელოს" უთხრა, რომ ვარჯიშს მალე განაახლებს და, შესაძლოა, გორელთა შემადგენლობაში აპრილიდან ვიხილოთ.

ჩიხურა
ამ კუთხით, ლამის ყველაზე მეტი პრობლემა "ჩიხურას" აქვს: სოსო ფრუიძე ძირითადი შემადგენლობის სამი მცველის გამოყენებას ვერ ახერხებს: გუნდის კაპიტანი დავით ოდიკაძე, ცენტრალური და მარცხენა მცველები - ლაშა ჭელიძე და თემურ ღონღაძე დღემდე მკურნალობენ.

თუმცა მათი ამბავი მაინც უკეთესობისკენაა და მალე მოედანზე დაბრუნებას იმედოვნებენ.

მაგრამ საჩხერულ ლაზარეთს კიდევ ერთი საკვანძო მოთამაშე - ლაშა კუჭუხიძე დაემატა. თავდამსხმელს მტკივანმა მუხლმა თავი გორის "დილასთან" შეხვედრისას შეახსენა და შესაცვლელი გახდა. არავინ უწყის, როდის დაბრუნდება კუჭუხიძე მოედანზე. არადა, მთელი საშემოდგომო ეტაპი სწორედ მუხლის ტრავმის გამო გაუცდა.

დინამო ბთ
ბათუმის "დინამომ" ისე მოიპოვა ლიდერობა, შოთა ჭეიშვილს რამდენიმე მოთამაშე არც გამოუყენებია. უკვე მეხუთე ტურია, გუნდს ვერ ეხმარება ერთ-ერთი ლიდერი - ირაკლი ჩირიკაშვილი, რომელიც ფოთის "კოლხეთან" 28 თებერვლის მატჩში დაშავდა და მყესი გაუწყდა - ის გუნდს სადღაც ერთ თვეში დაუბრუნდება.

ასევე ვერ თამაშობს მარჯვენა მცველი არნო ჩუენსუ. კამერუნელი მცველი მიმდინარე სეზონის პირველივე ტურში "ვიტ ჯორჯიასთან" დაშავდა, ჯვარედინი იოგები გაუწყდა და ოპერაცია გაიკეთა. 23 წლის მცველი რეაბილიტაციის ეტაპს ამთავრებს და, სავარაუდოდ, ბათუმელებს ერთ თვეში დაუბრუნდება.

სამაგიეროდ, უკვე დაიწყეს ვარჯიში თავდამსხმელმა მიხეილ კაკალაძემ და საყრდენმა ნახევარმცველმა გელა გოგიტიძემ - უფრო ადრე, მოედანს ეს უკანასკნელი დაუბრუნდება.

სამტრედია
მიმდინარე გათამაშებაში "სამტრედიას" ეროვნული ნაკრების კანდიდატის, გულვერდ თომაშვილის არყოფნა აშკარად დაეტყო. 26 წლის ცენტრალურმა მცველმა სეზონის დასაწყისში, 16 სექტემბერს, "ცხინვალთან" შეხვედრაში ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.

"ოპერაცია 8 ოქტომბერს გავიკეთე და დღემდე რეაბილიტაციას გავდივარ. დიდი ხანია, რაც სირბილი დავიწყე, აუზზე და ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ. მოკლედ, რეაბილიტაციას ვამთავრებ და იმედი მაქვს, "სამტრედიას" მალე დავუბრუნდები. მოედანზე გასვლას სეზონის ბოლომდე თუ ვერ მოვახერხებ, სრული დატვირთვით ვარჯიშს ახალი სეზონის დასაწყისისთვის მაინც შევძლებ", - ამბობს თომაშვილი.

ქუთაისის "ტორპედოსთან" შეხვედრის მე-12 წუთზე "სამტრედიის" კაპიტანი დავით კვირკველია დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა. როგორც გაირკვა, მას კუნთი დაეჭიმა. თუმცა გამოცდილი მცველის ტრავმა საგანგაშო არ ყოფილა.

როგორც შევიტყვეთ, კვირკველია ვარჯიშს, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში განაახლებს.

ზუგდიდი
"ვიტ ჯორჯიასთან" 21-ე ტურის შეხვედრა "ზუგდიდმა" სერიოზული დანაკლისით ჩაატარა - ბესიკ შეროზიას გუნდს ტრავმირებული ირაკლი ქობალია და დათა რიგვავა ვერ შეეშველნენ.

ახლა ზუგდიდელთა ლაზარეთს საყრდენი ნახევარმცველი ვაკო ტყემალაძეც დაემატა. მალე გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული