ვიტ ჯორჯია-შუქურა 0:1 - "ვიტ ჯორჯია" პირველ ლიგას მიუახლოვდა

AutoSharing Option
მცხეთაში გამართულ ამ შეხვედრას ბოლო ადგილზე მყოფი "ვიტ ჯორჯიისთვის" უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ქობულეთის "შუქურასთან" მოგების შემთხვევაში, "ვეტერინარები" რუსთავის "მეტალურგს" გადაასწრებდნენ და პლეი ოფში თამაშის იმედს მაინც შეინარჩუნებდნენ.

"შუქურას" კი თავი ქუდში აქვს. ამ გუნდს გავარდნის საფრთხე, ფაქტობრივად, აღარ ემუქრება და, ეტყობა, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ სტუმრები შედარებით მოშვებულები ჩანდნენ. მეორეცაა - ქობულეთელებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც აკლდათ - თორნიკე თუხარელი, ცოტნე მესხი, ლაშა კალანდაძე და ირაკლი კომახიძე მკურნალობენ, გიორგი ჩელებაძე კი დისკვალიფიცირებულია...

თენგიზ კობიაშვილის გუნდმა შეხვედრა მონდომებით, მეტოქის დაცვაში სუსტი
რგოლის ძიებით დაიწყო, მაგრამ ქობულეთელთა უკანა ხაზის შესავიწროებლად ვიტელებს სისწრაფე და ფანტაზია არ ჰყოფნიდათ.

პირველი ტაიმი მეტოქეებმა წვალებასა და ბრძოლაში გაატარეს და მეტისმეტად უფერულადაც გამოიყურებოდნენ. რეალური საგოლე მომენტიც, ფაქტობრივად, არ შექმნილა. დასამახსოვრებელი იყო მხოლოდ ვიტჯორჯიელთა კაპიტან გიორგი გეთიაშვილის დარტყმა, რომელიც მეკარე თემურ კაკალაძემ იოლად აიღო.

მეორე მომენტი კი ნიკა მაისურაძის მიერ შესრულებულ ჯარიმას მოჰყვა, როცა კახა კახაბრიშვილმა ბურთს თავი დაუხვედრა, მაგრამ... კაკალაძემ კარის ხაზიდან გამოიტანა.

მეორე ტაიმიც ასევე დაიწყო. 53-ე წუთამდე ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი ქობულეთელი დავით ხოჭოლავასა და გეთიაშვილის შეტაკება იყო, რომლის შედეგადაც ორივე ფეხბურთელმა თავი გაიტეხა...

მაგრამ მალე თამაში გაცილებით საინტერესო გახდა. "ვიტ ჯორჯიამ" უფრო მეტი აგრესიით შეუტია და მომენტებიც მრავლად შექმნა. მაგალითად, კახაბრიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ გუჯა ლობჯანიძე კარის წინ კარგად გაიხსნა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა და ანგარიშის გახსნის შესანიშნავი მომენტი ხელიდან გაუშვა.

მერე მაისურაძემ კუთხურიდან კარში ჩაახვია ბურთი და კაკალაძემ ამ ეპიზოდშიც დამაჯერებლად იმოქმედა. შორიდან სცადა კარის აღება ვალიკო გახარიამ, მაგრამ ბურთი სანტიმეტრებში ასცდა მიზანს...

მოკლედ, თამაში ისე მიმდინარეობდა, "ვიტ ჯორჯიას" ქულა მაინც უნდა მოეპოვებინა, მაგრამ 70-ე წუთზე ქობულეთელთა მარჯვენა მცველმა არჩილ ტვილდიანმა პატარა შედევრი შექმნა და სტუმართა დაწინაურებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

21 წლის მცველი შეტევაში მარჯვენა ფლანგიდან ჩაერთო, ფეხებზე "მიმჯდარ" ორ მცველს ეფექტურად გასცდა (ერთს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა) და საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ზვიად მეტრეველი მოძებნა. ამანაც ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 0:1.

მასპინძლებს დასაკარგავი აღარაფერი ჰქონდათ და მთელი ძალებით შეუტიეს, ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდნენ და თავს არ ზოგავდნენ.

81-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა შოთა დავლაშელიძეს შეეძლო, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ბურთი კარში ეფექტურად, დაუხანებლად და ძლიერად გაგზავნა. წესით, "შუქურას" კარის "ცხრიანი" უნდა შერხეულიყო, მაგრამ კაკალაძემ წარმოუდგენელ ნახტომში სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა. საერთოდაც, აღსანიშნავია, რომ ქობულეთელთა კარის დარაჯმა ეს თამაში ძალიან კარგად ჩაატარა.

"ვეტერინარები" უკანმოუხედავად უტევდნენ და ამით სტუმრებს სარგებლობა შეეძლოთ: ირაკლი ტაკიძემ ჩინებული გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა ადრიან პუკანიჩი, მაგრამ უკრაინელმა მიზანს ააცილა.

ქულის გადარჩენის ბოლო მცდელობა ვიტელ ვანო კურდღელაშვილს ჰქონდა, მაგრამ მასპინძლებისთვის შედეგი მის მიერ ვარდნაში დარტყმულსაც არ მოუტანია.

საბოლოოდ, "შუქურამ" 3 ქულა მოიპოვა, "ვიტ ჯორჯია" კი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა - თუ შემდეგ ტურში უშუალო კონკურენტ "მეტალურგსაც" ვერ მოუგებს გასვლაზე, არსებობის ისტორიაში პირველად, ქვედა ლიგაში გავარდება.

დასანანია, ოდესღაც ამბიციური გუნდი ახლა ასეთ დღეში რომაა, თუმცა ამ შეხვედრაში წაგებას "ვიტ ჯორჯია" მხოლოდ საკუთარ თავს თუ დააბრალებს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
08.05. მცხეთა. "მცხეთა პარკი"
ვიტ ჯორჯია-შუქურა 0:1
გოლები: 0:1 მეტრეველი (70. ტვილდიანის პასით)
ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): შეროზია - საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, დანელია (78. ხვისტანი) - დავლაშელიძე, გახარია - დემეტრაშვილი (60. კურდღელაშვილი), მაისურაძე, კახაბრიშვილი - ლობჯანიძე.
სათადარიგოები: ლებანიძე, ისერგიშვილი, ბუნტური, დადიანი, მერაბიშვილი
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
შუქურა (4-4-2): კაკალაძე - ტვილდიანი, გურული, ხოჭოლავა, ჩალაძე - ტუღუში (64. ჩაფიძე), კუხიანიძე, პუკანიჩი, ხუჭუა (85. ტაკიძე) - მეტრეველი, კოპალიანი (46. ვიქტორ ნუნიესი).
სათადარიგოები: სტურუა, მჟავანაძე, მალანია.
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: ხუჭუა (85), ვიქტორ ნუნიესი (90), კაკალაძე (90)
არბიტრი: ლაშა სილაგავა.

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო (XXVIII) ტური
13 მაისი, ოთხშაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-გურია
დინამო (თბ)-ზუგდიდი
კოლხეთი-მერანი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
სამტრედია-დილა
შუქურა-ცხინვალი
ზესტაფონი-ტორპედო 0:3 (ტექ.).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული