ამ ახალ გამოწვევას დიდი იმედით ვუყურებ - ოთარ მარცვალაძის "დილა"

AutoSharing Option
30 წლის ოთარ მარცვალაძე ახლა უგუნდოდაა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ახალ კლუბს მალე იპოვის. მარცვალაძე არასდროს ყოფილა ჩვენს საფეხბურთო რეალობაში რიგითი ფორვარდი. მას შეუძლია კაცის მოტყუება, ძალიან სწრაფია და გოლებიც ლამაზად გააქვს.

საქართველოს ნაკრებში ოთარმა 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. გვჯერა: თუ მან ოპტიმალური სათამაშო ფორმა დაიბრუნა, შეუცვლელი ფეხბურთელი იქნება კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდისთვის.

მარცვალაძეს აქამდე უთამაშია "ვიტ ჯორჯიაში", კიევის "დინამოში", "ზაკარპატიეში", "ანჟიში", "ვოლგაში", "კრასნოდარში", "სკა ენერგიაში", "ალანიაში", თბილისის "დინამოსა" და "ტოსნოში".

ბოლო დროს ოთართან დაკავშირება ვერ
ხერხდებოდა. არადა, მის კარიერაში გვარიანი ამბავი მოხდა - მარცვალაძემ დატოვა რუსული პრემიერლიგის საგზურზე მონადირე "ტოსნო" და ახლა საქართველოშია. ნავსი გავტეხეთ და მასთან შეხმიანება შევძელით...

- ოთარ, როგორ ინარჩუნებთ სათამაშო ფორმას?
- ამ დროისთვის, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ. მას შემდეგ, რაც "ტოსნოდან" წამოვედი, წამითაც არ გავჩერებულვარ. სათამაშო პრაქტიკა და გუნდში ყოფნა სულ სხვაა, მაგრამ ვფიქრობ, მალე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

- რატომ დატოვეთ "ტოსნო"? რა იყო ამის მთავარი მიზეზი - ლეგიონერებზე ლიმიტი თუ სამწვრთნელო შტაბის უნდობლობა?
- ორივე ერთად. როცა ვერ გრძნობ მწვრთნელის ნდობას, იმ გუნდში გაჩერება აღარ გინდა. ასეთია ფეხბურთელის ფსიქოლოგია.

- "ტოსნოში" ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები და, ალბათ, ამანაც იმოქმედა...
- რა თქმა უნდა?!

- სანამ სხვაზე ვიტყოდეთ, პირდაპირ გვითხარით - თქვენი კარიერის განმავლობაში ზედმეტად ბევრი გუნდი ხომ არ გამოიცვალეთ?
- გეთანხმებით, სწორი შენიშვნაა. მეც მეტ სტაბილურობას ვისურვებდი ჩემს საკლუბო კარიერაში, მაგრამ იყო სიტუაციები, როცა სხვანაირად არ შემეძლო. რას იზამს ფეხბურთელი, როცა მისი კლუბი კოტრდება? ლოგიკურად, ახალი გუნდი უნდა ეძებო. ასე არ არის?

- ასეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თქვენგან მეტს ელოდნენ...
- ვიცი... ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ტრავმები მუდამ თან მდევდა... ფეხბურთისთვის არასოდეს არაფერი დამიკლია. ისე, არც ახლაა გვიან. მჯერა, კიდევ ავთამაშდები.

- ცხრა წლით უკან დავიხიოთ. მაშინ, "ვიტ ჯორჯიიდან" კიევის "დინამოში" დიდი იმედით წახვედით. რატომ ვერ მოახერხეთ უკრაინულ გრანდში დამკვიდრება?
- მთავარი მაინც ის იყო, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შემექმნა. ორი ოპერაცია გავიკეთე 6 თვეში. ასეთ დროს ფეხბურთელს გარკვეული დრო სჭირდება ადაპტაციისთვის. მე ეს დრო არ მქონდა. კიევის "დინამო" დიდი გუნდია. თქვენც დამეთანხმებით - ასეთი გაქანების კლუბში სად არის იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე თვე გააცდინო?..

- თქვენი სანაკრებო კარიერა ჯერ არ დასრულებულა. სადღეისოდ, ის 16 მატჩსა და 2 გოლს ითვლის. მეტი არ შეგეძლოთ?
- კი, ნამდვილად შემეძლო. საქართველოს ნაკრებში გატარებული ყოველი წამი უბედნიერესია ჩემთვის. არ ვწუწუნებ, თუმცა ეროვნულ გუნდში მხოლოდ 3-4 მატჩი თუ მაქვს ჩატარებული იმ პოზიციაზე, რომელიც ოპტიმალურია ჩემთვის.

სადაც საქართველოს ნაკრებს დასჭირდება, იქ ვითამაშებ და წარსულშიც ასე იყო, უბრალოდ, ფაქტს გავუსვი ხაზი.

- ჩემი აზრით, ოთარ მარცვალაძის ოპტიმალური სათამაშო ამპლუა, ეგრეთ წოდებული, "გამქცევი ფორვარდია". აქ თქვენი ერთ-ერთი მთავარი კოზირი, სისწრაფე, მაქსიმალურად შეიძლება იყოს გამოყენებული...
- აბსოლუტურად გეთანხმებით, ვერაფერს დავამატებ.

- როგორც შევიტყვეთ, შესაძლოა, გორის "დილაში" გააგრძელოთ კარიერა...
- კი, არის ასეთი შემოთავაზება და მეც დიდი იმედით ვუყურებ ამ ახალ გამოწვევას. ვივარჯიშებ გუნდთან ერთად, ოპტიმალურ ფორმას დავიბრუნებ და მერე თამაშიც მომიწევს.

- "დილას" ისევ მივუბრუნდებით. მანამდე, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე უნდა გკითხოთ. თქვენ 2006 წელს წახვედით საქართველოდან. მას შემდეგ საით წავიდა ჩვენი პირველობა?
- უკან. ამას, ალბათ, ყველა იტყვის... ის ფეხბურთელებიც დამეთანხმებიან, მაშინაც და ახლაც რომ თამაშობენ. ისინიც, ვინც აღარ თამაშობს და ისინიც, აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ სამწვრთნელო საქმეს რომ მოჰკიდეს ხელი.

- ოთარ, არაერთ კვალიფიციურ მწვრთნელთან გიმუშავიათ. განსაკუთრებული კვალი რომელმა მათგანმა დატოვა თქვენს კარიერაში?
- ასე ვერ გამოვყოფ... თითოეული მათგანისგან რაღაცას ვსწავლობდი. მათ შორის იმათგანაც, ვისთანაც მერე და მერე გამიფუჭდა ურთიერთობა.

- შემთხვევით, მწვრთნელობისთვის ხომ არ ემზადებით?
- არა, ნამდვილად არა.

- ფაქტია, 30 წლის ფეხბურთელი ევროპაში ვეტერანად არ ითვლება. საპირისპირო სიტუაციაა საქართველოში. ჩვენთან ძალიან ხშირად იყურებიან ფეხბურთელის პასპორტში. თქვენს ასაკში, ალბათ, შემოგრჩათ მოტივაცია...
- ორი პასპორტი მაქვს, ერთში ახალგაზრდა ვარ (იცინის)... კი, შემომრჩა და მერე როგორი! ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და მიმაჩნია, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.

- უნდა გთხოვოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო ორი მატჩის შეფასება...
- მალტასთან მატჩი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური კუთხით იყო მნიშვნელოვანი. მოვიგეთ და ეს სასიკეთოდ წაადგება საქართველოს ნაკრებს. გერმანია კი... გერმანიაა... მე ერთის მჯერა: კახა ცხადაძეს სჭირდება დრო და ის აუცილებლად დაატყობს ხელს საქართველოს ნაკრებს.

- რას იტყვით ნაკრების ახალ მწვრთნელზე?
- მასთან არ მიმუშავია, მაგრამ ვიცი, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტია. თუნდაც, ბაქოს "ინტერი" ავიღოთ. ძალიან რთულია, აზერბაიჯანში ამდენ ხანს შეინარჩუნო ასეთი სტაბილურობა.

- დავუბრუნდეთ გორის "დილას", რომელიც უმაღლეს ლიგას ლიდერობს და ჩემპიონობის რეალური შანსი აქვს...
- ბოლო დრომდე არ მქონდა ნანახი "დილას" თამაში. ვნახე და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ გუნდი შემტევ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს.

- ამანაც იქონია გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე?
- რა თქმა უნდა?!

- უჩა სოსიაშვილის თაობაზე რა შეგიძლია თქვათ?
- მასში დიდ პოტენციალს ვხედავ. ვუსურვებ უჩას, გახდეს ისეთი მწვრთნელი, რომელიც ქართულ ფეხბურთს გამოადგება. ახალგაზრდა სპეციალისტის გუნდი საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის და ეს უკვე დიდი მიღწევაა.

- თქვენნაირი გამოცდილი ფეხბურთელის დაბრუნება მთლიანად ჩემპიონატს, ახალგაზრდა თაობის სწორად აღზრდის საქმესაც წაადგება...
- მადლობა შეფასებისთვის! ყველანი ვიღაცის მაგალითზე, ვიღაცის რჩევებით გავიზარდეთ... ძალიან მიხარია, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი რომ დაბრუნდა საქართველოს ჩემპიონატში, თუნდაც - ალექსანდრე იაშვილი...

- ახალი ევროსეზონიც აღარ არის შორს. ყოველ წელს ეს ჩვენთვის განსაკუთრებული განცდა, დიდი იმედია. თქვენი პოტენციური კლუბი, "დილა", აუცილებლად ითამაშებს ერთ-ერთ საკლუბო ტურნირში. როგორც ერთ რიგით ქართველს, როგორი განწყობა გაქვთ ევროსეზონის წინ?
- ყოველ წელს ვოცნებობთ, რომ რომელიმე ჩვენმა კლუბმა ევროპის რომელიმე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს. გამოგიტყდებით, ეს ჩემი დიდი ოცნებაა. აქამდე ქართველებს ერთხელ აგვიხდა ეს ოცნება. დღეს ჩვენს ფეხბურთში უამრავი პრობლემაა, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ შეგვიძლია წარმატებული თამაში. მინდა, ყველა ქართულ გუნდს, "დილა" იქნება თუ სხვა, წარმატება ვუსურვო ევროასპარეზზე.

- ...და რა არის ამ წარმატებისთვის აუცილებელი?
- რამდენიმე ფაქტორი, მაგრამ მთავარს გამოვყოფ - გუნდში, ჩემი აზრით, უნდა იყოს გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი. გამოცდილება აუცილებელია. გამოცდილმა ფეხბურთელმა ზუსტად იცის, მნიშვნელოვან თამაშებში როდის უნდა აიღოს საკუთარ თავზე ლიდერის ტვირთი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული