უმაღლესი ლიგის XXVII ტურის წინათქმის ნაცვლად: როდის ამოვალთ სიბინძურიდან?

AutoSharing Option
სეზონი დაიწყო თუ არა, ფაქტობრივად, იქიდან მოყოლებული, ყველა იმას "შეჰხარის", თუ როგორი დაძაბული და დამაინტრიგებელი სიტუაციაა უმაღლეს ლიგაში.

თანაც, შეხედავს კაცი სატურნირო ცხრილს და მართლაც "გულს მოეფინება" ერთდროულად რამდენიმე "საინტრიგო ზონა": ჩემპიონობაზე ხომ სამი გუნდი აცხადებს პრეტენზიას, ევროტურნირების კიდევ ერთი საგზურის შესაძლო მომტანი IV ადგილიც ხომ ჯერჯერობით ვაკანტურია, პირველ ლიგაში დაქვეითების საფრთხეც ხომ სამ გუნდს ემუქრება და ასე შემდეგ; არადა, ყოველივე ზემოთქმული... მოჩვენებით ინტრიგას უფრო წააგავს, ანუ, თან რომ არის და თან კიდევ - არ არის!

ახლაც, ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი
ტურით ადრე, იმ "საინტრიგო ზონებში" მყოფი გუნდების შანსებზე უნდა იყოს მსჯელობა-ვარაუდები და, ამ დროს კი, არავინ ვიცით, ხვალ, ზეგ თუ მაზეგ ქართული ფეხბურთის კიდევ რა სიბინძურე უნდა გამომზეურდეს სააშკარაოზე.

ჰო, ეს უკვე მართლაც მეტისმეტია - ამ ბოლო წლებში, სეზონის გახსენება გაგვიჭირდება, ქართულ საკლუბო ფეხბურთში ხმაურიანზე-ხმაურიანი სკანდალი რომ არ მომხდარიყო!

თუმცა, მიმდინარე სეზონი მაინც ნამეტნავია: შარშან შემოდგომაზე მსაჯებთან დაკავშირებული სკანდალი, ერთდროულად რამდენიმე უფულო და უყველაფრო გუნდი, "ზესტაფონის" გამოთიშვა ჩემპიონატიდან, დაბოლოს, პირველ ლიგაში მომხდარი სიბინძურეები, ქართულ ფეხბურთში "მოტრიალე" რამდენიმე პირის (ერთი კლუბის პრეზიდენტი, მეორე კლუბის "სელექციონერი", მესამე კლუბის 2 ფეხბურთელი და კიდევ სხვები) დაკავებით რომ დასრულდა.

ისე, "ლელო" არაერთხელ ამახვილებდა ყურადღებას იმის თაობაზე, რომ ბოლო წლებში, პირველ ლიგაში, მეტად "უცნაური" შედეგები ფიქსირდებოდა; ეგ კი არა, თითქმის ყოველ მეორე ტურში უნდა "შეგვხვედროდა" ისეთი მატჩები, სადაც 6, 7, 8 ან... უფრო მეტი გოლი გადიოდა; ისიც "ჩვეულებრივ ამბად" უნდა მიეღო ყველას, რომ 2:2-ზე დამთავრებულ მატჩში ახალგაზრდა არბიტრი... ოთხ პენალტს დანიშნავდა, თანაც, გულს "არავის" დასწყვეტდა და ორ პენალტს მასპინძლების სასარგებლოდ დანიშნავდა, ორს კი - სტუმრების...

...არც ის უნდა გაკვირვებოდა ვინმეს, იმავე პირველი ლიგის რამდენიმე გუნდი "ზედმეტად ხშირად" რომ "შემოატრიალებდა" ხოლმე ამა თუ იმ მატჩ(ებ)ს, აღარაფერს ვამბობთ მართლაც სარეკორდო რაოდენობის წითელ-ყვითელ ბარათებზე, ასევე სარეკორდო რაოდენობის პენალტებსა თუ აშკარად "ნორმაზე მეტ"... "ავტოგოლებზე"!

აბა, "ნორმაზე მეტი" არ ჰქვია იმ ფაქტს, როცა ერთ კონკრეტულ მატჩში ერთდროულად... 3 (სამი!) "ავტოგოლი" გადის?

თანაც, როგორ გგონიათ, ასეთი "უცნაურობები" მხოლოდ პირველი ლიგის მატჩებში ხდებოდა? აი, მეორე ლიგაც ხომ გვაქვს (სამი ზონაა), ჰოდა, იქ უყვართ თუ უყვართ... უხვგოლიანი მატჩები, თანაც, ისეთ შედეგებს წააწყდებით, ვეჭვობთ, ამდენი სადმე რომ იყოს! ოღონდ იმაზეც შევთანხმდეთ, რომ 6:0, 6:1, 7:0, 7:1, 0:6, 1:6, 0:7 თუ 1:7 მართლაც "ჩვეულებრივი ამბებია" და უკვე ჩვენც აღარ გვიკვირს.

სამაგიეროდ, ისევ და ისევ "ნორმაზე მეტი" და მომრავლებულზე-მომრავლებული სხვა ანგარიშები ბადებდა და ახლაც ბადებს ეჭვს და აი, შეგიძლიათ "დატკბეთ" კიდეც ქართული საკლუბო ფეხბურთის სუპერშედეგიანი, გაუგონარი თუ ჯერარნახული "მშვენებებით": 7:4, 4:7, 7:5, 8:0, 9:0, 9:3, 1:9, 2:9, 10:1, 10:3, 11:0, 11:2, 12:1 და ასე შემდეგ.

ამ შემთხვევაში კი, ჩვენ გარდა, ალბათ, სხვასაც ბევრს დაებადებოდა ბუნებრივი კითხვა - ნუთუ ჩვენს ქვედა ლიგებში თითქმის ყოველ მეორე ტურში მომხდარი ასეთი და ამდენი "გოლთაცვენით" არავინ უნდა დაინტერესებულიყო? ისე, როგორც პირველი ლიგის მატჩებში ზემოთ ნახსენები მოჭარბებული წითელ-ყვითელი ბარათებითა და ასევე მოჭარბებული პენალტებითა თუ საკუთარ კარში გატანილი გოლებით...

...ხანდახან კი არა, ძალიან ხშირად გამოვთქვამთ სინანულს იმის გამო, რომ ჩვენს სტადიონებზე წლიდან-წლამდე კლებულობს გულშემატკივართა რიცხვი; ისე, როგორც იმაზე, რომ ასევე წლიდან-წლამდე უკან და უკან მიდის ჩვენი საკლუბო ფეხბურთის დონე.

სამაგიეროდ, სატურნირო ინტრიგას "შევხარით" და გვინდა თუ არა, ის "ქართული საფეხბურთო ჭეშმარიტებაც" უნდა ვაღიაროთ, რომლის მიხედვითაც, სპორტის ამ სახეობაში თუკი რამე გვიშველის, მხოლოდ და მხოლოდ... მასობრიობაა! ანუ ყველა ლიგაში (უმაღლესში, პირველში, მეორეში) მთავარია, გუნდების რაოდენობა გაიზარდოს (მნიშვნელობა არა აქვს, სპორტული პრინციპები დაცული იქნება თუ არა) და მერე ხომ ქართული საკლუბო ფეხბურთის აღორძინებასაც წინ რაღა უნდა დაუდგეს?!.

საბედნიეროდ, უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშება ჯერჯერობით "უხმაუროდ" მიმდინარეობს (შარშან, შემოდგომაზე მომხდარ სამსაჯო სკანდალს თუ არ ჩავთვლით); იმედი დავიტოვოთ, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენილი ოთხი ტურის მატჩები სპორტული პრინციპების სრული დაცვით ჩაივლის და ცხრილის ზედა თუ ქვედა ნაწილში მყოფი გუნდებიც თავისთვის უმნიშვნელოვანეს ქულებს ნაღდი თამაშით მოიპოვებენ.

არადა, მეორე მხრივ, როგორ გინდა, ყოვლად უმოტივაციო გუნდ(ებ)ს მაქსიმალური მობილიზაციით თამაში მოსთხოვო ისეთ მეტოქეებთან მატჩებში, რომლებისთვისაც თითოეულ ქულას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს? მით უფრო, რომ ამის "ნიშნები" (მცირე ზომით, მაგრამ მაინც...) წინა ტურის ერთი-ორ შეხვედრაში შეინიშნებოდა და, რაც ყველაზე დასაეჭვებელი და დამაფიქრებელია, უმაღლეს ლიგაში შემორჩენილი 15 გუნდიდან ნახევარზე მეტს ამ დარჩენილ ოთხ ტურში აღარანაირი მოტივაცია აღარ შემორჩა.

თუმცა, ხომ შეიძლება ჩვენც ვცდებოდეთ და სეზონის დარჩენილმა მატჩებმაც იქნებ სალაპარაკოც არავის მისცეს და ეჭვის საბაბიც ასევე არავის გაუჩინოს? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამ სიბინძურეში, საბედნიეროდ, ყველა მართლაც არ არის გასვრილი და ამის დასტურად, ორი კონკრეტული ფაქტიც გვინდა მოვიყვანოთ, ბოლო ტურში რომ მოხდა ასე სახელგატეხილი ჩვენი პირველი ლიგის გათამაშებაში.

მოგეხსენებათ, რომ ორივე ზონაში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა, თუმცა უმაღლეს ლიგაში უკვე აღზევებულმა "საბურთალომაც" და "საპოვნელამაც" სამართლიანი თამაშის პრინციპებს არ უღალატეს და თავიანთვის ყოვლად უმოტივაციო მატჩებში ისეთი მეტოქეები დაამარცხეს, რომლებთაც ქულები ძალიან სჭირდებოდათ.

P.S. შარშან, შარშანწინ და იმის წინაც, რამდენჯერმე ისე მოხდა, რომ სეზონის ბოლოსკენ შეგნებულად ვთქვით უარი "ტურის სიმბოლურ ნაკრებზე"; თუ რა იყო ამის მიზეზი, ვფიქრობთ, აღარც ღირს დასაკონკრეტებლად და ახლა, მხოლოდ და მხოლოდ, ის ვისურვოთ, რომ უმაღლესი ლიგის დარჩენილი 4 ტურის მატჩებში ჯერ კიდევ შემორჩენილმა ქართველმა გულშემატკივარმა ფეხბურთი იხილოს და არა - მასხარაობა...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
08.05. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 17:00
ვიტ ჯორჯია-შუქურა
პირველი წრე 0:2
ურთიერთშეხვედრები
1: 0 =0 -1, 0:2
დისკვალიფიკაცია: გიორგი ჩელებაძე (შუქურა)

08.05. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა". 17:00
მერანი-მეტალურგი
პირველი წრე 2:1
ურთიერთშეხვედრები
11: +2 =3 -6, 9:18

09.05. ზუგდიდი. "ბაიას საწვრთნელი ბაზა". 17:00
ზუგდიდი-ჩიხურა
პირველი წრე 0:1
ურთიერთშეხვედრები
7: +1 =0 -6, 7:14
დისკვალიფიკაცია: ლაშა ღონღაძე, გოდერძი მაჩაიძე (ორივე - ზუგდიდი)

09.05. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 17:00
ტორპედო-სიონი
პირველი წრე 0:1
ურთიერთშეხვედრები
39: +25 =6 -8, 80:36

09.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 17:00
დილა-კოლხეთი
პირველი წრე 1:0
ურთიერთშეხვედრები
42: +17 =6 -19, 43-54

09.05. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 17:00
გურია-სამტრედია
პირველი წრე 1:3
ურთიერთშეხვედრები
20: +6 =2 -12, 32:50
დისკვალიფიკაცია: ერეკლე კილაძე, კობა შალამბერიძე (ორივე - გურია) - ზურაბ ხიზანიშვილი (სამტრედია)

09.05. ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00, LIVE I არხზე
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
პირველი წრე 1:0
ურთიერთშეხვედრები
46: +6 =7 -33, 42:101

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მაინტერესე ბს ზესტაფონს თუ ვერ დაეწევა სიინი და ვიტ ჯორჯია მაგ შემთხვევაში რა ხდება? მაინც გავარდება??
batumski
20:35 08-05-2015
0
წავა ეხლა ჩალიჩი ქულებზე, მსაჯებზე, შემირცხვენია თქვენი ჩემპიონატი, გააბანზეთ ყველაფერი
alan
17:28 08-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული