არადა, ამ მატჩს ორივე გუნდისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა: თითქმის 99,99 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ გუშინდელი შეხვედრის მონაწილეთაგან ერთ-ერთი გადათამაშებაში მოხვდება, მეორეს კი უმაღლესი ლიგის დატოვება მოუწევს.
ანუ, სატურნირო მნიშვნელობით, ამ მატჩს ბევრი რამ უნდა გაერკვია, მაგრამ საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვერც ერთი გუნდი ვერ დარჩებოდა, განსაკუთრებით კი, ალბათ, სტუმრები, მით უფრო,
მატჩის დაწყებას წინ წუთიერი დუმილი უძღვოდა: გულშემატკივრებმაც და შეხვედრის მონაწილეებმაც პატივი მიაგეს ამ რამდენიმე დღის წინათ ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპული სამი რუსთაველი მოზარდის ხსოვნას.
...როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩმა უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს მონდომებას ნამდვილად ვერავინ დაუწუნებდა, მაგრამ, აი, რაც შეეხება საშემსრულებლო ოსტატობას, ამ მხრივ, ორივე გუნდის ფეხბურთელები "ნორმაზე" მეტს სცოდავდნენ და სწორედ ეს ფაქტორიც აღმოჩნდა გადამწყვეტი საბოლოო შედეგზე (განსაკუთრებით კი, მეორე ტაიმში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე).
კი ბატონო, ყველამ კარგად ვიცით რუსთაველთა გუნდის ქრონიკულ-მარადიული პრობლემები; ის ფაქტიც არავის დავიწყებია, რომ "მეტალურგს" მეორე წრეში ამ მატჩამდე მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა აღებული, მაგრამ 13 მაისს რომ "ცალკარა" ვნახეთ, მსგავსი ვერც გაგვიხსენებია!
ანუ შესვენების შემდეგ სტუმრებმა ისეთი შტურმი მოუწყვეს მეტოქეს, რომ გოლის გატანა მხოლოდ "დროის ამბავი" გვეგონა; თუმცა "ვეტერინარებმა" თავიანთი მართლაც კოლოსალური უპირატესობით სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს; არადა, მეორე ტაიმში სტუმრებმა იმდენი სახიფათო (გნებავთ, საგოლე) მომენტი შექმნეს, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ თავის გამოჩენის შანსი ჰქონდათ ელგუჯა ლობჯანიძეს, ბადრი დემეტრაშვილს, ლევან საბაძეს და ასე შემდეგ (ერთ ეპიზოდში სტუმრები პენალტსაც ითხოვდნენ, როცა ნიკა მაისურაძეს ეფექტური პასით გარღვევაზე ბადრი დემეტრაშვილი გაჰყავდა).
მოკლედ, მეორე ტაიმში მასპინძლები მხოლოდ საკუთარ ნახევარზე იყვნენ "გამაგრებულნი" და მეტოქის კარის მიმართულებით ერთადერთხელ, ისიც 83-ე წუთზე დაარტყეს (ლაშა პაქსაშვილი); სამაგიეროდ, "მეტალურგის" 19 წლის მეკარე გიორგი ნადირაძე იყო მუდმივად ყურადღების ცენტრში და გუშინდელი მატჩის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) გამორჩეული ფიგურაც გახლდათ.
ერთი სიტყვით, "უზომოდ" მოტივირებულმა "ვიტ ჯორჯიამ" გუშინ მხოლოდ მეორე ტაიმში "გაიხსენა" თავისი არცთუ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა; აი, შესვენებამდე კი ბევრად უკეთ მასპინძლები გამოიყურებოდნენ და რამდენიმე მწვავე იერიშიც განახორციელეს სტუმართა კართან, მაგრამ თავისი ახალგაზრდა კოლეგის მსგავსად, ჯონი შეროზიამაც მშვენიერი რეაქცია გამოავლინა და ჯერ გიორგი ზვიადაძეს არ დაანება გოლის გატანა, მერე კი - ლევან ბერუაშვილს...
ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ "მეტალურგიც" და "ვიტ ჯორჯიაც" დარჩენილ ორ ტურში იმაზე იქნებიან დამოკიდებულნი, უმოტივაციო მეტოქეებთან მატჩებში რომელი უფრო მეტ ქულას მოიპოვებს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
13.05. რუსთავი. "ფოლადი"
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:0
მეტალურგი (4-1-4-1): ნადირაძე - მიქაუტაძე, ლ. ნოზაძე, ნარიმანიძე, მინდორაშვილი - სარიშვილი - ბარამიძე (46. ციცქიშვილი), ბერუაშვილი, ზვიადაძე, გ. ჩიკვაიძე (69. პაქსაშვილი) - ბარაბაძე (80. ბ. ოქროპირიძე).
სათადარიგოები: კ. ხიზანეიშვილი, გ. კილასონია, გაბაშვილი, ბეგიაშვილი
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
ვიტ ჯორჯია (4-2-3-1): შეროზია - საბაძე, გეთიაშვილი, კალანდია, დანელია - დავლაშელიძე (79. კურდღელაშვილი), გახარია - დემეტრაშვილი (84. დადიანი), მაისურაძე, კახაბრიშვილი - ე. ლობჯანიძე.
სათადარიგოები: ხვისტანი, მერაბიშვილი, ლებანიძე, ბუნტური, ისერგიშვილი
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
გაფრთხილება: ნოზაძე (45), დავლაშელიძე (73), გახარია (74)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 12
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
ბოლო ორი ტური
XXIX ტური
17 მაისი, კვირა
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-ზესტაფონი
გურია-დინამო (თბ)
მერანი-დილა
ტორპედო-შუქურა
ცხინვალი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი
ზუგდიდი-სიონი
XXX ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"