მიუხედავად იმისა, რომ გასაგები მიზეზების გამო ბოლო დროს არ ულხინს, უკრაინაში მოღვაწე ჩიხრაძემ "გაგრის" გაძლიერება გადაწყვიტა და პისკოვეცის გარდა, უკრაინიდან 4 ფეხბურთელიც მიიწვია.
"ბესოს სჯერა, რომ საქმე კარგად იქნება, გუნდის მიზანდასახული "მშენებლობა" შედეგს გამოიღებს და "გაგრა" უმაღლეს ლიგაში გადავა. პისკოვეცის დაბრუნება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მასთან ერთად მოდიან მეკ
ამ ყველაფერში მთავარი ისაა, რომ ბესო ჩიხრაძე არათუ არ აპირებს კლუბის მიტოვებას, არამედ მისი კიდევ უფრო გაძლიერება სურს", - ამბობს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე.
66 წლის პისკოვეცი ბოლოს ლატვიურ კლუბ "დაუგავას" ავარჯიშებდა. საქართველოში ის პირველად 2007 წელს ჩამოვიდა და ქვეყნის ჩემპიონი რუსთავის "ოლიმპი" ჩაიბარა. "გაგრას" კი 2010-11 წლებში წვრთნიდა და გუნდი ევროპის ლიგაზე გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ "გაგრა" ერთადერთი კლუბია საქართველოში, რომელიც დავით ყიფიანის სახელობის თასს პირველი ლიგის ბინადრის სტატუსით დაეუფლა (ფინალში ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა).
მას შემდეგ უკრაინელი მწვრთნელი მუშაობდა პოლონეთის პირველი დივიზიონის კლუბ ელბლაგის "ოლიმპიაში", 2011-13 წლებში კი - უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ ლუცკის "ვოლინის" ახალგაზრდულ გუნდში, რის შემდეგაც დროებით მთავარი გუნდის მწვრთნელობაც დაევალა.
საინტერესოა, რომ პისკოვეცი ლატვიური "დაუგავას" მთავარ მწვრთნელად 2015 წლის 8 თებერვალს დაინიშნა, მაგრამ თვე-ნახევარში საქართველოში წამოსვლა გადაწყვიტა. უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ის საქართველოს მიმართ სიყვარულს არასოდეს მალავდა.
კომენტარისთვის "გაგრის" პრეზიდენტ ბესიკ ჩიხრაძესაც დავუკავშირდით, რომელმაც საინტერესო რამ გვითხრა:
"ჩვენი გუნდის დაარსების მიზანი ქართული ფეხბურთის სამსახური იყო და ეს ამოცანა დღესაც დგას ჩვენ წინაშე. "გაგრიდან" ევროპასა და უკრაინაში წასული ბევრი მოთამაშე გემახსოვრებათ. მაგალითად, ახლახან ჩვენი მოთამაშე გიორგი გადრანი ოდესის "ჩერნომორეცში" ჩაირიცხა, გიორგი ჯგერენაია კი - კიევის "დინამოში".
პრობლემების მიუხედავად, გვსურს, ქართულ ფეხბურთს მომავალი გავუზარდოთ და პისკოვეცის ჩამოყვანაც ამითაა განპირობებული. თუმცა უახლოეს პერიოდში ამ და ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე ვრცელ განცხადებას გავაკეთებ, რადგან საქმე სერიოზულადაა და ბევრი რამ შესაცვლელია", - ამბობს ჩიხრაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"