გიორგი ნარიმანიძე: ჩვენი მდგომარეობა გაუსაძლისია

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგის" ცენტრალური მცველი გიორგი ნარიმანიძე 21 წლისაა, თუმცა მას უკვე აქვს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება.

ნარიმანიძის დებიუტი ჩვენი ქვეყნის რანგით უმაღლეს დივიზიონში ჯერ კიდევ მაშინ შედგა, როცა 16 წლის იყო. ახლა გიორგი "მეტალურგის" ერთ-ერთი ლიდერია.

რუსთაველებს საუკეთესო დროება არ უდგათ - პირველ წრეში შესანიშნავად მოასპარეზე, ახლა კი გაუგონარ ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილი გუნდი, ფაქტობრივად, განწირულია პირველ ლიგაში დაქვეითებისთვის.

- გიორგი, რუსთაველი ხართ და მშობლიურ ქალაქში ბავშვობიდანვე ბევრს საუბრობდნენ თქვენზე. იმ წლების შესახებ გვიამბეთ...
- თამაში რუსთავში
დავიწყე. ამის შემდეგ "ზესტაფონში" გადავედი და ჭაბუკთა ლიგის გუნდში ვთამაშობდი. პერიოდულად დუბლშემადგენლობასაც ვემატებოდი. ამის შემდეგ ცოტა ხნით რუსთავში დავბრუნდი, მერე კი მაშინდელ ცხინვალის "სპარტაკში" გამიწია რეკომენდაცია ლევან სილაგაძემ. იქიდან წამოსვლის შემდეგ მშობლიურ "მეტალურგში" ვარ. მოკლედ, ესაა.

- როგორც ვიცით, ბავშვობაში ცენტრალური ნახევარმცველი იყავით, ახლა კი "მეტალურგში" ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობთ...
- კი, რაც "მეტალურგში" ვარ, სულ ამ პოზიციაზე ვთამაშობ. ერთი მატჩი ვითამაშე მხოლოდ ჩამშლელად - "ზუგდიდთან". ისე, მაშინდელ "სპარტაკში" ნახევარდაცვის ფლანგზეც მითამაშია.

- "მეტალურგში" არსებული სიდუხჭირის შესახებ უკვე ლეგენდები დადის. ალბათ, ამითაა გამოწვეული გუნდის ცუდი სტარტი საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპზე...
- ძალიან ცუდ დღეში ვართ. რაც სეზონი დაიწყო, მხოლოდ სამი თვის ხელფასი და ერთი თვის პრემია ავიღეთ. პრემიაზე აღარც არის საუბარი, უბრალოდ, ადამიანი რომ მუშაობს, შინ რაღაც ხომ უნდა მიიტანოს?!

უკვე დაგვავიწყდა, რა არის წინასამატჩო შეკრება. ამის ბრალია სწორედ ჩვენი გუნდის ასეთი ცუდი სტარტი მეორე ეტაპზე, თორემ "მეტალურგმა" პირველ წრეში დაამტკიცა, რომ თამაში შეუძლია. მაშინ ელემენტარული საშუალება მაინც იყო. ახლა კი ჩვენი მდგომარეობა გაუსაძლისია.

- ...და როგორ უძლებთ ამ ყველაფერს?
- ჩვენი ქალაქის სიყვარულით... ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძვით, თამაშისთვის არასდროს არაფერი დაგვიკლია, მაგრამ ასეთ ვითარებაში შეუძლებელია წარმატებით თამაში. მეტი რა გითხრათ?..

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
aset dros mayurebels sheuzlia tanadgoma stadionze daswrebit,magram?.....
Shalva
15:28 10-04-2015
0

სიახლეები პოპულარული