"რუსთავი" გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია. შარშანდელი მძიმე სეზონის შემდეგ კლუბი, რომელსაც ბადრი მაჭავარიანი და ლევან სილაგაძე ხელმძღვანელობენ, ფეხზე მას შემდეგ დადგა, რაც ვარლამ კილასონია ბოლნისის "სიონიდან" დაბრუნდა.
მან და კლუბის თავკაცებმა გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ძლიერი მოთამაშეები შეკრიბეს და ამბიციური გუნდის ჩამოყალიბა მოახერხეს, რომელიც თავს უმაღლეს ლიგაშიც არ შეირცხვენდა:
კილასონია უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს, "რუსთავს" ვინმე ეხმარება:
"სეზონი კარგად დავიწყეთ და ბევრი ფიქრობს - რადგან ამდენი ძლიერი ფეხბურთელი დავიმატეთ, თითქოს სპონსორი გაგვიჩნდა. ტყუილია, ჩვენც იგივე 200-ათასლარიანი დაფინანსება გვაქვს, რაც - პირველი ლიგის სხვა კლუბებს. არანაირი დამატებითი სახსრები არ გაგვაჩნია.
უბრალოდ, უმაღლეს ლიგაში ნათამაშებ ფეხბურთელებს ფორმის აკრეფა სურდათ და ჩვენთან თამაში მოინდომეს. ალბათ, ამაში თავისი როლი ჩვენ მიმართ ნდობის ფაქტორმაც ითამაშა. ბევრ მათგანთან მიმუშავია, მიცნობენ და მიხარია, რომ ჩვენთან არიან", - ამბობს კილასონია და იქვე დასძენს:
"ჩვენ 3 მატჩი ჩავატარეთ და სამივე მეტოქემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა - წყალტუბოს "სამგურალმაც", ტყიბულის "მეშახტემაც" და "ლიახვმაც". მგონია, რომ ისინი ბოლომდე იომებენ.
ყველაზე ძლიერ გუნდებად მარტვილის "მერანსა" და ხობის "კოლხეთს" დავასახელებდი. მათ შემადგენლობები საგრძნობლად გააძლიერეს და პრო 2-ში მოხვედრის რეალური კანდიდატები არიან.
საერთოდ, გარდამავალი ჩემპიონატი ძალიან რთულიც იქნება და მოულოდნელობებით სავსეც".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"