კახა კაჭარავა: თუ ვინმე უნდა გახდეს ჩემპიონი, ეს, უპირველესად, სწორედ "დინამო" უნდა იყოს

AutoSharing Option
"ცხინვალმა" თბილისის "დინამოს" 4:1 მოუგო და ამით ჩემპიონობისკენ გზა გორის "დილას" გაუხსნა, ხოლო თავად ევროპა ლიგაზე მოხვედრის იმედი შეინარჩუნა. კლუბის პრეზიდენტი მურთაზ შელია იმედოვნებს, რომ წინსვლის პარალელურად, "ცხინვალის" ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდება.

"ბიჭებმა ძალიან მოინდომეს, მაგრამ "დინამოსთან" 3 ქულის ასაღებად მხოლოდ მონდომება არ კმარა. ასეთ შეხვედრებში ჩნდება, რა შეუძლია გუნდს და რა პოტენციალი გააჩნია.

მე მხოლოდ მოგება არ მახარებს - ისიც გამოჩნდა, რომ მწვრთნელი სწორად მუშაობს და "ცხინვალიც" სწორი მიმართულებით მიდის. სეზონს ჩავამთავრებთ და თუ ევროპა ლიგაზე გავედით, იმედია, მერე გუნდს უკეთესი
პირობებიც ექნება და სასიამოვნო სიახლეებსაც შეიტყობთ.

ჩვენ საკუთარი ბაზა არ გაგვაჩნია. ეს პრობლემა ბევრ ქართულ გუნდს აწუხებს, მაგრამ ახლა მთავრობის დონეზე მიდის მოლაპარაკება, რომ "ცხინვალს" საამისოდ ტერიტორია გამოუყონ და ბაზა ავაშენოთ", - ამბობს შელია.

"ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა კი არ მალავს, რომ "დინამოსთან" თამაშის შემდეგ ორმაგი განწყობა ჰქონდა:

"ამ გუნდთან შეხვედრას ყოველთვის მღელვარებით ველი, რადგან "დინამო" ჩემთვის ყველაფერია.

არავის ეწყინოს, მაგრამ თუ ვინმე უნდა გახდეს ჩემპიონი, მიმაჩნია, რომ ეს, უპირველესად, სწორედ "დინამო" უნდა იყოს. მის წინააღმდეგ თამაში და მოედანზე გუნდის გაყვანა ყოველთვის მიჭირს.

მაგრამ რას ვიზამთ, დღეს "ცხინვალი" მაბარია და მის წარმატებაზე ვზრუნავ. თანაც, ეტყობა, ეს ჩვენი დღე იყო, რადგან ყველაფერი გამოგვდიოდა".

გამოცდილი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ "ცხინვალს" თამაშის გაუმჯობესებაც შეუძლია და საამისო პირობასაც ასახელებს:

"ჩვენ კიდევ გვყავს მოთამაშეები, რომელთაც ჩვენი თამაშის გაძლიერება შეუძლიათ, მაგრამ ამჟამად ვერ გვეხმარებიან - არაბული, ფანცულაია, მარკოზაშვილი, ქოჩლაძე... გუნდს პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

ზრდა რომ არ შეჩერდეს, საამისოდ მთავარია, დღევანდელი შემადგენლობა შევინარჩუნოთ. ბევრი ახალგაზრდა გვყავს და მათ დიდი შრომა დასჭირდებათ, პოტენციალი სრულად რომ გამოავლინონ. მაგრამ მათ მოედანზე გასვლა და ბრძოლა სწყურიათ. სელექციისას ამ მნიშვნელოვან ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებთ და მიმაჩნია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს სწორედ ეს გამოარჩევთ".

თბილისის "დინამოსთან" მატჩში ცხინვალელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო გიორგი ივანიშვილი - მან პირველ ტაიმში წონასწორობა აღადგინა, მეორეში კი ის კომბინაცია განავითარა, რომელმაც მისი გუნდი დააწინაურა.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ზაფხულში გადაწყდება, დარჩება "ცხინვალში" თუ კარიერას უცხოეთში გააგრძელებს:

"როცა ასეთ გუნდს ხვდები, ძნელია, თავიდანვე შეუტიო, მაგრამ გამოჩნდა, რომ შეტევები კარგად გამოგვდიოდა და მიხარია, "დინამოს" რომ მოვუგეთ. ისიც დავინახეთ, ჩვენს გუნდს დიდი პოტენციალი რომ აქვს.

ფეხბურთიდან ერთი წლის წასული ვიყავი და "ცხინვალმა" სპორტული ჟინი და მოტივაცია დამიბრუნა. კარგი ბიჭებიც გვყავს და სამწვრთნელო შტაბიც მშვენივრად მუშაობს.

თუ უცხოეთიდან რეალური წინადადება მექნება, სიამოვნებით წავალ. საქართველოში თუ დავრჩი, ისევ "ცხინვალში" თამაში მირჩევნია. მთავარია, რომ ტრავმა მოვირჩინე და ფორმაში შევდივარ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ანუ დამნშნეთ დინამოს მწრთვნელადო!
გოგი
13:49 28-04-2015
0
ჯობია გეგუჩაძეს დაუძახონ.
ფერნანდო
14:15 28-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული