მეტალურგი VS ლოკომოტივი - ვინ იზეიმებს ვაკეში?

AutoSharing Option
ფოტოზე: თბილისის "ლოკომოტივს" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შანსი აქვს
დღევანდელი პლეი ოფის მატჩით 2014/15 წლების ქართული საკლუბო სეზონი მთავრდება: რუსთავის "მეტალურგისა" და თბილისის "ლოკომოტივის" დაპირისპირებაში გამარჯვებული მომდევნო სეზონს უმაღლეს ლიგაში გაატარებს, დამარცხებული კი - პირველ ლიგაში.

პლეი ოფის მატჩებში ფავორიტი, როგორც წესი, არ არსებობს და ეს იმის მიუხედავად, რომ "მეტალურგი" უმაღლეს ლიგას წარმოადგენს, "ლოკომოტივი" კი - პირველს.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "მეტალურგს" ამ პლეი ოფამდე მომზადებისათვის უფრო მეტი დრო ჰქონდა (XXVI ჩემპიონატის ბოლო ტურის მერე არ უთამაშია), მაშინ, როცა "ლოკომოტივმა"
სამი დღის წინ ურთულესი და დრამატული საპლეიოფო შეხვედრა ჩაატარა კიდევ ერთ პირველლიგელ "ბორჯომთან" (სადაც პენალტების სერიაში იმარჯვა).

თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ დღევანდელ პლეი ოფის მატჩში ყველა ზემოთ ნახსენები ფაქტორი აქტუალური აღარ იქნება: დღეს ერთი გუნდი იზეიმებს, მეორე კი...

ჩემპიონთა მძიმე ხვედრი
მართლაც უცნაური სეზონი გვქონდა: უმაღლეს ლიგას უკვე ოფიციალურად დაემშვიდობნენ "ზესტაფონი" და "ვიტ ჯორჯია", სხვადასხვა დროს საქართველოს ჩემპიონები რომ ყოფილან; ხოლო იმის შანსი, რომ უკვე ამ საღამოს ეს რიცხვი "გასამდეს", 50/50-ზეა!

ანუ, თუ "მეტალურგმა" ვერ შეძლო ახალგაზრდული "ლოკომოტივის" დამარცხება, უმაღლეს ლიგას კიდევ ერთი ტიტულიანი გუნდი დაემშვიდობება და, იმავე "ზესტაფონისა" და "ვიტ ჯორჯიასგან" განსხვავებით, არავინ იცის, თუ როდის მოახერხებს რუსთაველთა გუნდი უძლიერესთა შორის ასპარეზობას.

ასეთი პესიმისტური ვარაუდის საფუძველს კი "მეტალურგის" მართლაც კატასტროფული მდგომარეობა გვაძლევს: შარშანდელი 7 დეკემბრის მერე გუნდს უკვე 17 (!) ოფიციალური მატჩი არ მოუგია! თუმცა, უმძიმესი ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ყველანაირ ელემენტარულ პირობას მოკლებულმა "მეტალურგმა" მაინც შეძლო მეორე წრეში 3 ქულის აღება, რაც... გმირობის ტოლფასი იყო!

მოკლედ, "მეტალურგმა" იმდენი მოახერხა, რომ საპლეიოფო, XIV ადგილი მაინც დაეკავებინა და (გა)დარჩენის შანსიც შეინარჩუნა; თუმცა, აქვე იბადება სრულიად ბუნებრივი და აქტუალურზე-აქტუალური კითხვა: ასე რომც მოხდეს, მომავალ სეზონში რუსთაველთა გუნდს ვინ უპატრონებს? თანაც, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ მომავალი სეზონისთვის "მეტალურგს" ძალზე სერიოზული პრობლემები ექნება ლიცენზირებასთან დაკავშირებითაც.

ასეთი პრინციპული მატჩის წინ "მეტალურგის" სიტუაციის "დამძიმება", შესაძლოა, ვინმეს არ ეამოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს გუნდი ასეთი მდგომარეობისაკენ, ფაქტობრივად, შარშანდელი ზაფხულიდან "მიექანებოდა".

წარმატებული პროექტი
...1997 წელი იყო, თბილისის "ლოკომოტივმა" უმაღლესი ლიგის საგზური რომ მოიპოვა და იმის შემდეგ 13 სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა უძლიერესთა შორის; ამ დროის განმავლობაში "ლოკომოტივში" არაერთი ცნობილი ფეხბურთელი თუ მწვრთნელი ყოფილა და გუნდს შედეგებიც არ დაეწუნებოდა: ორჯერ ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ერთხელ კი - ბრინჯაოს.

ცალკე უნდა აღინიშნოს "ლოკომოტივის" წარმატებული ასპარეზობა საქართველოს თასზე: ოთხჯერ გავიდა ფინალში და სამჯერ გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, 2009/10 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში "ლოკომოტივი" ბოლოსწინა ადგილზე გავიდა და პირველში დაქვეითდა; თუმცა კლუბის პრეზიდენტ ლექსო თოფურიას (მანამდეც რომ გამოირჩეოდა საინტერესო იდეებითა თუ პროექტებით) ერთი წამითაც არ უფიქრია გუნდის მიტოვება და ერთიმეორეზე პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ლოკომოტივის" კიდევ უფრო გეგმაზომიერად განვითარებაც დაიწყო.

ეს სეზონიც ამის ნათელი დადასტურებაა: ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივი" პირველი ლიგის გათამაშებაში მხოლოდ "საბურთალოს" ჩამორჩა, შემდეგ, როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, პირველი პლეი ოფის მატჩშიც იმარჯვა და დღეს კი უკვე სეზონის უმთავრესი მატჩიც ელოდება.

"ლოკომოტივის" ძირითად ბირთვს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების პერსპექტიული ბიჭები წარმოადგენენ; თუმცა, ერთ კონკრეტულ ფეხბურთელზე ცალკე გვინდა ვთქვათ: პირველი ლიგის გათამაშებაში "ლოკომოტივმა" მეტოქეთა კარში 87 გოლი გაიტანა და აქედან 44 - ახალგაზრდა ფორვარდ მამია გავაშელიშვილის ანგარიშზეა!

აშკარა უპირატესობა
რუსთავის "მეტალურგი" ("ოლიმპი") უმაღლეს ლიგაში 2006/07 წლების სეზონში გამოჩნდა და "ლოკომოტივთან" ურთიერთდაპირისპირებებში აშკარა უპირატესობა აქვს. თავად განსაჯეთ: 10 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ (2008/09 წლების სეზონში) მოხდა, "ლოკომოტივმა" ფრედ რომ ითამაშა, დანარჩენი 9 შეხვედრა კი "მეტალურგმა" მოიგო!

თუმცა ამ შემთხვევაში გასაკვირი არაფერია: 2006-დან 2010 წლის ჩათვლით, "მეტალურგი" (იმდროინდელი - "ოლიმპი") ხომ საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნეოდა და იმ პერიოდში ორჯერ ჩემპიონიც გახდა.

"ლოკომოტივის" კარში ყველაზე მეტი გოლი კი ანდერსონ აკინოს აქვს გატანილი: მართლაც გამორჩეულმა ბრაზილიელმა შემტევმა და საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ლეგიონერმა თავის პირველ და უკანასკნელ "ქართულ" სეზონში "ლოკომოტივი" ხუთჯერ დაამწუხრა.

დღევანდელი მეტოქეების კიდევ ერთი მატჩიც გვინდა გავიხსენოთ: 2009/10 წლების სეზონის დასაწყისში გელა სანაიას მიერ დამოძღვრილი "ლოკომოტივი" აშკარად დაჩაგრეს ბრაზილიელი ლეგიონერებით გაძლიერებულ "მეტალურგთან": ის შეხვედრა თბილისში გაიმართა, არბიტრმა მასპინძლებს 2 ფეხბურთელიც გაუძევა და, რაც მთავარია, თამაში მანამდე არ დაამთავრა, ვიდრე ბრაზილიელმა ჯერონიმომ... 96-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლი არ გაიტანა.

საპლეიოფო ისტორიები
საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში აქამდე ცხრა შემთხვევა იყო, როცა უმაღლესი ლიგის საგზურ(ებ)ი პლეი ოფში ირკვეოდა და ისე დაემთხვა, რომ აბსოლუტური "რეკორდსმენი" რუსთავის გუნდია! ოღონდ ისიც უნდა დავაზუსტოთ, რომ ახლანდელი "მეტალურგი" ("ოლიმპი") იმდროინდელი "გორდას" თუ "რუსთავის" სამართალმემკვიდრე არ არის.

თუმცა ეს გუნდები ხომ ქალაქ რუსთავს წარმოადგენდნენ და ისიც სიმბოლურია, რომ "მეტალურგის" ამჟამინდელ თავკაცს, ვარლამ კილასონიას თავის დროზე ორჯერ გაუმარჯვია პლეი ოფის მატჩში.

პირველი შემთხვევა 2001/02 წლების სეზონში იყო, როცა გასავარდნად განწირული "გორდას" საშველად ვარლამ კილასონიას უხმეს და დებიუტანტმა მწვრთნელმაც ეს მისია წარმატებით გადაჭრა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, კილასონია "გორდას" მოთამაშე-მწვრთნელი გახდა და წარმატებასაც მიაღწია: გორში ჩატარებულ პლეი ოფის მატჩში რუსთაველებმა გია კილასონიასა და ცეზარ ხუროძის გოლებით "ქობულეთს" მოუგეს (2:1) და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

მეორე პლეი ოფი ვარლამ კილასონიამ უკვე 2003/04 წლების სეზონში ითამაშა, ოღონდ ამჯერად პირველი ლიგის გუნდის თავკაცის რანგში; თანაც, იმ სეზონშიც "მშველელად" უხმეს (გუნდს გავარდნა ამჯერად პირველი ლიგიდან ემუქრებოდა) და იმდენი მოახერხა, რომ იმდროინდელმა "რუსთავმა" საბოლოოდ IV ადგილი დაიკავა პირველ ლიგაში და პლეი ოფში მონაწილეობის უფლებაც მიიღო.

ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, "რუსთავმა" შეძლო უმაღლესლიგელი "მცხეთის" დამარცხება უაღრესად დრამატულ მატჩში (3:2) და ერთწლიანი პაუზის მერე კვლავაც უმაღლეს ლიგაში უნდა ეასპარეზა, მაგრამ მომდევნო სეზონის დაწყებამდე ცოტა დრო რჩებოდა, როცა რუსთაველთა გუნდს უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.

ოფიციალური მიზეზი კი ის იყო, რომ "რუსთავი" ვერ ახერხებდა ფინანსური გარანტიების წარდგენას და გუნდიც უმაღლეს ლიგაში არ დაუშვეს....

საქართველოს ჩემპიონატი. პლეი ოფი
27.05. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ). 16:30
მეტალურგი-ლოკომოტივი

ურთიერთშეხვედრები (უმ. ლიგა)
10: +9 =1 -0, 16:2

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
,,ზესტაფონისა და ვიტ ჯორჯიასგან განსხვავებით, არავინ იცის, თუ როდის მოახერხებს რუსთაველთა გუნდი უძლიერესთა შორის ასპარეზობას"...
იმ ორმა იციან?)))))
Walkabout
14:58 27-05-2015
0

სიახლეები პოპულარული