ანუ, როგორც "ლელოს" გუშინდელ ნომერში გაუწყეთ, ახალი სეზონიდან "რუსთავი" ჩაანაცვლებს ამავე ქალაქის რუსთავის "მეტალურგს", გუნდს, რომლის ქრონიკული პრობლემებიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი...
სწორედ ამ პრობლემების გამოც შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ რუსთავი, შესაძლოა, საერთოდაც, უფეხბურთოდ დარჩენილიყო. საბედნიეროდ, მეტალურგებისა და ქიმიკოსთა ყოფილ ქალაქში ასეთი "პერსპექტივა" არ დაუშვეს და რუსთაველი გულშემატკივრები კვლავაც უქომაგებენ თავიანთ საყვარელ კლუბს. ქალაქის ხელმძღვანელობამაც გულთან ახლოს
ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ რუსთავის მერს, დავით ჯიქიას კიდევ ერთი "საფეხბურთო საზრუნავი" გაუჩნდება: ახლად დაარსებულ "რუსთავს" ხომ უნდა პატრონობა; ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ძალიან მალე რუსთავში საზეიმოდ გაიხსნება ბავშვთა საფეხბურთო აკადემია!..
...გუშინაც ვწერდით, რომ "რუსთავს" ჯერჯერობით არც მთავარი მწვრთნელი ჰყავს და არც ის არის ცნობილი, თუ რომელი ფეხბურთელები იასპარეზებენ ამ გუნდის მაისურით; თუმცა, როგორც გუშინ გვითხრა "რუსთავის" დირექტორმა ბადრი მაჭავარიანმა, უახლოეს დღეებში გუნდის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული სიახლეებიც იქნება; ასევე, გვეცოდინება "რუსთავის" ლოკალური თუ გლობალური მიზნებიც.
მოკლედ, მალე ბევრი რამ გაცხადდება, მანამდე კი, მოდი, ის გავიხსენოთ, პირველი ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული, თუ რა სახელწოდების გუნდები ასპარეზობდნენ რუსთავის სახელით...
პირველი ეროვნული ჩემპიონატი მართლაც ყველასგან გამორჩეული იყო და იმ სეზონის ერთ-ერთი მშვენება რუსთავის "გორდა" იყო! ეს სახელწოდება გუნდს პირველი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაერქვა და ბარემ, "ნათლიაც" ვახსენოთ: მთავარი მწვრთნელის, გივი ნოდიას ინიციატივით, "მეტალურგის" ნაცვლად გუნდს "გორდა" ეწოდა.
ის ფაქტიც აღსანიშნავია, რომ სახელწოდების შეცვლის წინააღმდეგნი არ წასულან არც კლუბის მთავარი სპონსორი, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის იმდროინდელი დირექტორი გურამ ქაშაკაშვილი და არც გუნდის კიდევ ერთი მზრუნველი სოსო არეშიძე, რომელიც მერე ქალაქის მერი გახდა.
პირველი სამი სეზონის განმავლობაში "გორდა" მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო: მეკარეები - მამუკა ქორიძე, ალექსანდრე მეშკოვი; მცველები - გია ფირცხალავა, ხვიჩა ქასრაშვილი, დიმიტრი კუდინოვი, ედუარდ ავაქიანი, თემურ დიმიტრიშვილი, სანდრო ბურნაძე; ნახევარმცველები - ავთანდილ და ტარიელ კაპანაძეები, გია კილასონია, თამაზ მეტრეველი, მამუკა აფციაური, როსტომ თორღაშვილი, კახა ალადაშვილი; თავდამსხმელები - მამუკა ფანცულაია, ვასილ მიქაშავიძე, ვარლამ კილასონია, ჯაბა წიკლაური...
თუმცა, მეოთხე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების მერე ისე მოხდა, რომ "გორდას" წარმატებული ასპარეზობის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, გივი ნოდიას გუნდიდან წასლა მოუწია, ხოლო უკვე მომდევნო სეზონის დაწყების წინ კლუბის ხელმძღვანელობამ "საზეიმოდ" გვამცნო, რომ რუსთაველთა საყვარელ გუნდს "ისტორიული" სახელი - "მეტალურგი" უბრუნდებოდა! თანაც, ეს ყველაფერი, თურმე, ფეხბურთის რუსთაველ გულშემატკივართა დიდი ხნის სურვილი ყოფილა...
ამასობაში, "მეტალურგში" ახალ-ახალი სახეები ჩნდებოდნენ, რომელთაგან მერე ბევრმა პოპულარობა ან ფეხბურთელის რანგში მოიპოვა, ანდაც მწვრთნელის - გიორგი ღუდუშაური, გიორგი გახოკიძე, სოსო გრიშიკაშვილი, ლევან სილაგაძე, დათო ჩალაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ზურაბ ფოფხაძე, ზაზა ზირაქიშვილი, თამაზ პერტია, არმაზ ჯელაძე, გელა არჩვაძე (დღესდღეობით მთაწმინდის რაიონის გამგებელია), ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი ჭიაბრიშვილი, გიორგი ყიფიანი, ზაზა ზამთარაძე და, რაღა თქმა უნდა, იმ დროისთვის 16 წლის ლევან კობიაშვილი!
იცვლებოდნენ მწვრთნელებიც: გურამ ქოჩიაშვილი, რევაზ ძოძუაშვილი, იასონ ალადაშვილი, გაიოზ დარსაძე, გიგლა იმნაძე; 1998-99 წლების სეზონის წინ კი გუნდს სახელწოდება ისევ შეეცვალა და კვლავ "გორდა" ეწოდა; ასე გრძელდებოდა ხუთი სეზონის განმავლობაში, როცა იასონ ალადაშვილის გარდა, "გორდას" სხვადასხვა ვადით მოძღვრავდნენ გია გეგუჩაძე, თენგიზ კაცია, ვარლამ კილასონია.
2002/03 წლების სეზონი კი "გორდასთვის" ყველაზე წარუმატებელი აღმოჩნდა: გუნდი პლეი ოფში დამარცხდა "მცხეთასთან" და პირველ ლიგაში დაქვეითდა. რანგით ქვედა ლიგაში გუნდი ამჯერად უკვე სხვა სახელწოდებით გამოდიოდა და ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "რუსთავმა" იმდენი შეძლო, რომ პირველსავე ცდაზე მოიპოვა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება.
თუმცა, ამის მერე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - 2004/05 წლების სეზონის დაწყების წინ ფინანსური გარანტიების უქონლობის გამო "რუსთავს" უმაღლეს ლიგაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა!
ამ სახელწოდებით მოასპარეზე გუნდი 2 სეზონი პირველ ლიგაში მონაწილეობდა, შემდეგ კი ერთი სეზონი მეორე ლიგაშიც; თუმცა, 2006/07 წლების სეზონის დაწყებამდე რუსთაველ გულშემატკივრებს სიახლე ელოდათ: ამ ქალაქის სახელით უმაღლეს ლიგაში ახალ გუნდს, "ოლიმპს" უნდა ეასპარეზა. ეს ყველაფერი კი ორი გუნდის, "თბილისისა" და "რუსთავის" გაერთიანებით მოხდა.
"ოლიმპმა" იმდენი შეძლო, რომ სადებიუტო სეზონშივე საქართველოს ჩემპიონი გახდა, მერე ეს წარმატება 2009/10 წლების სეზონშიც გაიმეორა და... კვლავ შეეცვალა სახელწოდება - ისევ "მეტალურგი" დაერქვა! და ასე იყო 2015 წლის ზაფხულამდე: წინა სეზონის შედეგების მიხედვით, "მეტალურგი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა...
...თუ წინა სეზონს არ ჩავთვლით, "ოლიმპი" ("მეტალურგი") ბოლო წლებში ერთ-ერთი წარმატებული და სტაბილური ქართული კლუბი იყო; თუმცა, ამ 9 წლის განმავლობაში რუსთაველ ქომაგთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა "ოლიმპს" ("მეტალურგს") მაინც ვერ მიიჩნევდა "მშობლიურ" გუნდად - ალბათ, იმის გამოც, რომ ამ დროის განმავლობაში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილობრივი საფეხბურთო სკოლების აღზრდილი ფეხბურთელები თითზე ჩამოსათვლელი თუ იყო.
სიტუაცია მხოლოდ 2013/14 წლების სეზონის მეორე ეტაპზე შეიცვალა, როცა გუნდში დაბრუნებული ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით, "მეტალურგის" ძირითადში 9-10 ადგილობრივი ფეხბურთელის გამოჩენა უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო. თუმცა, მერე და მერე "მეტალურგის" ფინანსური მდგომარეობა კატასტროფული ტემპით უარესდებოდა და მოსახდენიც მოხდა: ყველასაგან მიტოვებული გუნდი უმაღლეს ლიგასაც დაემშვიდობა და, საერთოდაც, არსებობა შეწყვიტა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"