როცა ფაქტი ყველაფერს ამბობს... ანუ რატომ არ გაამართლა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა?

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, 16-გუნდიანი ჩემპიონატი, რომელიც გაჭირვებით, თუმცა მაინც ნაკლულად დავასრულეთ, ქართული ფეხბურთის ყველა გასაჭირის მიზეზად ვერაფრით შეირაცხება, თუმცა თავისი სოლიდური წილი ამ უბედურებაში ჩვენს "თექვსმეტობანასაც" უდევს...

ახლა მოვიხმოთ ფაქტები და ვნახოთ, რას აღწევდნენ ქართული გუნდები საერთაშორისო ასპარეზზე მაშინ, როცა 16-გუნდიანი პირველობა არ გვქონდა...

თქმა არ უნდა - ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის დონის შესაფასებლად არ არსებობს ევროთასებზე უკეთესი ინდიკატორი. აქედან გამომდინარე, ვნახოთ, ბოლო წლებში რა შედეგები ჰქონდათ ქართულ კლუბებს ევროარენაზე.

2009-10 წლების სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობდა 10 გუნდი. ამ ჩემპიონატის
დასრულების შემდეგ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა ორმა ქართულმა კლუბმა - "დინამომ" და "ზესტაფონმა".

2010-11 წლების სეზონში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გათამაშებაში კვლავ ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. შედეგი ასეთი მივიღეთ: "ზესტაფონმა" და "დინამომ" ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშეს და ორ ქართულ გუნდს მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად, რუსთაველმა ფეხბურთელებმა კი იმავე ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგორეს ბურთი.

2011-12 წლების სეზონში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში უკვე 12-მა გუნდმა ითამაშა. პირველობის დასრულების შემდეგ ქართული კლუბებიდან ევროტურნირებზე ყველაზე უკეთ ითამაშა გორის "დილამ", რომელმაც ევროპალიგის პლეი ოფს უწია.

2012-13 წლების სეზონის უმაღლეს ლიგაში კვლავ 12 გუნდი იყო. ევროტურნირებზე თავი არ შეგვირცხვენია. ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშეს თბილისის "დინამომ" და გორის "დილამ".

2013-14 წლების სეზონი, ისევ 12 გუნდი. შედეგები თვალისმომჭრელი არ გვქონია, თუმცა ერთმა კლუბმა მაინც აგვიშალა საღერღელი - საჩხერის "ჩიხურამ" ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.

ბოლო ჩემპიონატი რა ფორმატითაც ჩავატარეთ, ყველას კარგად ახსოვს. ჩვენს მკითხველს არც ის შედეგები დაავიწყდება, რომელიც ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე აჩვენეს. როგორც იტყვიან, დასკვნები თავად გამოიტანეთ...

სხვა საქმეა, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატის ჩასატარებლად არც საკმარისი (საკადრო) რესურსი გვაქვს და არც - ინფრასტრუქტურა (სტადიონები). ესეც ფაქტია და ისიც, რომ ქართულ ფეხბურთს კიდევ ათასი ჭირი სჭირს.

სულაც არ გვაქვს იმის ილუზია, რომ როგორც კი დავუბრუნდებით 10 ან 12-გუნდიან ფორმატს, მაშინვე გვეშველება, თუმცა შედეგები ძალიან საყურადღებოა - საყურადღებოც და მხედველობაში მისაღებიც.

მაშინ ჩვენ ქართული გუნდების მიერ ნაჩვენები შედეგები არ გვაკმაყოფილებდა. მეტიც, გულისწყრომას ვერ ვფარავდით, როცა პლეი ოფში გასული ჩვენი კლუბები ჯგუფში შესასვლელად ბოლო ნაბიჯს ვერ დგამდნენ.

ყოველივე ამას, ლოგიკურად, რაღაც მომენტში პროგრესი უნდა მოეტანა, ერთი გუნდი მაინც უნდა გამძვრალიყო ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა მოხდა პირიქით და მივიღეთ შემდეგი სურათი: აგერ, ამ ზაფხულს, ევროთასებზე გასულმა ვერც ერთმა გუნდმა ვერ დაძლია პირველი ბარიერი.

კიდევ ერთხელ ვამბობთ - იმის ილუზია არ გვაქვს, რომ შევამცირებთ თუ არა გუნდების რაოდენობას, მაშინვე მთებს შეძრავენ ჩვენი კლუბები, მაგრამ ჩვენ საკუთარი ხელით მოვჭერით ის სუსტი ტოტიც კი, რომელზეც ვიჯექით.

ცუდი და საგანგაშო ისაა, რომ მომავალ ევროპულ სეზონშიც, დიდი ალბათობით, კარგი არაფერი გველის. ევრორეიტინგში, გუშინ რომ გამოქვეყნდა, კიდევ უფრო გაუარესდა საქართველოს პოზიცია.


ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდები კვლავ ვერ იქნებიან განთესილთა შორის, თუნდაც პირველ ეტაპებზე...

საერთოდ, ქართული კლუბების სოლიდურმა ნაწილმა ჯერაც არ იცის, რა შემადგენლობით ითამაშებს მომავალ სეზონში. არადა, ეს ოხერი დროც აღარ ითმენს. სულ მალე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება...

ძალიან არ გვინდა ასე მოხდეს, მაგრამ ახლავე შეგვიძლია ვივარაუდოთ - მომავალი ჩემპიონატი წინაზე უარესი იქნება... საამისოდ ყველანაირი წინაპირობა არსებობს... თუმცა ამაზე მერე იყოს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
მთავარია არა რაოდენობა არამედ ხარისხი თორე თუ გინდა 50 გუნდი ათამაშე ოღონდ თუ გყავს ეს 50 გუნდი და თუაქვთ ფინანსები და ინფრასტრუქტურა აკადემია.დ.ას.შ და კიდე ფული როგორ იხარჯება გუნდებში ამასაც დიდი მნიშვნელობა აქ ჩვენ ფეხბუთში კიდე გამეფებულია აღებ მიცემობა და ფულის უმიზნოთ ყრა და ასე ასი მილიონიც რო მიცე გუნდს წარმატების გარანტიას მაინც ვერავინ მოგცემს.ბიზნესიო არარის დაინტერესებული ფეხბურთითო და მინდა გკითხოთ სადარიან საქართველოში ბიზნესმენები რასაც ქვია.მითუმეტეს ფულიანებს ჩვენთან არ ახასიათებთ მოგების გარეშე რამეში ფულის ჩადება.და რაცარუნდა შეღავათები დაუწესო მაინც არ ჩადებს ფულს იქ სადაც მოგება არარის ეგ ზღაპარია ნუ ერთი ორი გამონაკლისის გარდა.და კიდე მარტო საქრთველოშია ესე რო გუნდს ყავს პრეზიდენტი ბუღალტერი ფეხბურთელები ფაქტიურად არი შ.პ.ს და ფულს იღებს სახელმწიფოდან.ამის მერე რაზე უნდა იყოს საერთოდ საუბარი სახელმწიფოს დანიშნულები არცერთი არარის და ფულს კითხოვენ.მახინჯი სახე მიიღო ამან ყველაფერმა.და დროა ეს ყველაფერი დალაგდეს.
qutauseli
13:33 05-08-2015
0
გუნდების შემცირება ბევრ რამეს შეცვლის. საინტერესო მატცებს გაზრდის. თბილისიდან მარტო დინამო დარჩება. ხალხის რაოდენობა სტადიონზე გაიზრდეა. კონკურენცია ახალგაზრდებში მოიმატებს. ამასობაში სხვა რეფორმაც წამოეწევა. აბა ვიჯდეთ და ვუყუროთ არველაძეებს?
hahaha
13:13 05-08-2015
0

სიახლეები პოპულარული