გიორგი ჭიაბრიშვილი: ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ

AutoSharing Option
სეზონი დასრულებულია, მაგრამ "საბურთალოს" ფეხბურთელები ჯერაც ასაკობრივ ნაკრებებში არიან და საერთაშორისო მატჩებს მართავენ.

წლეულს, ეს გუნდი დიდი გამოწვევების წინაშე დგას - გუნდს დებიუტი ექნება უმაღლეს ლიგაში, იასპარეზებს დუბლების ჩემპიონატში და პირველად ჩაერთვება 19-წლამდელების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.


"ასეთი დონის შეჯიბრებაზე ქართული გუნდი პირველად იასპარეზებს. გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩავერთვებით. მატჩები 29-30 სექტემბერსა და 20-21 ოქტომბერს გაიმართება.

ასე რომ, სრულყოფილი და საფუძვლიანი მომზადებისთვის საკმარისი დრო გვაქვს", - ამბობს "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი.

მან დაადასტურა, რომ
ტურნირზე "საბურთალოს" მთავარი გუნდის ბირთვი ითამაშებს:

"ჩვენი გუნდი, უმთავრესად, 18-20 წლის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. პირველი ლიგის მოთამაშეები ჭაბუკთა ლიგაშიც სისტემატურად გამოდიოდნენ. "საბურთალო" იმიტომაც არის წარმატებული და გამორჩეული კლუბი, რომ პირველ, მეორე და მესამე გუნდებს არ ჰყოფს.

ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რადგან ერთბაშად სამ გათამაშებაში წარმატებით უნდა ვიასპარეზოთ - უმაღლეს ლიგაში, დუბლების ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე. გვაქვს კიდეც იმის რესურსი, რამდენიმე ტურნირში რომ ვიბრძოლოთ.

ძალიან ნიჭიერი თაობები გვეზრდება. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ეს უკვე დაამტკიცეს. ამ სამ გათამაშებაში იქნებიან როგორც 1996-1997 წელს დაბადებულები, ასევე 1998-წლიანებიც. შანსი ყველას მიეცემა".

ჭიაბრიშვილი ამბობს, რომ "საბურთალოს" ზურგს გამოცდილებაც უმაგრებს:

"ჩვენი კლუბი სისტემატურად ატარებდა "სალერის" თასის გათამაშებას, რომელშიც რამდენიმე წლის განმავლობაში ვხვდებოდით "მალაგას", "ვიტესს", "ატლეტიკოს", მაკაბის", "დნიპროსა" და სხვა გუნდებს. ისიც სათქმელია, რომ ყველა ეს გათამაშება ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

იმავდროულად, უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებში "საბურთალოს" ფეხბურთელებს იწვევენ და ეს ბიჭები საერთაშორისო მატჩებში სისტემატურად თამაშობენ. აქედანაც ჩანს, რომ სწორი გზით მივდივართ".

ცნობილი გახდა, რომ "საბურთალოს" მოთამაშეებს თვის ბოლოს სამედიცინო შემოწმება ელით, რის შემდეგაც გუნდი 6-კვირიან მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კლუბი სწეორად ვიტარდება,შედეგებიც მოვაა
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული