უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის წინ: ახალი ჩემპიონის მოლოდინი

AutoSharing Option
ათი დღეც და საქართველოს XXVI ჩემპიონატი დასრულდება; თუმცა, ნუ გამოვრიცხავთ მოვლენების ისეთ განვითარებას, რომ ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა დღესვე მორჩეს და 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვეს.

რაც შეეხება დანარჩენ ერთ "საინტრიგო ზონას", აი, აქ კი ყველა ვარიანტში, სულ მცირე, კიდევ ერთი ტურით მოცდა მოგვიწევს; ანუ, როგორც უნდა დამთავრდეს დღევანდელი მატჩები, უმაღლესი ლიგიდან კიდევ ერთი გავარდნილი გუნდის ვინაობა გასარკვევი იქნება.

რაღა რჩება? მხოლოდ ის, თუ რომელი გუნდები დაიკავებენ მეორე-მესამე ადგილებს და თეორიულად იმის შანსიც არის, რომ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი დღესვე გაირკვეს.
მოკლედ, დღეს ბევრი რამ უნდა გადაწყდეს, თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ შესაძლოა, ინტრიგამ და დაძაბულობამ კიდევ ოთხი დღით ან ერთი კვირით გადაიწიოს.

აი, ეს ვარიანტი კი, ალბათ, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელთა იმ კატეგორიას გაახარებს, რომელთა აზრითაც, 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა დაძაბულობის თვალსაზრისით გაამართლა და თანაც, ძალიან გაამართლა.

ჰოდა, ნურც ის გაგვიკვირდება ვინმეს, მომავალი სეზონისათვის უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა კიდევ რომ გაიზარდოს: რაც მეტი გუნდი იქნება, თურმე, ინტრიგაც მოიმატებს და დაძაბულობაც; ოღონდ ამ შემთხვევაში ხარისხსა და საერთო დონის ამაღლებაზე ფიქრი ხომ უკვე აქტუალური აღარ იქნება.

მხოლოდ დროის ამბავი
დღეს 13 მაისია, ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვების თარიღი, თუმცა, 1981 წლის იმ მართლაც დიდი ტრიუმფის შემოქმედ გუნდს ამჟამად ნამდვილად არა აქვს სადღესასწაულო განწყობა - ანუ, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ თბილისის "დინამო" მოქმედი ჩემპიონის რანგს ექსჩემპიონობაზე "გაცვლის", უბრალოდ, მხოლოდ ის არის გასარკვევი, თუ როდის დაემშვიდობება თავის ტიტულს "დინამო": დღეს, მომდევნო ტურში თუ ბოლო ტურში.

და რა უნდა მოხდეს, "დინამომ" ზედიზედ მესამედ რომ იჩემპიონოს? ამისათვის საჭიროა, რომ თბილისელებმა დარჩენილი სამივე მატჩი მოიგონ, ხოლო "დილამ" ამ სამ შეხვედრაში ორ ქულაზე მეტი ვერ მოაგროვოს!

ვეჭვობთ, რომ მოვლენების მსგავსი განვითარება ვინმეს რეალურად მიაჩნდეს; თანაც, ბათუმის "დინამოც" ხომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც, ფაქტობრივად, 4 ქულით (მომდევნო ტურში "ზესტაფონთან" გარანტირებული და უბრძოლველი 3 ქულის გათვალისწინებით) უსწრებს ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონს.

რა თქმა უნდა, ჯერ სეზონი არ დასრულებულა და, აქედან გამომდინარე, ნაადრევადაც მიგვაჩნია იმაზე მსჯელობა, თუ რა იყო ამ სეზონში თბილისის "დინამოს" წარუმატებლობის მთავარი მიზეზი; თუმცა, ერთ-ერთის თქმა ახლავე შეიძლება: რბილად რომ ვთქვათ, უცნაურმა სელექციამ გარკვეულწილად განაპირობა კიდეც "დინამოს" ასეთი შედეგიც.

ეგ კი არა, კახა გოგიჩაიშვილს (რომელსაც სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა) და მის შეგირდებს ჯერჯერობით არც ევროტურნირების საგზური გაუნაღდებიათ: ჩემპიონატში მესამე ადგილზე მყოფ "დინამოს" კვალში "ცხინვალი" უდგას, 26 მაისს კი თასის ფინალია...

როცა ყველა მატჩი ფინალია
ამა წლის 3 აპრილი იყო, მეორე წრისა და საერთოდ, XXVI ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი რომ გაიმართა "დინამო არენაზე".

აი, სწორედ იმ შეხვედრის (თბილისის "დინამო"-"დილა") მერე გამოვთქვით ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ის შედეგი (2:2) გორელთა გუნდისათვის მისაღები უნდა ყოფილიყო და, კონკურენტებთან შედარებით ხელსაყრელი კალენდრის გათვალისწინებით, "დილას" ჩემპიონობის მშვენიერი შანსიც ეძლეოდა.

ასეც მოხდა: 25 წლის დებიუტანტი სპეციალისტის, უჩა სოსიაშვილის დამოძღვრილი "დილა" ძალიან ახლოსაა, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვოს!

სხვა ბევრი და ობიექტური ("ცოტაც" - სუბიექტურის) ფაქტორების გარდა, "დილას" მოახლოებულ ტრიუმფს გუნდის სტატისტიკური მაჩვენებლებიც "ამყარებს": ჩემპიონატში ყველაზე მეტი მოგება, ყველაზე ნაკლები წაგება, ყველაზე მეტი გატანილი გოლი და ყველაზე ნაკლები გაშვებული...

დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ "დილას" ორი კონკურენტიღა შემორჩა; თბილისის "დინამოზე" უკვე ვისაუბრეთ და უმრავლესობის მსგავსად, ჩვენც ნაკლებად გვჯერა, რომ გორელებმა ამჟამინდელი ექვსქულიანი უპირატესობა გაფლანგონ ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონთან;

რჩება ბათუმის "დინამო", რომელსაც უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის მებრძოლ "სიონთან" დღეს ურთულესი მატჩი აქვს... გორში!

რა თქმა უნდა, "დილასაც" ასევე არანაკლებ რთული შეხვედრა ელოდება (ასევე გასვლაზე) ამბიციურ "სამტრედიასთან" და ერთგული ქომაგები გორიდანაც ეყოლება, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა "გარემო" იქნება დღეს გორის სტადიონზე, სადაც სატურნირო სიტუაციიდან ისედაც მოტივირებულ "სიონს" მხურვალე და აქტიური ქომაგობა გარანტირებული აქვს!

მოკლედ, ასეთი სიტუაციაა: იმისათვის, რომ 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული დღესვე გამოვლინდეს, ამისათვის "დილამ" უნდა მოიგოს, ბათუმის "დინამომ" კი ქულები დაკარგოს; ანუ ბათუმელთა ფრისა თუ წაგების შემთხვევაში "დილამ", შესაძლოა, სამტრედიაში მოაწყოს საჩემპიონო ზეიმი, მაგრამ ახლა მასპინძლების ამბავიც ვიკითხოთ, მით უფრო, რომ ამბიციურ "სამტრედიას" საკუთარი ქომაგების წინაშე რეაბილიტაციაც ენდომება ზედიზედ სამი მოუგებელი მატჩის გამო.

თანაც, ძალიან შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ზაზა ზამთარაძის დამოძღვრილმა გუნდმა ჩემპიონატი უკვე "მეორეხარისხოვნად" მიიჩნია და მხოლოდ და მხოლოდ თასის ფინალზე ფიქრობს.

ბრძოლა გადარჩენისთვის
ისედაც გადაწყვეტილი იყო, ოღონდ ოფიციალურად წინა ტურში გაირკვა, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად სამი გუნდი იბრძოლებდა: "მეტალურგი", "სიონი" და "ვიტ ჯორჯია". სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონებს მართლაც წარუმატებელი სეზონი აქვთ: უმაღლეს ლიგაში გამოჩენის დღიდან ხომ არასდროს დაქვეითებულან...

დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ ეს ტური ვერაფერს გადაწყვეტს, ანუ სამივე გუნდი მეტ-ნაკლებ შანსებს შეინარჩუნებს და ერთადერთი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ "სამტრედია"-"დილას" მატჩზე არანაკლებ პრინციპული და საინტერესო დაპირისპირება უნდა შედგეს რუსთავშიც, სადაც ქრონიკულპრობლემებიანმა და ყველასგან მიტოვებულმა "მეტალურგმა" "ვიტ ჯორჯიას" უნდა უმასპინძლოს.

კიდევ ვიმეორებთ, რომ ცხრილის ქვედა ნაწილში ინტრიგა შესაძლოა ბოლო ტურამდე გაგრძელდეს და არც ის არის გამორიცხული, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენისა თუ გადათამაშებაში მონაწილეობის საკითხი ურთიერთშეხვედრებმაც გადაწყვიტოს.

ოღონდ ამ თემაზე საუბარი, ალბათ, დღევანდელი ტურის მერე უფრო იქნება აქტუალური...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
13.05. სამტრედია. "ე. მანჯგალაძე". 17:00
სამტრედია-დილა
პირველი წრე 0:1
ურთიერთშეხვედრები
26: +11 =2 -13, 31:38

13.05. რუსთავი. "ფოლადი". 17:00
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
პირველი წრე 2:0
ურთიერთშეხვედრები
24: +12 =5 -7, 31:23

13.05. ივანწმინდა. 17:00
ჩიხურა-გურია
პირველი წრე 2:2
ურთიერთშეხვედრები
5: +2 =1 -2, 12:8
დისკვალ: გიორგი მჭედლიშვილი (გურია)

13.05. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 17:00
სიონი-დინამო (ბთ)
პირველი წრე 1:2
ურთიერთშეხვედრები
37: +11 =10 -16 31:44
დისკვალიფიკაცია: ჯაბა უგულავა, დავით საჯაია (ორივე – სიონი)

13.05. თბილისი. "დინამო არენა". 17:00
დინამო (თბ)-ზუგდიდი
პირველი წრე 2:1
ურთიერთშეხვედრები
25: +17 =6 -2, 51:14
დისკვალიფიკაცია: ლაშა თოთაძე (დინამო), ლევან წურწუმია (ზუგდიდი)

13.05. ქობულეთი. "ჩელე არენა". 17:00
შუქურა-ცხინვალი
პირველი წრე 0:1
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -0, 0:1
დისკვალიფიკაცია: დავით მაისაშვილი, ბაქარ ქარდავა (ორივე ცხინვალი)

13.05. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 17:00
კოლხეთი-მერანი
პირველი წრე 0:0
ურთიერთშეხვედრები
9: +4 =1 -4, 10:10
დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია, ზურაბ თევზაძე (ორივე – კოლხეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფულს შოულობენ საბიუჯეტო კლუბები და ფეხბურთი მაგრა კიდიათ/
dudu
11:26 15-05-2015
0
დგეს ტუ სამტრედიამ ვერ მოუგო გორს ესეიგი მიცა ტამასჰი მეტოქეს....ეს კი იმას ნისჰნავს რომ ზამტარადზე და მუჯირი დაიმარხება ეროსი მანჯგალაზეზე და მიყვებიან ზოგზოგიერტები.....
alex
15:42 13-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული