უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
დაძაბულობა და ინტრიგა XXVI ჩემპიონატს სეზონის სტარტიდანვე "დაჰყვა" და მეორე წრეში კიდევ უფრო თვალშისაცემიც გახდა! აღარაფერს ვამბობთ უკომპრომისო მატჩებზე: ზამთრის პაუზის მერე შვიდი ტური ჩატარდა და ფრედ მხოლოდ 8 (!) შეხვედრა დამთავრდა!

უფრო კონკრეტულად რომ გავიხსენოთ, მეორე წრის საწყის ტურში დაფიქსირდა ორი საყაიმო ანგარიში, იმის მერე კი ყველა ტურში მხოლოდ თითო მატჩი სრულდება ფრედ. ასე იყო გასულ ტურშიც, როცა ერთადერთი ფრე იყო, ოღონდ ლიდერთა დაპირისპირებაში მოხდა ეს ყველაფერი.

ასეა თუ ისე, XXVI ჩემპიონატის "საფირმო ნიშნად" ქცეული ტერმინები ("ინტრიგა", "დაძაბულობა", "უკომპრომისობა")
კვლავაც აქტუალურად რჩება.

ოღონდ ასევე აქტუალურია ქართული საკლუბო ფეხბურთის უკვე ქრონიკული პრობლემებიც: სამწუხაროდ, ჩემპიონატის დონის ამაღლებაზე სასიკეთოს ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით; ისევე, როგორც გულშემატკივრების მხრიდან აშკარად შენელებულ ინტერესზე, რისი დასტურიც გასული ტურის (და, ალბათ, საერთოდ, მეორე წრის) ცენტრალური მატჩი გამოდგება: თბილისის "დინამოსა" და "დილას" ლამის "საჩემპიონო დაპირისპირებას" ძალიან ცოტა მაყურებელი დაესწრო.

თუმცა გასულ ტურში ბევრი სხვაც იმდენი მოხდა, აუცილებლად გამოსარჩევად თუ აღსანიშნავად რომ მივიჩნიეთ...

შედეგიანობის რეკორდი
XXII ტური იმითაც იყო "განსაკუთრებული", რომ სეზონში შედეგიანობის საუკეთესო მაჩვენებელი დაფიქსირდა: რვა მატჩში 31 გოლი გავიდა!

აქამდე სარეკორდო მაჩვენებელი IV ტურში გატანილი 30 გოლი იყო და აი, თითქმის შვიდთვიანი პაუზის მერე ეს შედეგი გაუმჯობესდა.

არის ხუთი დუბლი!
გამორჩეული კი არა, მართლაც უნიკალური ფაქტი მოხდა გასულ ტურში: ხუთმა ფეხბურთელმა შეძლო დუბლის შესრულება! თუმცა ამ ხუთი შემთხვევიდან ისეთებიც იყვნენ, რომელთა "წყვილმა" გოლმა თავის გუნდს მაინც ვერ უშველა.

ასე, მაგალითად, "ცხინვალის" 22 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ბიძინა მახარობლიძემ ორი გოლი გაიტანა "ზუგდიდის" კარში, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა. მახარობლიძემ პირველი დუბლი შეასრულა უმაღლეს ლიგაში, ისევე, როგორც თბილისის "დინამოს" უნივერსალმა ნახევარმცველმა, 21 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილმა.

აი, დანარჩენ სამ შემთხვევაში კი ამა თუ იმ ფეხბურთელის მიერ გატანილი ორი გოლი თავიანთი გუნდის გამარჯვების საწინდარი აღმოჩნდა. მართლაც ჩინებულ სეზონს ატარებს "ზუგდიდის" კაპიტანი, 31 წლის შოთა ლომია, რომელსაც უკვე 8 გოლი დაუგროვდა და ეს კი მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

ასევე დუბლით გამოირჩნენ ის ფეხბურთელები, ზამთრის პაუზის მერე რომ სხვა გუნდის მაისურა მოირგეს: "გურიის" 23 წლის ახალწვეულმა თორნიკე მოსიაშვილმა მეორე წრეში უკვე 4 გოლი გაიტანა, "ზესტაფონის" 21 წლის ფორვარდმა, ნიგერიელმა ჯონი ჯერემიამ კი უმაღლეს ლიგაში გოლ(ებ)ის გემო სამწლიანი პაუზის მერე გაიხსენა.

სადებიუტო გოლები, მატჩები
ბიძინა მახარობლიძის "დუბლი" ვახსენეთ და ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ახალგაზრდა ნახევარმცველის სადებიუტო გოლები უმაღლეს ლიგაში; ასევე სადებიუტო გოლები გაიტანეს უმაღლეს ლიგაში: 24 წლის ალექსანდრე ივანიშვილმა ("ჩიხურა"), 19 წლის ვანო წილოსანმა ("გურია"), 20 წლის ზურაბ თევზაძემ ("კოლხეთი").

პირველი გოლი გაიტანა მშობლიური ქალაქის გუნდის მაისურით "ტორპედოს" გარემარბმა, 22 წლის დავით კირკიტაძემ, "ზუგდიდის" 23 წლის მარჯვენა მცველმა დათა რიგვავამ კი უმაღლეს ლიგაში თითქმის ხუთწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი.

თუმცა გასულ ტურში ამაზე ბევრად უფრო ხანგრძლივი პაუზის მერე გატანილი გოლიც ვიხილეთ, ოღონდ ამაზე - ქვემოთ. მანამდე კი კიდევ ერთი დებიუტი უნდა ვახსენოთ: "მეტალურგის" 19 წლის მეკარემ, გიორგი ნადირაძემ ("ცხინვალის" კაპიტნისა და მეკარის სეხნიამ და მოგვარემ) უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

აქვე ბარემ ისიც ვთქვათ, რომ რიგვავას მსგავსად, შეცვლაზე შემოსულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა, თანაც, არავინ იცის, ამ გოლს სეზონის ბოლოს რა ფასი ექნება: "დილას" 19 წლის სწრაფმა და ტექნიკურმა გარემარბმა გიორგი ერისთავმა ტურის ცენტრალური მატჩის მიწურულს მშვენივრად ისარგებლა "დინამოს" უკანახაზელთა (გნებავთ - მეკარის) პოზიციური შეცდომ(ებ)ით და ზუსტი დარტყმით თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა!

სხვა მეგოლეები
შოთა ლომიას მსგავსად, ასევე გამორჩეულ სეზონს ატარებს კიდევ ერთი გამოცდილი ნახევარმცველი, 30 წლის კობა შალამბერიძე, რომელმაც უკვე 6 გოლი გაიტანა და ეს მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. შალამბერიძე "გურიის" ერთ-ერთი ლიდერია, ისევე, როგორც მისი ახალგაზრდა კოლეგა, 19 წლის ვანო კურდღელაშვილი, რომელიც აშკარად გამოირჩევა თავის გუნდში და 5 გოლით "ვიტ ჯორჯიის" საუკეთესო ბომბარდირია.

...ხუთთვიანი "მშრალი სერია" შეწყვიტა "სამტრედიის" გამოცდილმა მარჯვენა გარემარბმა, 32 წლის გრიგოლ დოლიძემ. მის ახალ თანაგუნდელს, 22 წლის ფორვარდ თორნიკე კაპანაძეს კი ბოლო დროს თითქმის ყველა მატჩში გოლი გააქვს, ისევე, როგორც "ტორპედოს" 21 წლის თავდამსხმელს, ოთარ კვერნაძეს, რომელსაც უკვე 9 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში სერიოზულ კონკურენციას უწევს "დილას" ლიდერსა და უპირველეს მეგოლეს, ირაკლი მოდებაძეს.

თავისუფალი ვარდნა
სწორედ გასულ ტურში მოხდა ის, რაც მოსახდენი იყო: ზედიზედ მეშვიდე წაგების მერე "მეტალურგი" გასავარდნ (უფრო ზუსტად - პლეი ოფის) ზონაში აღმოჩნდა! ანუ პირველ წრეში მოგროვილი ქულები აქამდე თუ საკმარისი იყო სატურნირო ცხრილში მეტ-ნაკლებად უხიფათო პოზიციაზე ყოფნისათვის, ახლა სიტუაცია შეიცვალა.

ეგ კი არა, თუ უახლოეს მომავალში რუსთაველთა გუნდში (გნებავთ - კლუბში) სიტუაცია სასიკეთოდ არ შეიცვალა, უკვე ორი-სამი ტურის მერე შეგვეძლება იმის თქმა, რომ "მეტალურგს" უმაღლეს ლიგაში დარჩენის არანაირი შანსი აღარ ექნება. არადა, "მეტალურგის" მწვრთნელ-ფეხბურთელებზე აუგი ვინ უნდა თქვას, მაგრამ როცა გუნდს ელემენტარულზე ელემენტარული პირობები არა აქვს, საბოლოო შედეგი ყოველთვის ასეთი ნეგატიური იქნება!

ყოჩაღები: ტორპედო, კოლხეთი...
მეორე წრის დაწყებიდან ყველა ბათუმის "დინამოს" მართლაც შთამბეჭდავ ასპარეზობაზე საუბრობდა და ამის მიზეზიც ჰქონდათ: გამოცდილი სპეციალისტის, შოთა ჭეიშვილის დამოძღვრილმა გუნდმა ზამთრის პაუზის მერე ხომ ზედიზედ ექვსი მატჩი მოიგო!

ასეთი გამორჩეული სერიის შედეგიც იყო ის ფაქტი, რომ XXII ტურს ბათუმელები ცხრილის სათავეში მყოფნი შეხვდნენ, თუმცა, ყველა სერიას აქვს დასასრული და ასე მოხდა ახლაც: არანაკლებ მშვენივრად ათამაშებულმა "ტორპედომ" ჩემპიონატის ლიდერს ისეთი მატჩი "შემოუტრიალა", პირველი ტაიმის მერე რომ აგებდა!

ვერაფერს ვიტყვით: მართლაც მშვენივრად მუშაობს "ტორპედოში" ზამთრის პაუზის მერე მისული მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია, რომლის ხელმძღვანელობითაც ქუთაისელთა საყვარელმა გუნდმა უკვე ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო!

არანაკლებ ქებას იმსახურებს "კოლხეთიც". ზაზა ინაშვილის გუნდმა სტუმრად ხომ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, "სიონს". სხვათა შორის, მეორე წრეში "კოლხეთმა" უკვე მეორედ შეძლო და "ექვსქულიანი" მატჩი მოუგო თავის კონკურენტს: ჯერ - "ზუგდიდს", ახლა კი - "სიონს", თანაც ფოთელებმა ორჯერვე სტუმრად იმარჯვეს...

კვარაცხელიაც დაგვემშვიდობა...
გასულ ტურში, თბილისის "დინამოსა" და "დილას" მატჩის შესვენების დროს, დიდი ფეხბურთიდან გააცილეს გივი კვარაცხელია!

ამ უნივერსალმა ფეხბურთელმა (ერთნაირი წარმატებით რომ შეეძლო ცენტრალური მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის ფუნქციების შესრულება) თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 600-მდე ოფიციალური მატჩი ჩაატარა და... ასამდე გოლიც გაიტანა!

გივი კვარაცხელიას 17 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი უმაღლეს ლიგაში და თბილისის "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი სამჯერ გახდა, თასიც მოიგო და სუპერთასიც. მერე იყო "თბილისი", "ლოკომოტივი" (სადაც საქართველოს თასს დაეუფლა), ქუთაისის "ტორპედო" (ჩემპიონი გახდა), ისევ "ლოკომოტივი" და "თბილისი".

წარმატებული კარიერა ჰქონდა უცხოეთშიც: "სკონტოს" შემადგენლობაში ორჯერ გახდა ლატვიის ჩემპიონი, "კაუნასის" შემადგენლობაში ლიტვის თასი ორჯერ მოიგო, ბელორუსულ "მტზ-რიპოში" ასპარეზობისას კი მცველის კვალობაზე შესაშური შედეგიანობა აჩვენა და 42 მატჩში 17 გოლი გაიტანა!

...ხუთწლიანი პაუზის მერე გივი კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა და ჯერ რუსთავის "ოლიმპის" შემადგენლობაში გახდა საქართველოს ჩემპიონი, მერე კი თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში "დუბლიც" შეასრულა! სწორედ 2012/13 წლების სეზონის ბოლოს იყო, "ლელომ", თავისი ტრადიციული შეფასებებით, 33 წლის გივი კვარაცხელია საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მცველად რომ დაასახელა!

"დინამოს" შემდეგ მცირე ხნით "ჩიხურაში" ითამაშა, ეს სეზონი კი "სიონში" დაიწყო და პირველ წრეში გუნდის ერთ-ერთი... საუკეთესო ბომბარდირიც იყო; ამას გარდა, "ლელოს" ტრადიციულ, ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც ორჯერ მოხვდა.

და აი, 35 წლის გივი კვარაცხელიამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა და, ალბათ, სიმბოლურიც იყო, რომ დიდი ფეხბურთიდან იმ გუნდმა გააცილა, საიდანაც დაიწყო კიდეც მისი ხანგრძლივი კარიერა: თბილისის "დინამოს" დირექტორმა ნიკა ჯღარკავამ აწ უკვე ვეტერან ფეხბურთელს სამახსოვრო საჩუქარი, 130-ნომრიანი მაისურა (სწორედ 130 მატჩი ჩაატარა სხვადასხვა დროს კვარაცხელიამ "დინამოში") გადასცა.

გოლი 18-წლიანი პაუზის შემდეგ!
XVIII ტურში, "სამტრედია"-"სიონის" მატჩის 79-ე წუთზე მასპინძელთა შორის ალექსანდრე იაშვილი გამოჩნდა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატს 18-წლიანი პაუზის მერე დაუბრუნდა.

ახლა კი "სამტრედიის" 37 წლის შემტევმა ხანგრძლივი პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონატში პირველი გოლიც გაიტანა!..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბათუმის ამბავი რატომ არ საჯაროვდება, რა მოხდა ამისთანა ბათუმში? ერთი გადაცემა იყო მინაშვილის ფეხბურთზე და ისიც აღარაა რომ სიმართლე გაიგო...
puma
23:12 08-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული