უმაღლესი ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატების 25-წლიან ისტორიაში რა არ მომხდარა და, წესითა და რიგით, არც არაფერი უნდა გვაკვირვებდეს. მით უფრო, როცა მთელი სეზონის განმავლობაში ერთი-ორი გუნდის ყველანაირი პრობლემა ლამის ყოველდღე გვესმოდა.

ჰო, ბევრი კურიოზი ახსოვს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს: ყოფილა შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა გუნდმა პირველი ტაიმი ჩაამთავრა და მეორე ტაიმში... მოედანზე არ გამოვიდა პროტესტის ნიშნად!

ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელს არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა, თუმცა იმ მოთამაშემ, მოედნის დატოვების ნაცვლად, თამაში მაინც გააგრძელა!

აღარაფერს ვამბობთ ისეთ ფაქტებზე, როცა უსახსრობის გამო გუნდი გასვლით
მატჩზე ვერ მიემგზავრებოდა და ტექნიკური წაგებაც (0:3) ჩვეულებრივ ამბად აღიქმებოდა. ეგ კი არა, რამდენჯერმე მოხდა ისეთი ფაქტიც, როცა... მასპინძელი გუნდი არ გამოსულა მოედანზე და, ამ შემთხვევაშიც, მაქსიმალური სასჯელი ტექნიკური წაგება (0:3) იყო.

მაგრამ ეს ყველაფერი ადრე ხდებოდა, მერე და მერე კი სიტუაცია აშკარად უკეთესობისკენ იცვლებოდა და, ავად თუ კარგად, ჩემპიონატებიც "უმსხვერპლოდ" სრულდებოდა. ერთადერთი, რაც მიუღებლად მიგვაჩნდა, ჩემპიონატის რეგლამენტის ხშირი დარღვევა იყო ამა თუ იმ სეზონის მსვლელობისას (!) თუ დასრულების შემდეგ.

როგორც ამჩნევთ, ამ შემთხვევაში "გაკვრითაც" არ ვახსენებთ უკვე ტენდენციად ქცეულ ყოველწლიურ რეალობას: ჩემპიონატის დონის დაცემას, გულშემატკივრების კატასტროფულ სიმცირეს, ხელოვნურსაფარიანი მოედნების მოზღვავებას, სეზონის ბოლოსკენ "საეჭვო" თამაშების სიმრავლეს, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმართაობას, ამა თუ იმ კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდან ლამის ნებისმიერი წაგების არბიტრებზე გადაბრალებას, ზოგიერთი გუნდის ვაიგულშემატკივართა მხრიდან წამოსულ ზღვარგადასულ ქმედებებს და ასე შემდეგ...

ისევე, როგორც მივეჩვიეთ ისეთ ფაქტებს, როცა ლამის ყოველ სეზონში "მოიძებნებოდა" ფინანსურად უკიდურესად შეჭირვებული ერთი-ორი გუნდი, ჩემპიონატის ბოლოსკენ, ოფიციალურ მატჩებში ლამის სკოლის მოსწავლეები რომ ჰყავდათ განაცხადში! არც იმის დავიწყება შეიძლება, თუ როგორი "დირექტივები" მოდიოდა "ზემოდან".

ჩემპიონისა და თასის მფლობელის ვინაობა ხომ ბევრად უფრო "მაღლა" წყდებოდა, ვიდრე სფფ-ის ხელმძღვანელობაა და, აბა, კარგი ბიჭი იყავი და ის "დირექტივები" არ შეგესრულებინა! მაგრამ ახლა ხომ აღარ ვცხოვრობთ ვირტუალურ სამყაროში და სფფ-ის შეფებსაც "ზემოდან" არავინ უბრძანებს: ჩემპიონობა - "ამ" გუნდს, თასი კი - "იმ" გუნდსო?!

მოკლედ რომ ვთქვათ, "დირექტივების" დრო წავიდა, მაგრამ სამარცხვინოზე მეტი რა უნდა ვუწოდოთ იმ სიტუაციას, როცა მიმდინარე სეზონის დაწყებიდან დღემდე ერთი გუნდი ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა, მეორე გუნდის წარმომადგენლები კი ოთხი თვეა შველას ითხოვდნენ.

ჰოდა, მოსახდენი მოხდა: როცა ფეხბურთელს იმის საშუალება არ ექნება, კალენდარული მატჩის ჩასატარებლად სტადიონამდე მიაღწიოს, აქ უკვე კომენტარი ზედმეტია!

თანაც, როგორ გგონიათ, "ზესტაფონის" ფეხბურთელთა პროტესტით მოგვიწევს "დაკმაყოფილება"? სამწუხაროდ, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ მსგავსი ფაქტი კიდევ ერთ გუნდში არ მოხდეს; ჰო, "გუნდშიო", იმიტომ ვამბობთ, რომ იმ ქალაქის საფეხბურთო კლუბი, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, აღარც არსებობს, უფრო ზუსტად, ქაღალდზე არსებობს.

თუმცა, იმ ქალაქის გუნდს (თითქმის გარანტირებული გავარდნა რომ ელოდა უმაღლესი ლიგიდან) "მშველელად" "ზესტაფონი" მოევლინა: სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, ბოლო წლების საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი "ზესტაფონი" ჩემპიონატიდან მოიხსნა!

ამ საკითხთან დაკავშირებით, "ლელოს" დღევანდელ ნომერში სხვა პუბლიკაციებსაც გაეცნობით, ისე, როგორც უახლოეს დღეებში იქნება აქტუალური "ზესტაფონის" თემა; მანამდე კი მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ამჯერად სფფ-ს ვერავინ დაადანაშაულებს, დებულება რატომ დაარღვიაო. პირიქით, XXVI ჩემპიონატის რეგლამენტის V ნაწილის XIV თავის მუხლი 90 ხომ სწორედ ამას "გვამცნობს": მატჩზე გუნდის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მას ჩაეთვლება წაგება 0:3 (მეტოქეს მოგება 3:0), მოიხსნება შეჯიბრებიდან და დაჯარიმდება წინამდებარე კოდექსის დანართი #1-ის პუნქტი 1-ის შესაბამისად (5000 ლარი)".

აი, ასე: დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ ჩემპიონატის დარჩენილ ექვს ტურში ერთი გუნდი დაისვენებს ხოლმე, თანაც ყველა იმ გუნდს, რომელსაც "ზესტაფონთან" თამაში დარჩა, 3 ქულაც მოემატება!

ისე, როგორც მოემატა 3 ქულა "დილას" ამ ტურში და ჩემპიონატსაც დღესდღეობით გორელთა გუნდი ლიდერობს...

ბომბარდირთა პაექრობა
მეორე წრეში უკვე 9 ტური ჩატარდა, მაგრამ "ზესტაფონის" ყოფილი ფორვარდის, ჯაბა დვალის პირველ წრეში ნაჩვენები შედეგის (10 გოლი) გაუმჯობესება ჯერჯერობით ვერავინ მოახერხა! რამდენიმე ტურის წინ ამ ნიშნულამდე "დილას" გამოცდილი ცენტრფორვარდი ირაკლი მოდებაძე მივიდა, ამჟამად კი იგივე შედეგი აქვს თბილისის "დინამოს" 19 წლის შემტევს, გიორგი პაპუნაშვილს, რომლის "დუბლმაც" მნიშვნელოვნად განაპირობა კიდეც დინამოელთა გამარჯვება.

მოგეხსენებათ, რომ დვალი ამჟამად მოლდოვაში აგრძელებს კარიერას, თუმცა მოდებაძისა და პაპუნაშვილის "დაუსრულებელ" პაექრობაში სხვა გოლეადორების ჩართვაც უნდა ვივარაუდოთ: "ტორპედოს" ახალგაზრდა ფორვარდი ოთარ კვერნაძე და "ზუგდიდის" გამოცდილი კაპიტანი შოთა ლომია თითო-თითო ბურთით ჩამორჩებიან ბომბარდირთა "ტრიუმვირატს".

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ 21 წლის კვერნაძეც და 31 წლის შოთა ლომიაც თავიანთ კარიერაში ყველაზე შედეგიან სეზონს ატარებენ: ერთი ჩემპიონატის განმავლობაში 9 გოლი აქამდე არ გაუტანიათ!

ლეგიონერების თემა
მართლაც მარადიულ თემად არის ქცეული საქართველოს ჩემპიონატში ჩამოსულ ლეგიონერთა დონეზე მსჯელობა; არავინ უარყოფს, რომ ამ 25 წლის განმავლობაში ჩვენთან რამდენიმე მართლაც მაღალი კლასის უცხოელი ჩამოსულა.

თუმცა, უფრო მეტი გვახსოვს ისეთი ლეგიონერები, ჩვენებურებს ვერაფრით რომ სჯობდნენ და ამიტომაც ხშირად ისმოდა ხოლმე ერთობ აქტუალური კითხვა: ეს უცხოელი ფეხბურთელები საქართველოში ვინ და რატომ ჩამოიყვანაო?.. სეზონის დასრულების შემდეგ, როცა XXVI ჩემპიონატს შევაფასებთ და ტრადიციულად, "ლელოს" ნომინანტებსაც წარმოგიდგენთ, წლევანდელ ლეგიონერთა გარჯას მაშინ შევაჯამებთ.

მანამდე კი გასული ტურის სამ ფაქტს ვახსენებთ, ლეგიონერებს რომ უკავშირდება: "ჩიხურას" 21 წლის შემტევმა, უკრაინელმა ევგენი ტროიანოვსკიმ საქართველოს ჩემპიონატში მეორე გოლი გაიტანა, ხოლო ტემპაკრეფილი "ტორპედოს" შემადგენლობაში პირველად გამოჩენილმა ინალ ფუხაევმა საქართველოს ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა. 23 წლის ფუხაევი რუსეთის მოქალაქეა და "ტორპედოში" ჩარიცხვამდე იქაურ კლუბებში, "ალანიასა" და "ხიმკიში" გამოდიოდა.

აშკარად გამოადგა "სიონს" პორტუგალიელი ლუის ალბერტო ვიეირა მედინას ჩამოყვანაც: 23 წლის ფორვარდის ერთადერთმა გოლმა ბოლნისელებს უმნიშვნელოვანესი (ფაქტობრივად, გადამრჩენელი!) 3 ქულა მოუტანა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მედინამ უკვე მესამედ გამოიჩინა თავი ექვს ჩატარებულ შეხვედრაში.

სადებიუტო გოლები, მატჩები
ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ ამ შაბათ-კვირის მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს "ზუგდიდისა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება იწვევდა. ტურის ცენტრალურ მატჩად მიჩნეულმა პაექრობამ სრული ანშლაგითაც ჩაიარა და გულშემატკივრებმაც უშეღავათო ბრძოლა იხილეს, რომელიც მასპინძელთათვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვებით დამთავრდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ გამარჯვების მომტანი გოლი შეცვლაზე შემოსულმა 21 წლის ლაშა კუკავამ გაიტანა, რომელმაც უმაღლეს ლიგაში 3-წლიანი პაუზის მერე გამოიჩინა თავი.

უფრო ხანგრძლივი უგოლო პაუზა ჰქონდა "ცხინვალის" ცენტრალურ მცველს, 26 წლის დავით მაისაშვილს, რომელმაც უმაღლეს ლიგაში 6-წლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი.

წინა სეზონში მართლაც გამორჩეული გახლდათ "გურიის" ახალწვეული ვილი ისიანი, რომელმაც თავის კარიერაში საუკეთესო შედეგი უჩვენა - 12 გოლი გაიტანა მეტოქეთა კარში. ამ სეზონის დაწყების წინ ისიანი თავის მშობლიურ კლუბს, "სიონს" დაუბრუნდა, თუმცა, ვერც ბოლნისურ გუნდში (პირველ წრეში) და ვერც მერე, ისევ "გურიაში" დაბრუნებულმა, გოლის გატანა ვერ მოახერხა.

და აი, ეს მშრალი სერიაც შეწყდა: 24 წლის ფორვარდმა ამ ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა, თუმცა მოგებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა და "გურიამ" სეზონში პირველი საშინაო მატჩი წააგო..

"მეტალურგის" მარადიულ პრობლემებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ერთიანად გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე რუსთაველთა გაჭირვებულ გუნდს ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშია ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, "სამტრედიის" წინააღმდეგ.

ის ფაქტ(ებ)იც უნდა ვახსენოთ, რომ "მეტალურგის" 21 წლის მცველმა როსტომ მიქაუტაძემ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო 19 წლის ლაშა პაქსაშვილმა სულაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში.

ამათ გარდა, ის სამი ახალწვეულიც უნდა ვახსენოთ, "მეტალურგის" ფარმ-კლუბიდან (მეორე ლიგაში ასპარეზობს) რომ დაიმატეს რუსთაველებმა: გურამ მინდორაშვილი, გიორგი ზვიადაძე, კონსტანტინე ბროლაძე.

მამა-შვილის ბენეფისი
ზედიზედ ორი მოგებით "ცხინვალს" კვლავ გაუჩნდა ევროტურნირებზე მოხვედრის შანსი და არც ის არის უმნიშვნელო ფაქტი, რომ კახა კაჭარავას დამოძღვრილმა გუნდმა ამ ორივე მატჩში მეტოქეთა კარში სამ-სამი გოლი გაიტანა.

წინა ტურში, "გურიასთან" (3:0) მატჩში "ცხინვალის" ცენტრფორვარდმა, 21 წლის ნიკა კაჭარავამ თავისი პირველი დუბლი მიითვალა უმაღლეს ლიგაში. და აი, გავიდა ერთი კვირა და უმცროსმა კაჭარავამ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო 2 გოლის გატანა და ასე თუ გააგრძელა, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაშიც შესაძლოა ჩაერიოს!

შეაჩერეთ კირკიტაძე!
სათქმელად ადვილია, თორემ, აბა, სცადოს ვინმემ დავით კირკიტაძის შეჩერება-განეიტრალება! "ტორპედოს" 22 წლის ახალწვეულზე, მართლაც რეაქტიული სისწრაფის მქონე გარემარბზე, დავით კირკიტაძეზე ვსაუბროთ, მხოლოდ ახლაღა რომ მიეცა თავისი მშობლიური ქალაქის გუნდში თამაშის შანსი...

ჰოდა, კირკიტაძეც თითქმის 100 პროცენტით ამართლებს ქუთაისელთა გუნდის ახალი თავკაცის, გიორგი დარასელიას ნდობას და "გურიასთან" მატჩში სულაც გასაოცარი მოვლენის მთავარი გმირი გახდა: მასპინძელთა კარში გოლი... მერვე წამზე (!!!) გაიტანა!

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
დინამო (თბ)-ვიტ ჯორჯია 3:0 - პაპუნას შოუ [VIDEO]
გურია-ტორპედო 1:3 - გოლი, რომელიც ბევრმა ვერ ნახა! [VIDEO]
ზესტაფონი-დილა (მატჩი ჩაიშალა) - ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს! [VIDEO]
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 2:1 - როცა ზუგდიდი მართლა დიდია...
ჩიხურა-ცხინვალი 1:3 - მრისხანე მეზობელი
სიონი-მერანი 1:0 - აპაპი და მედინა
სამტრედია-მეტალურგი 2:1
შუქურა-კოლხეთი 1:1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული