უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ამ ტურის წინათქმაშიც ვთქვით, რომ სატურნირო ცხრილში ერთდროულად რამდენიმე "საინტრიგო ზონა" გველოდა; თუმცა, XXVIII ტურმა თითქმის ყველა ინტრიგა "მოსპო" და ერთადერთი ისღაა გასარკვევი, "ზესტაფონთან" ერთად უმაღლეს ლიგას რომელი გუნდი დატოვებს.

აი, რაც შეეხება მეორე-მესამე ადგილებს, ამ შემთხვევაშიც მართლაც სასწაული უნდა მოხდეს, თბილისის "დინამომ" და ბათუმის "დინამომ" დარჩენილ ორ ტურში თავიანთი პოზიციები რომ დათმონ.

მოკლედ, ისეთი ტური გამოდგა, ძალიან ბევრი რამ რომ გაირკვა და, რაც მთავარია, 2014/15 წლების საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულიც "ვადაზე" ადრე გამოვლინდა!

ჰოდა, XXVIII ტურის მიმოხილვასაც, რაღა თქმა უნდა,
გორის "დილას" ისტორიული მიღწევით დავიწყებთ.

აქამდე არასოდეს ყოფილა
ადრეც არაერთხელ ვივარაუდეთ, რომ მოვლენათა განვითარების შემთხვევაში შესაძლებელი იყო, საქართველოს ჩემპიონის ვინაობა სეზონის ფინიშამდე რამდენიმე ტურით ადრე გარკვეულიყო; და ასეც მოხდა: პირველად კლუბის ისტორიაში, საქართველოს ჩემპიონი "დილა" გახდა და დარჩენილ ორ ტურში "საჩემპიონო ინტრიგაც", რაღა თქმა უნდა, აღარ იარსებებს.

კიდევ ერთხელ გვინდა მივულოცოთ ეს წარმატება გორელთა გუნდის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა თუ ერთგულ ქომაგებს და ისიც გვინდა ვისურვოთ, რომ ეს წარმატება შემდეგ უკვე საერთაშორისო სარბიელზეც გაგრძელებულიყოს.

შემთხვევით, შესაძლოა, წაუგებლად რამდენიმე მატჩი ჩაატარო; შემთხვევით, შესაძლოა, ჩემპიონატის გარკვეულ ეტაპზე წარმატებულად იასპარეზო, მაგრამ, როცა გუნდი სეზონის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდებს პირველობას, ასეთ სიტუაციაში შემთხვევითობაზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, უხერხულიცაა.

ანუ "დილამ" ეს პირველი საჩემპიონო ტრიუმფი დაიმსახურა და ისტორიაშიც შევიდა: თბილისის "დინამოს" (15 საჩემპიონო ტიტული), ქუთაისის "ტორპედოს" (3), "ზესტაფონის" (2), რუსთავის "ოლიმპის" (2), "ვიტ ჯორჯიასა" (2) და ბოლნისის "სიონის" (1) შემდეგ საქართველოს ჩემპიონთა სიას გორელთა გუნდიც მიემატა.

ასევე შევიდა ისტორიაში ამ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი, "დილას" მთავარი მწვრთნელი, 25 წლის უჩა სოსიაშვილი, რომელმაც უმაღლეს ლიგაში თავისთვის სადებიუტო სეზონში გუნდს ჩემპიონობა მოაპოვებინა!

ასეთ ადრეულ ასაკში აქამდე არც ერთ მწვრთნელს არ მოუგია საქართველოს ჩემპიონატი (ამ სეზონამდე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი-ჩემპიონები 32 წლის გიორგი ჭიაბრიშვილი და 36 წლის კახა ცხადაძე იყვნენ); ამას გარდა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სოსიაშვილი პირველი ქართველი სპეციალისტია, სადებიუტო სეზონში რომ შეძლო ასეთი შედეგის მიღწევა.

ვინმემ, შესაძლოა, ის ფაქტები "შეგვახსენოს", რომ თავის საჩემპიონო სეზონში "დილამ" ვერც ერთი მატჩი ვერ მოუგო უშუალო კონკურენტებს (თბილისის "დინამოსთან" ორივე შეხვედრა ფრედ ითამაშა, ბათუმის "დინამოსთან" კი - ორივე წააგო), მაგრამ სამაგიეროდ, "დაუგეგმავი" ქულებიც არ დაუკარგავს.

იმავე კონკურენტებისგან განსხვავებით, ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთელთა როტაცია უმტკივნეულოდ მიმდინარეობდა, სეზონიც ბევრად უფრო სტაბილურად განვლო და, რაც მთავარია, გორელთა გუნდმა განსაკუთრებით წარმატებულად ითამაშა მეორე წრეში და მოსახდენიც მოხდა: საქართველოს ახალი და დამსახურებული ჩემპიონი ჰყავს!

მოკრძალებული მიზანი
აწ უკვე ექსჩემპიონმა თბილისის "დინამომ" გასულ ტურში სეზონის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა: მიმდინარე ჩემპიონატში 7:0 პირველად დაფიქსირდა, თუმცა "ზუგდიდთან" ასეთი შთამბეჭდავი სხვაობით მოგება მცირე შვება თუ იქნებოდა ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის ერთგული ქომაგებისათვის.

ამ გამარჯვებით თბილისელებმა მეორე ადგილზე კი გადაინაცვლეს, მაგრამ ეს სხვა ქართული გუნდებისათვის არის ვერცხლის მედლების მოპოვება პრესტიჟული (გნებავთ - საამაყო); აი, "დინამოსთვის" კი, ჩემპიონობის გარდა, ყველა სხვა შედეგი წარუმატებლობად აღიქმება ხოლმე და, ამ მხრივ, ალბათ, არც მიმდინარე სეზონი დარჩება გამონაკლისად.

თბილისის "დინამომ" ზედიზედ მესამედ რომ ვერ იჩემპიონა, ამას ბევრი მიზეზი აქვს და ერთ-ერთი, რაღა თქმა უნდა, ცოტა არ იყოს, უცნაური სელექცია (განსაკუთრებით - ზამთრის სატრანსფერო პერიოდში) უნდა მივიჩნიოთ. აი, ახლაც, "ზუგდიდთან" დიდი ანგარიშით მოგებულ მატჩში, ზამთარში დამატებული 4 უცხოელი ფეხბურთელიდან დინამოელთა ძირითადში მხოლოდ რენე ფერეირა ვიხილეთ, აი, დანარჩენი სამი (მანუელი, ჰრდლიჩკა, ბუკორაცი) კი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა.

თანაც, ამ სამეულისგან განსხვავებით, ბრაზილიელი რენე ფერეირა უკვე მეორე სეზონს ატარებს საქართველოში და "მთლად" ლეგიონერადაც ვერ მივიჩნევდით.

მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ უკვე მერამდენედ უკვირს ქართველ გულშემატკივარს ის მართლაც უცნაური ფაქტ(ებ)ი, როცა ჩვენს ჩემპიონატში საასპარეზოდ ჩამოსული უცხოელი ფეხბურთელი აქაურს ვერაფრით რომ ვერ სჯობს და... სათადარიგოთა სკამზეც უწევს ყოფნა.

ევროპული დინამიადა
დარჩენილ ორ მატჩში თბილისის "დინამოს" ქულა სჭირდება და ევროპის ლიგის საგზურს ინაღდებს, რამეთუ ურთიერთშეხვედრებში "ცხინვალთან" უპირატესობა ექნება.

ასევე მშვენიერ შანსს ინარჩუნებს ხანგრძლივი პაუზის მერე ევროტურნირებზე მოსახვედრად ბათუმის "დინამოც" - მომავალ ტურში, "ზესტაფონთან" გარანტირებული 3 ქულა ხომ ელოდება, მერე, ბოლო ტურში "კარის მეზობელ" "შუქურასთან" ასტრონომიული სხვაობით არ უნდა წააგოს!

"ცხინვალს" კი ისღა დარჩენია, რომ IV ადგილის გასანაღდებლად "როგორმე" ერთი ქულა მიამატოს თავის აქტივს და მერე, თასის ფინალში გულმხურვალედ უქომაგოს თბილისის "დინამოს".

იქ, ფსკერზე
უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო "სიონმა" და თითქმის 100 პროცენტით შეგვიძლია იმის თქმა, რომ "ემიგრაციაში" მყოფი ბოლნისელთა გუნდი არც გავარდება და არც გადათამაშებაში მოხვდება!

სამაგიეროდ, ეს საფრთხე საქართველოს სხვა ორ ექსჩემპიონს ემუქრება: "მეტალურგი" და "ვიტ ჯორჯია" სულ რამდენიმე წლის წინათ ერთმანეთს ჩემპიონობას ეცილებოდნენ, ახლა კი ერთ-ერთს, შესაძლოა - ორივესაც, უმაღლესი ლიგის დატოვება მოუწიოს.

არ დავმალავთ: ძალიან გვწყდება გული ამ ორი გუნდის ბოლოდროინდელი სიტუაციის გამო, მაგრამ როგორც "ვიღაც" ხდება ჩემპიონატის გამარჯვებული, ასევე "ვიღაცაც" ხომ უნდა გავარდეს?!.

ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონატის რეგლამენტი "ასეთ რამეებს" ითვალისწინებს.

გამორჩეული ფაქტები
თბილისის "დინამოს" და "ზუგდიდის" მატჩში, სეზონის შედეგიანობის რეკორდის დამყარების გარდა, სხვა ღირსშესანიშნავი ფაქტიც მოხდა: მიმდინარე ჩემპიონატის მესამე ჰეთ-თრიქი დაფიქსირდა! მასპინძელთა 24 წლის ფორვარდმა გიორგი ჩირგაძემ მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანა და თანაგუნდელი გიორგი პაპუნაშვილისა და "დილას" ნახევარმცველის, ნიკა კვეკვესკირის შედეგი გაიმეორა.

აქვე, დინამოელთა კიდევ ერთი ახალწვეულის გარჯაც გვინდა აღვნიშნოთ: 21 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილმა მეორე წრეში უკვე მეორედ მოახერხა "დუბლის" შესრულება.

ამ ტურში შეცვლაზე შემოსულმა რამდენიმე ფეხბურთელმა შეძლო გოლის გატანა და ამათგან, "კოლხეთის" 21 წლის მცველი თედო კაკულია უნდა აღვნიშნოთ, რომელმაც უმაღლეს ლიგაში პირველად გამოიჩინა თავი.

აი, ტურის, მეორე წრისა და, საერთოდ, XXVI ჩემპიონატის ყველაზე "ფასეული" გოლი კი "დილას" გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე კვახაძემ გაიტანა! 30 წლის კვახაძის ეფექტურმა და, რაც მთავარია, ზუსტმა თავურმა დარტყმამ ხომ გორელთა გუნდს კლუბის ისტორიაში პირველად მოუტანა ჩემპიონობა!..

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
სამტრედია-დილა 0:1 [VIDEO]
დინამო (თბ)-ზუგდიდი 7:0 [VIDEO]
სიონი-დინამო (ბთ) 1:0
კოლხეთი-მერანი 3:0
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:0
ჩიხურა-გურია 2:1
შუქურა-ცხინვალი 0:0
ზესტაფონი-ტორპედო 0:3 (ტექნიკური)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცხინვალმა უკვე გაინაღდა მინიმუმ IV ადგილი: "ჩიხურა" მას ვეღარ გადაასწრებს ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსის გამო. "სიონის" საკითხი კი ჯერაც გაურკვეველია. ლიდერთა ჯგუფის ორ წარმომადგენელს მან კი მოუგო, მაგრამ ქვედაადგილოსნებთან ქულები ბლომად დაარიგა. მათ შორის არის "ვიტი", რომელსაც უპირატესობა გააჩნია ქულებით გათანაბრების შემთხვევაში.
gorgin
12:25 15-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული