იყო აგრეთვე დაინტერესება ყაზახური "კაისარიდან", თუმცა ფორვარდმა არჩევანი მოლდოვურ "მილსამიზე" შეაჩერა, გუნდზე, რომელმაც ყველაზე მეტად იაქტიურა ბაქოს "ინტერის" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელის შესაძენად და ახლა მხოლოდ ფორმალობაღა დარჩა - ბაჩანა ცხადაძე ამ დღეებში მოლდოვაში უნდა ჩავიდეს და ახალ კლუბთან კონტრაქტზე ხელი მოაწეროს...
შეგახსენებთ, რომ "მილსამი" წლევანდელი ევროტურნირების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაციის
ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ბაჩანა ცხადაძეს თავის ახალ გუნდთან, "მილსამისთან" ერთად ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობა განაღდებული ექნება!
"მილსამი" არა მხოლოდ წლევანდელი ევროტურნირების აღმოჩენაა, ამ გუნდისგან თავისი ქვეყნის ჩემპიონატის მოგებაც უდიდეს სენსაციად შეფასდა; ყოველ შემთხვევაში, წინა სეზონში ყველა მოელოდა, რომ საჩემპიონო დავა "შერიფსა" და "დაჩიას" შორის წარიმართებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მოლდოვის ამ ორმა უძლიერესმა გუნდმა და "მილსამიმ" ქულათა ერთნაირი რაოდენობით (55) დაასრულეს სეზონი და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის წყალობით, პირველად თავის 10-წლიან ისტორიაში, ქვეყნის ჩემპიონობა "მილსამიმ" მოიპოვა, თანაც ბოლო ტურში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ "დაჩიას" მოუგო.
"მილსამის" ადგილობრივი სპეციალისტი, 41 წლის იური ოსიპენკო წვრთნის. გუნდში არიან უკრაინელი, მაროკოელი, ხორვატი და ნიგერიელი ლეგიონერები; აგრეთვე, ორი გამოცდილი რუმინელი ფორვარდი: 31 წლის რომეო სურდუ და 30 წლის კრისტიან ბუდი, რომლებთანაც მოუწევს კიდეც კონკურენცია ბაჩანა ცხადაძეს.
საქართველოს ნაკრების დღევანდელი თავკაცი კახა ცხადაძე როცა ფრანკფურტის "აინტრახტსა" და "მანჩესტერ სიტიში" თამაშობდა, მისი ვაჟი, ბაჩანა სწორედ ამ კლუბების ბავშვთა გუნდებში ვარჯიშობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ჯერ კარლო მჭედლიძესთან ვარჯიშობდა "ოლიმპიკში", მერე კი თბილისის "ლოკომოტივის" ასაკობრივ გუნდში სოსო სირაძესთან და თემურ თვალჭრელიძესთან.
რასაც პირველი "სერიოზული" გუნდი ჰქვია, ასეთი მის კარიერაში თბილისის "დინამო 2" იყო. 2005/06 წლების სეზონში პირველ ლიგაში მოასპარეზე ამ გუნდს კახა კაჭარავა წვრთნიდა და ბაჩანა ცხადაძესთან ერთად, ერთიმეორეზე პერსპექტიული ბიჭებიც თამაშობდნენ: გურამ კაშია, გიორგი ლორია, მათე ვაწაძე, სანდრო კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი, უჩა ლობჟანიძე, შოთა გრიგალაშვილი, დავით თარგამაძე, ირაკლი ჩირიკაშვილი, ნიკა ფირცხალავა და სხვები.
რაც შეეხება უმაღლეს ლიგაში დებიუტს, "სიონში" ჰქონდა, რასაც მოჰყვა "ვიტ ჯორჯია", "ამერი", აზერბაიჯანული "სტანდარდი", "გაგრა" და ცხინვალის "სპარტაკი". 2010 წლიდან კი აზერბაიჯანულ პრემიერლიგაში ასპარეზობდა: მცირე ხნით "სიმურგში", შემდეგ კი ხუთსეზონნახევარი ამ ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის, ბაქოს "ინტერის" წამყვანი ფორვარდი და საუკეთესო ბომბარდირიც გახლდათ ამ ზაფხულამდე.
ახლა კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოლდოვის ჩემპიონ "მილსამის" ღირსებას დაიცავს.
დაბოლოს, სანაკრებო კარიერაზეც: საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით 2014 წლის 5 მარტს ჩაატარა ლიხტენშტეინის ნაკრებთან, იმის მერე კი ჩვენს უპირველეს გუნდში კიდევ ოთხჯერ ითამაშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"