რას ფიქრობენ ამ გადაწყვეტილებაზე საფეხბურთო სამყაროში? კომენტარისთვის კერძო და სახელმწიფო კლუბების ხელმძღვანელებსა და გამოცდილ მოთამაშეს დავუკავშირდით. ყველა აღიარებს, რომ ეს სასურველი ნაბიჯია, მაგრამ მათი პოზიციები მაინც განსხვავებული აღმოჩნდა.
სახელმწიფო კლუბის, ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე დადგენილების ხარვეზებზე საუბრობს:
"კარგად მესმის, ამ გადაწყვეტილებით ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრებს რა პროცესების ხელშეწყობა სურთ და იდეაში
მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენს პირობებში, ეს ძალიან ძნელად განსახორციელებელი იდეაა და სახელმწიფო კლუბებს არაერთ პრობლემას შეგვიქმნის.
საქმე ისაა, რომ სახელმწიფო კლუბების დაფინანსება პიროვნულ ნებაზეა დამოკიდებული და არა სისტემაზე. მე ბედნიერი ვარ, რომ ქობულეთის გამგებელი ფეხბურთზე გადამკვდარი კაცია და "შუქურას" აფინანსებს. ასევეა მთელ აჭარაში, რადგან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის დამსახურებაა, თითქმის ყველა რაიონში კლუბს რომ აფინანსებენ და უმაღლეს ლიგაში ორი გუნდი რომ გვყავს.
ახლა მე ვსვამ კითხვას - რომელ რეგიონშიც ფეხბურთი არ უყვართ, იმათ რა უნდა ქნან? მაგალითად, ფეხბურთის მოყვარული გამგებლის დროს, სახელმწიფო კლუბში მოთამაშეს ზაფხულში ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მაგრამ დეკემბერში ფეხბურთისადმი გულგრილად განწყობილმა გამგებელმა რომ შეცვალოს და კლუბს ახალი წლის ბიუჯეტი არ გამოუყოს, ამ ერთწლიანი კონტრაქტის ფულს ვინ გადაიხდის?
მე ეს მადარდებს, თორემ ვიმეორებ - იდეა მისაღებია. მაგრამ მისი განხორციელებისთვის მყარი სახელმწიფო გარანტიები და ფეხბურთის განვითარების პროგრამა გვჭირდება. ეს იქნება ერთიანი სისტემა და სუბიექტური დამოკიდებულება გამოირიცხება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"