ზუგდიდი-დინამო (ბთ) 2:1 - როცა ზუგდიდი მართლა დიდია...

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი ბათუმის "დინამო" ზუგდიდში შეჩერდა.

რა თქმა უნდა, ჩემპიონობის რეალური შანსის მქონე აჭარლებს წაგება საწყენად დაურჩათ, მაგრამ, ალბათ, არ გვიწყენენ ბათუმელები, თუკი ვიტყვით, რომ ეს სიმპათიური, მზარდი გუნდი ჯერ არ არის მზად ქვეყნის ჩემპიონატის მოსაგებად. ყოველ შემთხვევაში, "ზუგდიდთან" ბათუმელთა გარჯას "საჩემპიონო" ნამდვილად არ ეთქმოდა. ამ ეტაპზე, მათთვის სავსებით მისაღები უნდა იყოს ევროპის ლიგაზე გასვლა.

ზუგდიდი ჩინებული დარით შეხვდა მონაწილეებს. სტუმრებს დისკვალიფიცირებული ნიკა დიასამიძე აკლდათ, მასპინძლების მთავარი თავსატეხი კი თავდასხმის ხაზი იყო. ვერ ითამაშა დაშავებულმა ირაკლი ქობალიამ, მისი სეხნია
ეხვაია კი მხოლოდ ფორმალურად იჯდა სათადარიგოთა სკამზე - ესეც ტრავმის გამო.

ამიტომ იყო, რომ ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ თამაში ერთი ფორვარდით დაიწყო. ამპლუით ნახევარმცველი შოთა ლომია ხშირად იხევდა უკან. უნდა ითქვას, რომ მან უდიდესი სამუშაო შეასრულა და მართალია, ორი ასპროცენტიანი მომენტი გააცუდა, მაგრამ ლუკა კობერიძესა და ლევან წურწუმიასთან ერთად, აშკარად გამორჩეული იყო მინდორზე.

"დინამომ" კი, ზუგდიდში მოსაგებად რომ იყო ჩასული, იმთავითვე ორი ფორვარდი მიუშვა მეტოქის კარზე. თუ მასპინძელი უფრო სიღრმიდან თამაშობდა, სტუმარი გუნდი წარმატების მიღწევას ბურთის ხანგრძლივი გათამაშებით ცდილობდა.

მატჩი აშკარად გაალამაზა ორივე გუნდის მრავალრიცხოვანმა ფანობამ. მართალია, პირველ ნახევარში ქომაგმა დიდი ვერაფერი თამაში იხილა, მაგრამ მეორე ტაიმი პირველის სრული ანტიპოდი იყო. გავრისკავთ და ვიტყვით, რომ ასეთი 45 წუთი მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი არ ყოფილა.

პირველი ტაიმის ბოლომდე მინდორზე მხოლოდ ფიცხელი ბრძოლა იყო და საგოლე მომენტი არც ერთი გუნდის კართან არ შექმნილა. იყო მხოლოდ მცდელობები - ორჯერ ლომიას დაუფარეს მცველებმა, ერთხელაც - ბათუმის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ქავთარაძეს.

მასპინძლები მაშინ დაწინაურდნენ, ტაიმის დასრულებას ორი წუთი რომ აკლდა - ლომიამ შეტევა დაიწყო და საჯარიმოში დროულად შეჰყვა წურწუმიას პასს. ბათუმელთა ერთ-ერთმა მცველმა ის წააქცია. პენალტი. სტუმრებს მომხდარი არ გაუპროტესტებიათ. ბურთთან ეპიზოდის გმირი ლომია მივიდა და დააწინაურა კიდეც თავისიანები.

ეს იყო და, ტრიბუნებზე ვნებებმა იფეთქა. საბედნიეროდ, ორივე გუნდის გულშემატკივარი სწრაფადვე დაწყნარდა.

ცხადი იყო, ბათუმელთა სამწვრთნელო შტაბს გუნდის თამაშში რაღაც უნდა შეეცვალა. შოთა ჭეიშვილმა ძალიან ინერტულები - დიმიტრი ტატანაშვილი და ბექა ჭკუასელი მინდვრიდან გაიხმო, სამარქაფოებმა კი - ვაკო თევდორაძემ და ამირან აბუსელიძემ - ბათუმის "დინამოს" თამაშს სიმწვავე შემატეს.

ცალკე უნდა ვთქვათ თევდორაძეზე. ამ ბიჭის თამაშში ძალიან დიდი ნიჭი და პოტენცია იკითხება და თუ ასე გააგრძელა, ვინძლო, ის გამოსადეგი ფეხბურთელი გახდეს თვით საქართველოს ნაკრებისთვისაც.

ბათუმელები გააქტიურდნენ და ბურთზე კონტროლი მოიპოვეს, აშკარა საგოლე მომენტი კი "ზუგდიდმა" შექმნა. 51-ე წუთზე წურწუმიამ დიდებული ფლანგური პასი გაუკეთა ლომიას და გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... ანგარიში უცვლელი დარჩა.

57-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. ზეაქტიურმა თევდორაძემ ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი. საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო ქავთარაძემ და კუთხეში აუღებლად დაურტყა მინდია ბობღიაშვილს. ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ ბურთი მასპინძელთა კარის ძელსაც შეეხო.

ამ დროისთვის, საცნაური გახდა ბათუმელთა უპირატესობა ფიზიკურ მომზადებაში. აჭარლებს რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ. თემურ შონიას თავური ბობღიაშვილმა მოიგერია, მანვე არ გაატანინა პირისპირ გასულ გიორგი ბერიაშვილს, ბოლოს კი, თევდორაძე-ბერიაშვილის ორსვლიანი კომბინაციის შემდეგ "ზუგდიდი" დაცვის ლიდერმა გიორგი პაჭკორიამ გადაარჩინა.

ამ დროს მასპინძლებს ერთადერთი საგოლე შანსი ჰქონდათ, თან ისეთი, ასპროცენტიანი რომ ეთქმის. ფაქტობრივად, ცარიელი კარის წინ დარჩენილმა ლომიამ სასწაულებრივ ვერ გაიტანა - საგოლე დარტყმის შესრულებისას ფეხი დაუცდა.

ფავორიტმა და ლიდერმა მოსაგებად გაიწია, ბესიკ შეროზიამ კი ბიჭებს შეტევისკენ მოუწოდა. 88-ე წუთზე შედეგი გამოიღო იმ ცვლილებამ, რომელიც მასპინძელთა მწვრთნელმა 70-ე წუთზე გააკეთა. შეცვლაზე შესულმა ლაშა კუკავამ, ლევან წურწუმიას კარგი პასით, გამარჯვების გოლი მოხდენილი თავურით გაიტანა.

ეს იყო და, სტადიონზე ალალი ზეიმი დაიწყო, ზეიმი, რომელიც "ზუგდიდმა" და მისმა ქომაგმა უთუოდ დაიმსახურეს.

მატჩის შემდეგ
ასლან ბალაძე ("დინამო", ბთ): "ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ ერთ ეპიზოდში კონცენტრაცია დავკარგეთ და დავისაჯეთ. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, ჯერ არაფერი დასრულებულა".

ბესიკ შეროზია
("ზუგდიდი"): "სიღრმიდან ვითამაშეთ. ერთი ფორვარდით დავიწყეთ თამაში და ისიც გამოკვეთილი ცენტრფორვარდი არ ყოფილა. ამაში "დამნაშავე" ჩვენი საკადრო პრობლემებია. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვიდა, მაყურებელმა ისიამოვნა, ჩვენმა ჩანაფიქრმა კი გაამართლა".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
18.04. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა"
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 2:1
გოლები: 1:0 ლომია (43-პენ), 1:1 ქავთარაძე (57), 2:1 კუკავა (88)
ზუგდიდი (4-5-1): ბობღიაშვილი - მაჩაიძე, პაჭკორია, აკობია, რიგვავა - გუგუჩია (76. ენდელაძე), დ. ქირია (70. კუკავა), კობერიძე, კუტალია (90. ღონღაძე), წურწუმია - შ. ლომია
სათადარიგოები: ივარდავა, ც. სამუშია, ფარჯიკია, ეხვაია.
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
ბათუმი (4-4-2): ალავიძე - ქორიძე, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი - ქავთარაძე, შონია, ვარშანიძე (71. ტეტუნაშვილი), ჭკუასელი (46. თევდორაძე) - ბერიაშვილი, ტატანაშვილი (46. აბუსელიძე)
სათადარიგოები: მამინაშვილი, გოგიტიძე, ა. მუჯირი, აშბა
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: პაჭკორია (15), ვარშანიძე (20), მახარაძე (60), კობერიძე (90)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 10
ი. მოდებაძე (დილა) 10
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 8
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. კაპანაძე (სამტრედია) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 7
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXV) ტური
24 აპრილი, პარასკევი
დილა-შუქურა
ტორპედო-ჩიხურა
ვიტ ჯორჯია-სიონი
ცხინვალი-დინამო (თბ)
კოლხეთი-მეტალურგი
ზუგდიდი-სამტრედია

25 აპრილი, შაბათი
დინამო (ბთ)-გურია
მერანი-ზესტაფონი

28 აპრილი, სამშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბათუმის ქომაგი ვარ და ეს მართლა არ იყო საჩემპიონო თამაში. ეს იმას არ ნიშნავს რო ბათუმს არ აქვს ჩემპიონობის შანსი
zvio
21:08 20-04-2015
0
მაგარი უნდათ რომ ბათუმმა ვერ გახდეს ჩემპიონი არაა საჩემპიონო გუნდიო. აბა ვინაა თბილისის დინამო? თუ საქმე გამოცდილებაზე მიდგება მაშინ დილამ უნდა მოიგის თუ არა და ბათუმის დიბამო თბილისის დინამოზე რომ უკეთეს ფეხბურს აჩვენებს ცხადია.
zura
20:53 20-04-2015
0

სიახლეები პოპულარული