ის სამტრედიაშია დაბადებული, სადაც ბავშვობიდან ჯიმი ტაბიძესთან ერთად იზრდებოდა და "ბაიაშიც" მასთან ერთად ვარჯიშობდა. მერე, ასევე ერთად, ისინი "საბურთალოში" გადავიდნენ და ამ კლუბში ჩამოყალიბდნენ იმ ფეხბურთელებად, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა და ქართველი გულშემატკივარიც სერიოზულ იმედებს უკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ახლახან ტაბიძე ბელგიის ჩემპიონ "გენტში" ჩაირიცხა...
დავუბრუნდეთ თევზაძეს. ბოლო 6 წლის განმავლობაში ის "საბურთალოს" ფეხბურთელი იყო. თამაშობდა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში (5
ზამთარში თევზაძე იჯარით "სამტრედიაში" წავიდა, მაგრამ ისევ "საბურთალოს" დაუბრუნდა. ესეც დროებითი იყო - 19 წლის ტალანტი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს დასჭირდა. ეს "საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" შორის მეორე გარიგებაა: შეგახსენებთ, რომ ახლახან გეგუჩაძემ თავდამსხმელი ბაჩანა არაბულიც მიიწვია.
"ლელო" თბილისის "დინამოს" ახალწვეულ გიორგი თევზაძეს დაუკავშირდა...
- კულუარებში ამბობდნენ, რომ ელიტრაუნდის შემდეგ თქვენით რამდენიმე ევროპული გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ საქართველოში დარჩენა და "დინამოში" თამაში ამჯობინეთ...
- რა თქმა უნდა, ვამჯობინე, რადგან დიდ კლუბში ჩავირიცხე. "დინამოს" ევროტურნირებზე ღირსეულად თამაშის დიდი შესაძლებლობები აქვს. ცხადია, საქართველოს ჩემპიონატსა და თასზეც მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ - ამის პოტენციალიც გაგვაჩნია. ახლა შეკრება დავიწყეთ და ვეცდებით, ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადოთ.
- ...თუმცა "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ გექნებათ...
- ეს მეც მესმის, მაგრამ ვეცდები, ძირითად შემადგენლობაში ადგილი რაც შეიძლება სწრაფად მოვიპოვო. ამის იმედიც მაქვს.
- კონტრაქტი რა ვადით გააფორმეთ?
- 3 წლით და ყოველგვარი ოფციონის წესის გარეშე.
- როგორც ვიცი, "დინამოში" აქამდეც გიწვევდნენ...
- დიახ, იყო ლაპარაკი. ეს ერთი წლის წინათ ხდებოდა. მაგრამ ახლა კონკრეტულად დავილაპარაკეთ და სიამოვნებით დავთანხმდი. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო "საბურთალოს". ამ კლუბმა ბევრი შემძინა და ფეხბურთში რომ დავწინაურდი, ეს მისი დამსახურებაა.
- ცნობილია, რომ შარშან "გენტში" უნდა დარჩენილიყავით, მაგრამ ტრავმამ შეგიშალათ ხელი. წლეულს ევროპული ვარიანტები არ გქონიათ?
- იყო რაღაც, მაგრამ კონკრეტული - არაფერი. იმ დროს, როცა თბილისის "დინამო", გია გეგუჩაძე გიწვევენ და სრულიად კონკრეტული წინადადებაა, დასაფიქრებელი არაფერი იყო და სიამოვნებით დავთანხმდი.
დიდ ფეხბურთში დამკვიდრებაზე თუ ფიქრობ, "დინამოს" სკოლა აუცილებლად უნდა გაიარო. ესაა დიდი ისტორიის მქონე კლუბი, სადაც მოხვედრა ყველა ჩემი თანატოლის ოცნებაა.
- ბოლო პერიოდში ტრავმა გაწუხებდათ. უკვე მომჯობინდით?
- რა თქმა უნდა. "გენტში" ყოფნის შემდეგ მთელი სამი თვე გამიცდა. მერე ამას "სამტრედიაში" უთამაშებლობა დაემატა და ელიტრაუნდის დროს ფორმაში არ ვიყავი. მაგრამ ახლა უკვე ჯანმრთელად ვარ და არაფერი მაწუხებს.
- "დინამოში" მისვლამდე თუ ელაპარაკეთ გეგუჩაძეს?
- მეც ველაპარაკე და "საბურთალოს" ხელმძღვანელობაც. ვთქვი, რომ ყველა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი "დინამოში" მოხვედრაზე ოცნებობს. იმავეს ვიტყვი გეგუჩაძეზეც - ყველამ იცის, რა დონის მწვრთნელია და იმედია, მასთან მუშაობით კიდევ უფრო გავიზრდები, როგორც ფეხბურთელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"