თუმცა, დღესდღეობით, ისეთი სიტუაციაა, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ახალი სეზონიდან "სიონი" თავის მეტოქეებს ბოლნისში მიიღებს; ოღონდ წინა ჩემპიონატთან შედარებით, გადახალისებული შემადგენლობითა და, რაც მთავარია, ახალი მთავარი მწვრთნელით: ჯერ თვეც არ არის გასული, რაც "სიონის" მთავარ მწვრთნელად ვარლამ კილასონია დაინიშნა.
ახალი სეზონისათვის მზადება "სიონმა" 29 ივნისს დაიწყო და თბილისში, "მერანის" სტადიონზე ვარჯიშობს. დღემდე "სიონმა" სამი საკონტროლო მატჩიც ჩაატარა: "საბურთალოსთან" 0:4 წააგო, "გურიასთან" ფრედ (1:1) ითამაშა; ორი დღის წინათ კი ქვემოქართლური დერბიც შედგა: "სიონი" ახალჩამოყალიბებულ "რუსთავს" დაუზავდა (2:2).
ბოლნისელთა გუნდის ახალი თავკაცის თქმით, ჩემპიონატის დაწყებამდე "სიონი" კიდევ რამდენიმე საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 25 ივლისს "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდება, 2 აგვისტოს - თბილისის "ლოკომოტივს", კიდევ ორ სპარინგ-პარტნიორთან გასამართი შეხვედრების ვადები კი მალე დაზუსტდება.
ახლა კი "სიონში" მომხდარ საკადრო ცვლილებებზეც; სხვა გუნდებში გააგრძელებენ კარიერას დაჩი ცნობილაძე, დათა სიჭინავა, ზვიად ლობჯანიძე, გიორგი ჭანკოტაძე და არაუჟო; სავარაუდოდ, ბათუმის "დინამოში" გადავა 23 წლის პორტუგალიელი შემტევი ლუის ალბერტო ვიეირა მედინა, რომელიც წინა სეზონის დასრულების შემდეგ "ლელომ" ჩემპიონატის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელა.
კარიერის დასრულება გადაწყვიტა გამოცდილმა მეკარემ, ზურაბ ბათიაშვილმა, რომელსაც "სიონის" გარდა, არაერთ ქართულ გუნდში (თსუ, თბილისის "დინამო", "თბილისი", "გორდა", "ლოკომოტივი", "კოლხეთი", "მესხეთი", ცხინვალის "სპარტაკი", "მეტალურგი") უთამაშია.
რაც შეეხება შევსებას, ხანმოკლე პაუზის მერე მშობლიური ქალაქის გუნდს დაუბრუნდა ფორვარდი ვილი ისიანი; "ზესტაფონიდან" გადმოვიდა 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ვასაძე, რომელიც ერთი წლის წინათ რუსთავის "მეტალურგში" ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით თამაშობდა, ისე, როგორც კილასონიების საფეხბურთო დინასტიის წარმომადგენლები: 22 წლის უნივერსალი ვარლამ კილასონია-უმცროსი და 19 წლის საყრდენი ნახევარმცველი გიორგი კილასონია.
აქვე, დავაზუსტებთ, რომ ვარლამ კილასონია (უმცროსი) წინა სეზონის მეორე წრეში "ცხინვალში" გამოდიოდა, ამ გუნდთან ერთად სულ ახლახან ევროპალიგაზეც ითამაშა (1 გოლიც გაიტანა), თუმცა ამიერიდან "სიონის" ღირსებას დაიცავს.
და ბოლოს, კიდევ ერთი სატრანსფერო ინფორმაციაც: ამ დღეებში "სიონში" სამ ბრაზილიელ ფეხბურთელს (მცველს, ნახევარმცველს, თავდამსხმელს) ელოდებიან, თუმცა არ არის გამორიცხული სხვა ახალწვეულთა გამოჩენაც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"