გია ჭიაბრიშვილი: "საბურთალოში" სელექცია, ფაქტობრივად, დასრულებულია

AutoSharing Option
უმაღლესი ლიგის გუნდებიდან "საბურთალომ" სატრანსფერო სეზონი ერთ-ერთმა პირველმა გახსნა. გუნდმა "ცხინვალიდან" თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია დაიმატა, "სამტრედიიდან" გიორგი თევზაძე დაიბრუნა, ბაჩანა არაბული კი, რომელსაც კონტრაქტი უმაღლესი ლიგის დებიუტანტთან აკავშირებდა, თბილისის "დინამოში" გაუშვა.

ბევრი ელოდა, რა იქნებოდა "საბურთალოს" შემდეგი ნაბიჯი, მაგრამ... რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ამით გუნდმა სატრანსფერო "ფანჯარა", ფაქტობრივად, დახურა.

ეს "საბურთალოს" მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმა გვითხრა.

"ჩვენ ჩვენი მიმართულება გვაქვს. ვცდილობთ, ბავშვები გავზარდოთ და დიდ ფეხბურთში გზა გავუხსნათ. ასე რომ, შემიძლია გითხრათ - ფანცულაიას მოსვლითა და თევზაძის დაბრუნებით "საბურთალოში" სელექცია,
ფაქტობრივად, დასრულებულია.

გამონაკლისს იმ შემთხვევაში დავუშვებთ, თუ უცხოეთში რომელიმე ჩვენი ფეხბურთელი წავა და ამა თუ იმ პოზიციაზე პრობლემა გაგვიჩნდება, მაგრამ იმედია, არავის მოწვევა აღარ დაგვჭირდება", - ამბობს ჭიაბრიშვილი.

ელიტრაუნდში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეულები იყვნენ საბურთალოელები. მათ ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარეს და საინტერესოა, "საბურთალოს" რომელიმე ფეხბურთელი კარიერას უცხოეთში ხომ არ გააგრძელებს?

"მიხარია, ჩვენმა ფეხბურთელებმა თავი რომ გამოიჩინეს. მათ დაამტკიცეს, რომ "საბურთალო" სწორი მიმართულებით მიდის.

არც იმას დავმალავ, რომ რამდენიმე მოთამაშის მიმართ ინტერესი არის და თუ ეს კონკრეტულ მოლაპარაკებაში გადაიზრდება, კლუბი მათ ტრანსფერს ხელს შეუწყობს.

იყო ლაპარაკი, რომ ბიჭები ფიზიკურად კარგად მომზადებულები არ იყვნენ. რეალურად, ჩვენი პრობლემა ჩემპიონატის დაბალი დონიდან მომდინარეობს, რის გამოც მოთამაშეები ყველა შეხვედრაში კარგად ვერ იტვირთებიან. ამის შედეგს სანაკრებო და საერთაშორისო შეხვედრებში აწყდებიან. თორემ "ფიზიკა" ყველაზე ადვილად მოსაგვარებელი საკითხია.

თუმცა, ამ კუთხითაც, "საბურთალოს" ფეხბურთელებს ნაკლები პრობლემა ჰქონდათ".

სხვათა შორის, ვასილ მაისურაძემ 19-წლამდელთა შეკრებაზე "საბურთალოს" 8 ფეხბურთელი გამოიძახა, რამაც ჭიაბრიშვილი იძულებული გახადა, მოსამზადებელი გრაფიკი შეეცვალა.

რადგან ორი სხვადასხვა ასაკის ნაკრებში გამოძახებულ მოთამაშეებს დასვენება სჭირდებათ, "საბურთალო" შეკრებას 1-ელ ივლისს დაიწყებს, თურქეთში კი, სავარაუდოდ, 23 ივლისს გაემგზავრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს საბურთალოს მოდელი მისაბაძი მაგალითი არის სხვა გუნდებისთვის. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ზრდიან პატარა ასაკიდან და მათ საშუალებას აძლევენ პროფესიული კარიერა იგივე ორგანიზაციაში გააგრძელონ. ვულოცავ უმაღლესში გადასვლას საბურთალოს და წარმატებებს ვუსურვებ.
პრაფესორი
16:15 10-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული