"ემოციურად ვილაპარაკეთ..." ლანჩხუთში კახა გოგიჩაიშვილის ცემას არ ადასტურებენ

AutoSharing Option
"ლელო" უკვე წერდა, რომ ლანჩხუთის "გურია" მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე ხუთ გამოცდილ მოთამაშეს დაემშვიდობა - სერგი ორბელაძეს, თენგიზ ჩიკვილაძეს, კობა შალამბერიძეს, ალეკო კოშკაძესა და დათა ციცხვაიას. მერე კი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ამ გადაწყვეტილებით გამწარებული ჩიკვილაძე და ორბელაძე გუნდის მთავარ მწვრთნელ კახა გოგიჩაიშვილს მიუვარდნენ და... სცემეს.

გუნდში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბმა "გურიამ" განცხადება გაავრცელა.

"გრიგოლეთში შეკრებაზე მყოფმა "გურიამ" რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართა, რის შემდეგაც სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, თუ ვინ დარჩენილიყო და ვინ - არა. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რამეთუ შეკრების დროს სამ
ათეულზე მეტი ფეხბურთელის დაკვირვება მოხდა და ყველა მათგანის გუნდში დატოვება შეუძლებელიც იყო.

ვწუხვართ, რომ კლუბი დაემშვიდობა რამდენიმე ისეთ მოთამაშეს, რომელთაც წვლილი აქვს შეტანილი, ორი წლის წინ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "გურია" ანგარიშგასაწევ გუნდად რომ იქცა. მაგრამ ვაფიქსირებთ, რომ "გურია" გაახალგაზრდავების გზას დაადგა და მაქსიმალურად წარმოვაჩენთ ადგილობრივ ჭაბუკებს, რაც ლანჩხუთელი გულშემატკივრების მოთხოვნაც გახლავთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კლუბის ხელმძღვანელობა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლას უარყოფს, თუმცა იმას კი ადასტურებს, რომ ემოციური საუბარი-გარჩევა ნამდვილად იყო.

მწვრთნელის ვითომდა ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს გუნდიდან წასული კობა შალამბერიძეც, რომელიც გოგიჩაიშვილსა და ფეხბურთელებს შორის ხმამაღალ კამათში მონაწილეობდა:

"სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მოულოდნელიც იყო და შეურაცხმყოფელიც.

ამ ამბავში მარტო ჩიკვილაძე და ორბელაძე არ მონაწილეობდნენ, დანარჩენები გაშვებულებიც ვიყავით, რადგან გვაინტერესებდა, რას გვერჩოდნენ. თანაც, ახლა ყველა გუნდი დაკომპლექტებულია და 5 კაცი გაურკვევლობაში ვრჩებოდით.

გვითხრეს, რომ გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტეს, მაგრამ ეს თუ ჰქონდათ გადაწყვეტილი, კონტრაქტები რატომ გაგვიფორმეს? ამის გამო ხმამაღლა, ემოციურად ვლაპარაკობდით, უკმაყოფილება ღიად გამოვხატეთ.

ისიც ვერ გვითხრეს, ვინ გაგვიშვა, მწვრთნელთა საბჭომ თუ ლანჩხუთის რაიონის ხელმძღვანელობამ. მაგრამ ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, თითქოს გოგიჩაიშვილს მიუვარდნენ და სცემეს, ტყუილია", - ამბობს შალამბერიძე.

შალამბერიძის "სიონში" გადასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. აი, რა გვითხრა გამოცდილმა მოთამაშემ ამასთან დაკავშირებით:

"ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელობასთან ვილაპარაკე და იმედი გამიჩნდა, რომ სეზონს "სიონში" დავიწყებ, მაგრამ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის".

ამასობაში, "გურიას" ლაშა ჩაფიძე შეუერთდა. 23 წლის თავდამსხმელმა კარიერა რუსეთში, კერძოდ, ცსკა-ს ასაკობრივ გუნდში დაიწყო, შემდეგ კი მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლებში აღმოჩნდა. 19 წლისა საქართველოში ჩამოვიდა და ითამაშა თბილისის "დინამოს" დუბლებში, "ცხინვალსა" და ქობულეთის "შუქურაში", ასევე, საქართველოს 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ლანჩხუთში თამაშს გააგრძელებს უკრაინელი ლეგიონერი დმიტრი ზოზულია, რომელიც გუნდში გასულ სეზონში მიიწვიეს. ცნობილი გახდა, რომ "გურიამ" მოლაპარაკება უკრაინელ თავდამსხმელთანაც დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს არის მარაზმი. სად ეპყრბიან ესე ხალხს.ყველა დასაჯარიმებელია დიდი თანხით მართლა ვინც ეს ბიჭები გუნდიდან ამ დრს გაუშვა.როგრ ეოყრობით რა უნამუსბაა!
კაცი
17:22 27-07-2015
0
ყველგან პატივს სცემენ დამსახურებულ ადამიანებს! რა ახალგაზრდები რას ისწავლიან ესე? მაგარი უცოდინარი და უსინდისო ხალხი ხართ.
სიმართლე
19:27 27-07-2015
0

სიახლეები პოპულარული