დინამო (ბთ)-იასი 2:2 - ბათუმელთა ახალი გართობა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო შეხვედრა გამართა. ამჯერად, შოთა ჭეიშვილის გაწვრთნილები რუმინულ "იასის" (მე-10 ადგილი გასულ სეზონში) დაუპირისპირდნენ.

ეტყობა, ამ შეკრებაზე ბათუმელთა საყვარელ საქმედ "დაჭერობანა" იქცა. შეგახსენებთ, რომ წინა ამხანაგურში, ერევნის "ულისესთან", "დინამო" პირველ ტაიმში 1:4-ს აგებდა, მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ ანგარიში 5:4 იყო ბათუმელთა სასარგებლოდ.

ამჯერადაც, სპარინგი მსგავსი სცენარით წარიმართა. რუმინელები პირველ ტაიმში პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ნუნო ვივიეროსისა და ბოსნიელი ბოიარ გოლუბოვიჩის გოლებით 2:0 დაწინაურდნენ.

მაგრამ მეორე ტაიმში ჭეიშვილის გუნდი უკეთ ათამაშდა: 65-ე წუთზე აჭარლებმა სხვაობა
ვაკო თევდორაძის
დარტყმით შეამცირეს, მერე კი დიმიტრი ტატანაშვილმა წონასწორობაც აღადგინა. 2:2 - ასეთია ამ სპარინგის საბოლოო ანგარიში.

დინამო: მამინაშვილი (46. ალავიძე) - ტეტუნაშვილი (80. კვანტალიანი), გოგიტიძე, მახარაძე, სუხიაშვილი - შონია, ფონიავა - ბერიაშვილი, ჩირიკაშვილი (46. თევდორაძე), გაბედავა - ტატანაშვილი.

ამასობაში, გუნდთან ერთად, კვიპროსის "ომონიასთან" პირველი მატჩისთვის (2 ივლისს, ზესტაფონში თამაში 20 საათზე დაიწყება) "დინამოს" გულშემატკივრებიც ემზადებიან.

ქომაგთა შორის უკვე გავრცელდა მოწოდება, რომ მატჩს რაც შეიძლება მეტი ბათუმელი დაესწროს. ფანებისთვის ბილეთი 4 ლარი ეღირება. მათ ტრიბუნაზე 700 ადგილი გამოუყვეს.

"დინამოს" ფანკლუბი ("პირატები") კი ზესტაფონში გამგზავრების მსურველთა ორგანიზებას უკვე შეუდგა. მგზავრობა უფასო იქნება და იმედოვნებენ, რომ 700 ბათუმელი გულშემატკივრის მობილიზება პრობლემა არ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული