უმაღლესი ლიგის XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ სეზონის ბოლომდე ერთდროულად სამი "საინტრიგო ზონა" გველოდებოდა: "საჩემპიონო რბოლა", ევროტურნირების საგზურის შესაძლო მომტანი მეოთხე ადგილისათვის კონკურენცია და, რაღა თქმა უნდა, ბრძოლა უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად.

გასულმა ტურმა ეს ინტრიგა ბოლომდე შეგვინარჩუნა, თუმცა საჩემპიონო და გასავარდნი ზონებისგან განსხვავებით, სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე თითქმის გაირკვა იმ მართლაც სანუკვარი IV ადგილის მფლობელის ვინაობა; უფრო ზუსტად, ერთ კონკრეტულ გუნდს მშვენიერი შანსი გაუჩნდა: აბა, სხვა როგორ უნდა შეფასდეს ის ფაქტი, როცა გუნდი მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

სხვათა შორის, აბსოლუტურად ანალოგიური
სიტუაციაა სეზონის უმთავრეს "საინტრიგო ზონაზეც", სადაც პირველ ადგილზე მყოფმა "დილამ" თავისი თამაშები რომ მოიგოს, კლუბის ისტორიაში პირველ ტრიუმფშიც ვეღარავინ შეეცილება.

გასულ ტურში ჩემპიონობის უმთავრესმა ფავორიტმა "დილამ" "დაგეგმილი" 3 ქულა უპრობლემოდ აიღო, თუმცა ფეხი არც გორელთა გუნდის კონკურენტებს დასცდენიათ და, ალბათ, ასე გაგრძელდება სეზონის ბოლომდეც.

ისე, განვლილ ტურში, სატურნირო ინტრიგის გარდა, სხვაც ბევრი დასამახსოვრებელი რამ მოხდა და შევეცდებით, მეტ-ნაკლებად გამორჩეული მომენტები გავიხსენოთ.

უცვლელი სამეული
უმთავრესმა ფავორიტმა "დილამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და საჩემპიონო ზეიმს 17 დღეღა აშორებს (შესაძლოა, უფრო ნაკლებიც);

საერთოდ, ფავორიტის წინააღმდეგ ყველა გუნდი გაძლიერებული მოტივაციით გამოდის მოედანზე, მაგრამ პირველი ლიგისკენ გეზაღებული "მეტალურგი" ბევრად უფრო მოტივირებულ მეტოქეს პრობლემებს რომ ვერ შეუქმნიდა, ყველასთვის ცხადი იყო.

ასეც მოხდა: მეორე წრეში შედეგიანად ათამაშებულმა მიხაილ გორელიშვილმა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი მოდებაძემ თითო-თითო გოლით თავიანთ გუნდს მორიგი 3 ქულა მოუტანეს.

ლიდერს არც ბათუმის "დინამო" ჩამორჩა და იმის მიუხედავად, რომ შოთა ჭეიშვილის გუნდს ძირითადი შემადგენლობის ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, მაინც შეძლო სტუმრად თამაშის მოგება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელთაგან ეს ერთადერთი გოლი 29 წლის ნიკა მგელაძემ გაიტანა, რომელმაც უმაღლეს ლიგაში 4-წლიანი პაუზის მერე გამოიჩინა თავი. დინამოელთაგან კიდევ ერთი ფეხბურთელი უნდა ვახსენოთ: ტრავმირებული მიხეილ ალავიძის ნაცვლად კარში შოთა მამინაშვილი იდგა და 28 წლის ამ მეკარემაც დიდი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის წარმატებაში.

აი, რაც შეეხება კიდევ ერთ ფავორიტს, ყველას კარგად მოეხსენებოდა, რომ თბილისის "დინამოს" ურთულესი მატჩი მოელოდა ძველ და უპრინციპულეს მეტოქესთან...

უხვგოლიანი კლასიკო
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მართლაც თითზე ჩამოსათვლელია ისეთი შემთხვევები, როცა თბილისის "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირებები უინტერესოდ წარმართულა. ასე იყო გასულ ტურშიც, როცა "დინამო არენის" სკამებაყრილ ტრიბუნებზე შეკრებილმა ორივე გუნდის გულშემატკივარმა საინტერესო და სანახაობრივი მატჩი იხილა.

ბოლო "კლასიკოში" მოვლენები კალეიდოსკოპური სიჩქარით იცვლებოდა, ეფექტური გოლებიც ვნახეთ, არდანიშნული პენალტების თემაც, ალბათ, კიდევ იქნება განხილვის საგანი...

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მასპინძლებმა მაინც შეძლეს 3 ქულის მოპოვებაც და, რაც მთავარია, მცირე, მაგრამ მაინც საჩემპიონო შანსების შენარჩუნებაც. ეფექტური გოლები ვახსენეთ და მართლაც ასე იყო, თანაც თავდაპირველად "წინა პლანზე" კაპიტნები და ამპლუით ცენტრალური მცველები გამოვიდნენ: 26 წლის გურამ ადამაძის ("ტორპედო") თავური დარტყმაც მშვენიერი იყო და მისი თანატოლისა და კოლეგის, ლაშა თოთაძის ("დინამო") თითქმის 40 მეტრიდან(!) შესრულებული შთამბეჭდავი "სტანდარტულიც".

დინამოელთა მეორე გოლიც აღსანიშნავია, როცა თავისივე წამოწყებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით 19 წლის გიორგი პაპუნაშვილმა დაამთავრა და ამით იმაზეც მიგვანიშნა ყველას, რომ საუკეთესო ბომბარდირთა დავაში სერიოზული კონკურენცია უნდა გაუწიოს ირაკლი მოდებაძეს.

მერე კი მოვლენათა ეპიცენტრში შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები მოექცნენ, თუმცა ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.

ყოჩაღი შემცვლელები
ისედაც უხვგოლიან ტურში "ნამეტანი" მოინდომეს შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა და საერთო ჯამში, 6 გოლი გაიტანეს, თანაც, რამდენიმე შემთხვევაში ეს გოლები გადამწყვეტი აღმოჩნდა!

აი, თუნდაც "ქართული კლასიკო" გავიხსენოთ, სადაც მატჩის ბედი შეცვლაზე შემოსული 22 წლის ჯაბა ჯიღაურის ზუსტმა დარტყმამ გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ჯიღაურმა მშობლიური გუნდის მაისურით სამწლიანი პაუზის მერე გაიტანა.

ამავე მატჩში შეცვლაზე შემოსულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა გაიტანა ეფექტური გოლი: 27 წლის ვახტანგ კვარაცხელიამ "საფირმო" თავურით "ტორპედოს" მაისურით მეორედ ისახელა თავი.

ასევე შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა მოუტანა თავის გუნდს ქულა: 20 წლის ნახევარმცველის, ნიკა სიჭინავას ზუსტმა დარტყმამ "კოლხეთი" ამჯერად უკვე ოფიციალურად დატოვა უმაღლეს ლიგაში.

რაც შეეხება ნიკა სიჭინავას მოგვარესა და ყოფილ თანაგუნდელს, დათა სიჭინავას მორიგი გოლი "სიონს" მაინც არ ეყო ტურის ყველაზე უხვგოლიან შეხვედრაში თუნდაც ქულის გადასარჩენად. ამავე მატჩში მორიგი გოლი გაიტანა ასევე შეცვლაზე შემოსულმა ლაშა შინდაგორიძემ, რომელმაც უკვე მეშვიდედ გამოიჩინა თავი. "მერანის" 19 წლის ფეხბურთელმა ლაშა ქიქავამ კი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ორი დუბლი და შედეგიანი ცხინვალი
გასულ ტურში ორმა შემტევმა შეძლო დუბლის შესრულება: "სიონის" 23 წლის თავდამსხმელმა ჯაბა უგულავამ და "გურიის" 22 წლის ფორვარდმა ვილი ისიანმა. აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელისათვის ეს პირველი დუბლია უმაღლეს ლიგაში.

კვლავაც აგრძელებს შედეგიანად ასპარეზობას "ცხინვალის" 21 წლის ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავა, რომელმაც ბოლო ოთხ მატჩში უკვე ექვსი გოლი გაიტანა.

საერთოდაც, "ცხინვალი" ამ ბოლო დროს მშვენიერ ფორმაშია: კახა კაჭარავას გაწვრთნილმა გუნდმა უკვე ზედიზედ ოთხი შეხვედრა მოიგო, მეტოქეთა კარში 14 გოლი გაიტანა და IV ადგილზე გასვლის ყველაზე რეალური კანდიდატიცაა, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ "ცხინვალს" სასურველზე-სასურველი კალენდარი აქვს, თანაც, ზემოთ ნახსენები ლაშა შინდაგორიძისა და ნიკა კაჭარავას მსგავსად, ბოლო ტურებში მოედანს უგოლოდ არ ტოვებენ გუნდის სხვა წამყვანი ფეხბურთელებიც: 25 წლის გიორგი ივანიშვილი და 22 წლის ბიძინა მახარობლიძე.

ამას გარდა, ის ფაქტიც უნდა აღვნიშნოთ, რომ "ცხინვალს" ნელ-ნელა უბრუნდებიან ტრავმამოშუშებული ფეხბურთელებიც: "სიონთან" მატჩის მიწურულს თითქმის ხუთთვიანი პაუზის მერე მოედანზე გამოჩნდა 21 წლის ცენტრფორვარდი ბაჩანა არაბული, რომელმაც თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა.

შეწყვეტილი სერია
ზედიზედ სამი წაგების მერე "გურიამ" თავისი ქომაგები გაახარა და "ზუგდიდის"კარში 5 უპასუხო გოლი გაიტანა. უმაღლეს ლიგაში ბოლოს ასეთი შედეგი გურულებს... 19 წლის წინათ ჰქონდათ, როცა 1996/97 წლების სეზონის სტარტზე რუსთავის "მეტალურგი" 5:4 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ იმ დროს "გურიის" მთავარი მწვრთნელი გიგლა იმნაძე გახლდათ, სულ ახლახან კვლავაც რომ მოუწია მშობლიური გუნდის თავკაცობა და აი, მისი ხელმძღვანელობით, ლანჩხუთელებმა დანავსული სერია შეწყვიტეს.

ვილი ისიანის დუბლზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ახლ კი დანარჩენ მეგოლეებზეც ვთქვათ, მით უფრო, რომ ლანჩხუთელთა ორივე ფლანგის ფეხბურთელმა, 30 წლის კობა შალამბერიძემაც და 26 წლის ალექსი ბენაშვილმაც ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანეს.

ამ მატჩში ბოლო გოლი კი 25 წლის ერეკლე კილაძემ გაიტანა, რომელმაც ეს გოლი თავისი ძმის, შარშან შემოდგომაზე ტრაგიკულად დაღუპული "გურიის" ფეხბურთელის, ნიკა კილაძის ხსოვნას მიუძღვნა...

სხვა ფაქტები
ფოთის "კოლხეთი" კვლავაც აგრძელებს სასიამოვნო სიურპრიზებს: ზაზა ინაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდს უკვე ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს! "კოლხეთმა" და "მერანმა", ფაქტობრივად, გაინაღდეს უმაღლეს ლიგაში დარჩენა.

გასავარდნ ზონაში კი კვლავაც სამი გუნდი რჩება: "მეტალურგი", "სიონი" და "ვიტ ჯორჯია"; ამათგან ერთი უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, ერთს - პლეი ოფი ელოდება, ერთი კი უკვე დაქვეითებულ "ზესტაფონს" შეურთდება და მომავალ სეზონს პირველ ლიგაში დაიწყებს.

ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ სეზონის დასრულების შემდეგ "საფეხბურთო ამნისტია" არ გამოცხადდა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
მეტალურგი-დილა 0:2 [VIDEO]
დინამო (თბ)-ტორპედო 3:2 [VIDEO]
გურია-ზუგდიდი 5:0 [VIDEO]
ჩიხურა-დინამო (ბთ) 0:1
სიონი-ცხინვალი 3:4
სამტრედია-კოლხეთი 1:1
შუქურა-მერანი 1:3
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3 (ტექნიკური წაგება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველაზე მეტად იცით ხალხო რა ტეხაავს?ისეთები აკომენტარებენ რომლებიც,არც თავისი ქალაქის გუნდის და არც ნაკრების თამაშზე როარ დადის და თავს რო დებს ფეხბურთის სიყვარულზე,და ბილეთში ფულის გადახდას ტოტალიზატორში დადება რო ურჩევნია...მოდი და ეგეთ ადამიანზე გაბრაზდი.....ჩემ თვალში არარაობები არიან...
0
იმიტო რო პატარა ქალაქია გორი,მარა პატარა გორი დიდია და ეს ყველამ უნდა გაიგოს...ფიქრის მოყვარულო
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული