მხოლოდ საქართველოში: მინისტრის მოადგილე-საფეხბურთო აგენტი!

AutoSharing Option
"ზესტაფონის" მეკარეთა ყოფილი დამრიგებლის, თამაზ ოდიკაძისა და ფეხბურთელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის საგა გრძელდება.

22 ივლისს "ზესტაფონმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ:

"ამ რამდენიმე დღის წინათ გაზეთ "ლელოში" დაიბეჭდა ინტერვიუ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესო აბაშიძესთან, რომელიც იმავდროულად, ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტიც გახლავთ და გაზეთის ფურცლებზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან"
დაკავშირებულ საკითხებზე სწორედ ამ სტატუსით საუბრობს.


რესპონდენტი მკითხველს "ამცნობს" იმის შესახებ, რომ: "ზესტაფონს" შეჩერებული აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრის სტატუსი და სწორედ ამ სტატუსის შეჩერების შემდეგ გადაიხადა კოკაიამ შოთა ბაბუნაშვილისა და თორნიკე აფციაურის დავალიანებები".

უნდა ითქვას, რომ შეთანხმება ჩვენს კლუბსა და ამ ორ ფეხბურთელს შორის არსებობდა სფფ-ის აღმასკომის ცნობილ სხდომამდეც (როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე "ზესტაფონს" სფფ-ის წევრის სტატუსი შეუჩერეს), ფეხბურთელების დავალიანებაც გასტუმრებული იყო და საერთოდ, ამ მიმართულებით ყოველგვარი სადავო საკითხი ამოწურული გახლდათ, რისი გადამოწმებაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება თამაზ ოდიკაძის საკითხს, რომლის აპელირებასაც ცდილობს თავის ინტერვიუში ბატონი აბაშიძე, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ამ სპეციალისტმა, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეორე გუნდში მუშაობის (ხელფასისა და სამუშაო პირობების სრულად შენარჩუნებით) წინადადების მიღების მიუხედავად, კლუბთან შეუთანხმებლად მიატოვა სამსახური, მიაშურა საფეხბურთო კლუბ "გაგრას", სადაც იმუშავა არა ერთი კვირა, როგორც თავად ბატონი აბაშიძეც აცხადებს, არამედ თითქმის ერთი თვე და კუთვნილი ანაზღაურებაც აიღო (გაგრელებთან ამის გადამოწმებაც არ უნდა იყოს რთული).

ჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ რაში უნდა გადაუხადოს კლუბმა ხელფასი ისეთ თანამშრომელს, რომელმაც სამსახური მიატოვა და სამუშაოდ სხვა კლუბში გადავიდა. ან იქნებ პატივცემულ მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში, რომლებშიც ის დღესდღეობით საქმიანობს, მსგავსი საკითხებისადმი სხვა დამოკიდებულებაა?!

"ზესტაფონის" წარმომადგენლებთან ურთიერთობის პროცესში თამაზ ოდიკაძეს არაერთგზის აღუნიშნავს, რომ ბესო აბაშიძე მისი ინტერესების დამცველი გახლავთ და გაწეულ მომსახურებაში გარკვეულ გასამრჯელოსაც ელის.

უცნაურია, როდესაც ფეხბურთში "ფულის საშოვნელად" მოსული პირი გაზეთის ფურცლებზე შეურაცხყოფას აყენებს ადამიანს, რომელმაც 10 წელზე მეტი ხნის მანძილზე ფეხბურთში საკუთარი ჯიბიდან ამოღებული 40 მილიონ დოლარამდე დახარჯა, ააშენა ორი საფეხბურთო ბაზა, გაარემონტა და უეფას ლიცენზიის მფლობელი გახადა ერთ დროს ნანგრევებად ქცეული ზესტაფონის სტადიონი, სპორტს აზიარა უამრავი მოზარდი, შექმნა მრავალი ჯილდოსა და ტიტულის მფლობელი, ევროსარბიელზე ღირსეულად მოასპარეზე კლუბი...

გვინდა შეკითხვით მივმართოთ საქართველოს მთავრობასა და მის მეთაურს! კარგია, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მისი კომპეტენციის ქვემდებარე ყველა საკითხი ისე რომ აქვს მოგვარებული, მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძემ სულ სხვა სფეროში, კერძოდ, ფეხბურთში მიმდინარე პროცესებისათვისაც რომ მოიცალა და სვიანას ტყის რეკრეაციული ზონის მონახულების პარალელურად, დროდადრო, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომებსაც რომ ესწრება...

ჩვენთვის კი, იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი აბაშიძე ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე კვლავაც საქმიანობს, ამ სტატუსით ინტერვიუებს არიგებს და როგორც ირკვევა, ამ საქმიანობის პროცესში ანაზღაურებად სამუშაოსაც ასრულებს (რაც, ფაქტობრივად, აგენტობას ნიშნავს), საინტერესოა, თუ რამდენადაა შესაძლებელი მინისტრის მოადგილისა და საფეხბურთო აგენტის საქმიანობის შეთავსება და აქვს კი საერთოდ სახელმწიფო მოხელეს სხვა, ანაზღაურებადი საქმიანობის უფლება?"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძნელია კოკაიას არ დაეთანხმო ბევრ რამეში!მთავრობის წევრს "მინისტრის მოადგილეს" არ აქვს უფლება სხვა შემოსავალი ქონდეს!და საერთოდ ვერავინ მიხედავს ამ აყროლებულ ქართულ ფეხბურთს?!უნდა მოაცილონ ფეხბურთს ის ხალხი ვინც ფულის საშოვნელად არის მოსული და ათას მამაძაღლობაში აქვს უკანალი გასვრილი!
Gaston
17:20 23-07-2015
0
აქვე უნდა ითქვას, რომ ფეხბურთის ფედერაციაში ჯანსაღი ძალების მოსვლამდე და ქართული ფეხბურთის რეორგანიზაციის საქმის დაწყებამდე, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" არ აპირებს სფფ-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, პარალელურად, ჩვენი კლუბი სამართლებრივი გზით იბრძოლებს ფედერაციის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების გასაუქმებლად და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბინადართა შორის ჩვენი კუთვნილი ადგილის აღსადგენად... ზესტას ოფიციალურ გვერდზე წერია
sainteresoa
12:48 23-07-2015
0

სიახლეები პოპულარული