ლეგიონერები საქართველოში: რაოდენობა იზრდება, ხარისხი?

AutoSharing Option
საქართველოში ახალი სეზონის დაწყებამდე დაახლოებით თვე-ნახევარი რჩება და ამ დროის განმავლობაში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, რამდენიმე მეტ-ნაკლებად ხმაურიანი შიდა ტრანსფერიც განხორციელდეს. ამ შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატში ასევე მეტ-ნაკლებად კვალიფიციური უცხოელი ფეხბურთელების გამოჩენას ვგულისხმობთ.

ჰოდა, იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი პირველობის პოტენციური ახალწვეულები საქართველოს ჩემპიონატის დონეს... დააკმაყოფილებენ!

ნუ გიკვირთ: საქართველოს ჩემპიონატების 25-წლიან ისტორიაში რამდენიც გინდათ, იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა აქ ჩამოსულ ამა თუ იმ უცხოელ ფეხბურთელს სეზონის დიდი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაუტარებია! მიზეზი კი ძალიან მარტივია: საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით ჩამოყვანილი, ფართოდ რეკლამირებული უცხოელი ლეგიონერები
ვერაფრით სჯობდნენ ჩვენს ფეხბურთელებს!

რა თქმა უნდა, სასიამოვნო გამონაკლისიც არაერთი გვახსოვს და, სულ მცირე, ოცამდე ისეთი უცხოელი ფეხბურთელის დასახელებაც შეგვიძლია, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მართლაც გამორჩეულები რომ გახლდნენ.

ამ კატეგორიის ლეგიონერებზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი "ისტორიული ფაქტი" გვინდა გამცნოთ: ახლახან დასრულებულ სეზონში (უმაღლეს ლიგაში) საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში სარეკორდო რაოდენობის ლეგიონერებმა იასპარეზეს!

აქამდე, 35 ლეგიონერი ერთი სეზონის განმავლობაში არასდროს გვყოლია, თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ უცხოელ ფეხბურთელთა დიდი უმრავლესობა ძალზე ჩვეულებრივი მოთამაშეები იყვნენ და მხოლოდ და მხოლოდ ოთხმა მათგანმა (რენე ფერეირა, აზამატ ჯიოევი, ბოიან პავლოვიჩი, ადრიან პუკანიჩი) შეძლო ჩემპიონატში მატჩების 50 პროცენტის (ან მეტის) ჩატარება.

აი, ყველა ის 35 უცხოელი ფეხბურთელი, ვინც XXVI ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშა:

შუქურა, 8
აზამატ ჯიოევი (რუსეთი) - 17 მატჩი, ადრიან პუკანიჩი (უკრაინა) - 15 (3 გოლი), პაულუ ვიკტორი (ბრაზილია) - 11 (2), რობერტ ლობე (კამერუნი) - 9, მაქსიმ გოლიხინი (რუსეთი) - 7, ლუის გილერმე დორნილესი (ბრაზილია) - 6 (1), ფელიპე ბაზერა (ბრაზილია) - 5, ლუკასი (ბრაზილია) - 3.

დინამო თბ, 5
რენე ფერეირა (ბრაზილია) - 14, ჩისკო (ესპანეთი) - 12 (4), ლიბორ ჰრდლიჩკა (სლოვაკეთი) - 10, მანუელ ონვუ (ესპანეთი) - 10 (3), სტეფან ბუკორაცი (სერბეთი) - 7.

ტორპედო, 4
ვალერი ბონდარენკო - 12 (4), ინალ ფუხაევი (რუსეთი) - 5, ოლეგ შევჩენკო (უკრაინა) - 4, ილია დრევალი (უკრაინა) - 4.

ზესტაფონი, 3
ბოიან პავლოვიჩი (სერბეთი) - 15, რენე ფერეირა (ბრაზილია) - 14, ჯონი ჯერემია (ნიგერია) - 6 (2).

გურია, 3
დმიტრო ზოზულია (უკრაინა) - 12 (2), იური შეველი (უკრაინა) - 5 (1), ნიკიტა კონოვალოვი (უკრაინა) - 5.

სიონი, 3
ლუის ალბერტო ვიერა მედინა (პორტუგალია) - 12 (5), ენდრიო არაუჟო (ბრაზილია) - 9, ფელიპე ლიმა (ბრაზილია) - 4.

დილა, 2
ალან ბაგაევი (რუსეთი) - 13, სლავკო მარიჩი (სერბეთი) - 9.

ჩიხურა, 2
სერგეი ლუბჩაკი (უკრაინა) - 12, ევგენი ტროიანოვსკი - 10 (2).

კოლხეთი, 2
ჩარლზ ნაემეკა ნევუჩე (ნიგერია) - 12 (1), იბრაჰიმ ადამუ (განა) - 1.

სამტრედია, 1
ლეონარდო რამოსი (ბრაზილია) - 9 (1).

ცხინვალი, 1
სოსლან ნანიევი (რუსეთი) - 1.

დინამო ბთ, 1
არნო ჩუენსუ (კამერუნი) - 1.

მერანი, 1
ევგენი კუშნირი (უკრაინა) - 3.

ჩისკოს მემკვიდრენი
...ამ 35 უცხოელი ფეხბურთელიდან რამდენზე შეიძლება იმის თქმა, ჩვენს ჩემპიონატში გარკვეული კვალი დატოვესო? უპირველესად, რაღა თქმა უნდა, გამოცდილი და ტიტულიანი ესპანელი შემტევი, ჩისკო უნდა ვახსენოთ: "ვალენსიას" ყოფილმა ფორვარდმა საქართველოს ჩემპიონატში სამწელიწადნახევრიანი მართლაც შთამბეჭდავი ასპარეზობა დაასრულა და პირველი წრის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.

ესპანეთის ჩემპიონმა, უეფას თასისა და ევროპის სუპერთასის მფლობელმა ჩისკომ თავის ტიტულების კოლექციას აქაური ტიტულებიც მიუმატა და ისე დაგვემშვიდობა: სამსეზონ-ნახევრის განმავლობაში თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი, ერთხელ კი - სუპერთასი.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ჩისკოს ინდივიდუალური მიღწევებიც: ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და გაზეთ "ლელოს" ვერსიით, ასევე ორჯერ დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად.

ჩისკოს გარდა, ამ ბოლო სეზონში მართლაც თითზე ჩამოსათვლელია ის ლეგიონერები, რომელთა ოსტატობასაც არაფერი დაეწუნებოდათ; ასე მაგალითად, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს "შუქურას" 31 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ადრიან პუკანიჩმა (უკრაინა), "დილას" 24 წლის ცენტრალურმა მცველმა ალან ბაგაევმა (რუსეთი).

მხოლოდ რამდენიმე მატჩში გაიბრწყინეს "შუქურას" 21 წლის ფორვარდმა პაულუ ვიკტორმა (ბრაზილია) და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თბილისის "დინამოს" "ხმაურიანმა" ახალწვეულმა, 27 წლის ესპანელმა ცენტრფორვარდმა მანუელმა.

სტაბილურად ჩაატარა თავისი მეორე ქართული სეზონი 23 წლის ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა რენე ფერეირამ, თუმცა, "ლელოს" აზრით, XXVI ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერი ბოლნისის "სიონის" პორტუგალიელი შემტევი ლუის ალბერტო ვიერა მედინა გახლდათ!

23 წლის პორტუგალიელი ბოლნისურ კლუბში ზამთრის პაუზის მერე ჩაირიცხა და სწორედ მის მიერ გატანილმა ხუთმა გოლმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ "სიონმა" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ლიტვური დესანტი და ნაღდი დონდტი
1990 წელს, პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 2 თვე იყო გასული, ჩვენთან პირველი უცხოელი ფეხბურთელები რომ გამოჩნდნენ; თავდაპირველად მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების წარმომადგენლები გვსტუმრობდნენ:
ლიტველები - ფრიდრიკასი, მაჟეიკისი (ორივე - "გურია"), ბალტუშნიკასი, პეტრაუსკასი (ორივე - "მზიური"), ვანეიკისი, ზდანჩუსი (ორივე - "ოდიში"), ბრიაუნისი ("ივერია"), ბელარუსები - შიროკიი, გომონოვი (ორივე - "ამირანი") და რუსები - ხაპოვი ( "იბერია" თბილისი), ბოსტანჯანი ("კოლხეთი" ხობი).

ასე გრძელდებოდა გარკვეული პერიოდი, მერე, 4 წლის განმავლობაში, საერთოდ არავინ ჩამოსულა და საერთოდაც, 1998/99 წლების სეზონამდე ჩვენთან მხოლოდ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების წარმომადგელები (ზემოთ ხსენებული ლიტველების, ბელარუსებისა და რუსების გარდა, უკრაინელები, სომხები, აზერბაიჯანელები) ჩამოდიოდნენ.

აი, რასაც ჰქვია "ნამდვილ" უცხოელს, ეს არაფრით გამორჩეული ნიგერიელი უკვაკვე გახლდათ, რომელიც 1998/99 წლების სეზონის მიწურულს ბათუმის "დინამოში" გამოჩნდა, მაგრამ "ეგზოტიკურების" გარდა, თავი ვერაფრით გამოიჩინა.

რაც შეეხება პირველ "ნაღდ" ლეგიონერს, ასეთი - გამოცდილი ბელგიელი მეკარე დენი დონდტი გახლდათ: 1999/2000წლების სეზონში თბილისის "დინამოში" მხოლოდ 9 მატჩის ჩატარებაც რომ ეყო მართლაც მაღალი კლასის დასამტკიცებლად.

საიდან არ ჩამოდიოდნენ...
XXI საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, საქართველოს ჩემპიონატში წლიდან-წლამდე იზრდებოდა უცხოელ ლეგიონერთა გეოგრაფიაც და რომელი კონტინენტისა თუ ქვეყნის ფეხბურთელი არ ჩამოსულა ჩვენთან; თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ იმ რამდენიმე ასეული ლეგიონერიდან, ალბათ, ოცამდე თუ იქნებოდა მართლაც მაღალი დონის შემსრულებელი:

ანდერსონ აკინო, ტიაგო, ალექს ფრაგა, ჟილვან ვიეირა, კარლოსი (ყველა - ბრაზილია), ნედ ზელიჩი (ავსტრალია), მილოშ კრშკო, პეტარ გრაიციარი (ორივე - სლოვაკეთი), დიდიე ოვონო, პოლ კესანი (ორივე - გაბონი), დე პორასი (არგენტინა), ანდრეი პოროშინი (უკრაინა), ერიკ რომეო ჩასემი (კამერუნი), აბაიომო ოვონიკოკო (ნიგერია), ჩისამბა ლუნგუ (ზამბია), მიკელ ალვარო, ჩისკო (ორივე - ესპანეთი)...

საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში სხვადასხვა დროს მოასპარეზე ლეგიონერთა გეოგრაფიასაც გადავხედოთ:

ევროპა: გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია, პორტუგალია, ბელგია, სლოვაკეთი, ჩერნოგორია, ჩეხეთი, სერბეთი, მაკედონია, ბოსნია, ხორვატია, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი;

აზია: უზბეკეთი, სამხრეთი კორეა;

აფრიკა: ნიგერია, კამერუნი, განა, გაბონი, კონგო, ეკვატორული გვინეა, კოტ დივუარი, ზამბია, ალჟირი, ეგვიპტე;

სამხრეთ ამერიკა: ბრაზილია, არგენტინა, პერუ, ეკვადორი, კოლუმბია;

...და ავსტრალია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ემზარი-ს. ასეთ კარგ კომენტარს წერ და წერტილ-მძიმეც რომ მიამატო, ხომ დაგლიჯავს. მასწავლებელმა არ გასწავლა ხომ! უხ იმის DDDDDDDDDD
gela
15:34 30-06-2015
0
ოვონიკოკო საქართველოს მოქალაქეა და საიდან იყო ლეგიონერი. ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებში იხვეწებოდა თამაშს და არ მიცეს შანსი
შაკო
15:45 30-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული