ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში... უჩა სოსიაშვილი დუმილს არღვევს

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი დუმილს არღვევს. სოსიაშვილთან სასაუბრო ბლომად დაგროვდა - დავიწყეთ "პარტიზანთან" მატჩებით, მერე კი მივყევით და სხვა თემებსაც შევეხეთ.

ვფიქრობთ, საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა...

- ალბათ, ახლა უკვე შეგვიძლია, მშვიდად შევაფასოთ "პარტიზანთან" ორრაუნდიანი ორთაბრძოლა...
- მე პირდაპირ ვიტყვი: ლოგიკური შედეგი იყო. მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო.

საქართველოს წინა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, "დილაში" 10 ახალი ფეხბურთელი მოვიდა. ამ ათიდან 9 - ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა. სიმართლე ესაა: ჩვენ სულ ერთი თვე გვქონდა იმისთვის, რომ ახალი გუნდი ჩამოგვეყალიბებინა. 6-7 მატჩი
მაინც რომ ჩაგვეტარებინა ამ შემადგენლობით, "პარტიზანთან" უკეთესად ვითამაშებდით. შეკრებაც ვერ გამოვიდა ისეთი, როგორიც გვინდოდა. მხოლოდ ორი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ და ორივე - ლუცკის "ვოლინთან", თან ერთი - შეწყვიტეს უკრაინელებმა.

ჩვენ რომ ერთი წელი გვყოლოდა ეს გუნდი, დარწმუნებული ვარ, სულ სხვა შედეგი იქნებოდა.

რა არის "პარტიზანის" მთავარი პლუსი? სტაბილურობა. ამის მიუხედავად, სულაც არ ვთვლი, რომ "დილამ" ძლიერ მეტოქესთან თამაშში სახე დაკარგა. მესმის იმ ხალხის, იმ ქომაგის, ვინც უკმაყოფილოა და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ, მხოლოდ ერთს ვიტყვი - თუ ამ გუნდს ერთი წლით შევინარჩუნებთ, მომავალ სეზონში "პარტიზანის" დონის კლუბებს ტოლს არ დავუდებთ. შენარჩუნებასთან ერთად, ვგულისხმობ ასევე შესაბამის პირობებს, შეკრებებს...

მაგალითად, ძალიან კარგი იქნება, თუ ზამთარში ესპანურ შეკრებაზე წავალთ, სადაც წარმომადგენლობითი ტურნირი ტარდება. "პარტიზანის" დონის გუნდს რომ მოუგო, ცოტათი მაინც ხომ უნდა მიუახლოვდე პირობებით. კი, შემთხვევითობა ხდება ფეხბურთში, მაგრამ მეტწილად მაინც ის იგებს, ვინც პროცესს სტაბილურად მიჰყვება.

- საშინაო მატჩში რატომ არ გამოვიდა ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ?
- პირველი თამაშის შედეგმა გააჩინა ოპტიმიზმის განცდა. რა თქმა უნდა, მეც მჯეროდა შინაგანად, რომ შეგვეძლო მოგება და შემდგომ ეტაპზე გასვლა... ამის მწვრთნელს ყოველთვის უნდა სჯეროდეს.

ეს ერთი მომენტია, მაგრამ ლოგიკური ანალიზი გვიჩვენებს, რომ "დილა" არ იყო მზად ამ დონის მეტოქესთან სათამაშოდ. ამას რომ ვამბობ, არ ვგულისხმობ ფეხბურთელების კვალიფიკაციას, აქ ლაპარაკია იმ მცირე დროზე, რომელიც მოსამზადებლად გვქონდა.

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, ისინი საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი მოთამაშეები არიან. მათ შეუძლიათ სერიოზული ამოცანების გადაჭრა, მაგრამ ამას, ანუ მათ შეთამაშებას, დრო სჭირდება. ბოლო სეზონში "პარტიზანმა" მხოლოდ 2 ფეხბურთელი გაუშვა გუნდიდან და ამდენივე დაიმატა. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ "დილას" მაგალითზე ეს ციფრი, შეიძლება, ოცდაათს ასცდეს.

კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს გუნდის პროგრესისთვის. ვფიქრობ, მივაღწევთ მეტ სტაბილურობას, რაც ყოველთვის წარმატების გარანტიაა.

- როგორ ფიქრობთ, მოახერხებთ თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შემადგენლობის ბირთვის შენარჩუნებას?
- ძალიან კარგი იქნება, თუ ამას მოვახერხებთ.

- ამ ეტაპზე გუნდიდან წასვლა ხომ არავის უნდა?
- არა, ყველა მოწადინებულია, რომ იბრძოლოს "დილასთან" ერთად მაღალი მიზნებისთვის.

- ვინმეს დამატებას თუ აპირებთ?
- ამ ეტაპზე არა, მაგრამ სამომავლოდ... არის 4 ფეხბურთელი, ვისაც სიამოვნებით ვიხილავდი "დილაში". მათი დამატება ახლაც გვინდოდა, ევროტურნირებამდე, მაგრამ არ გამოვიდა.

- გიორგი ლორიას აყვანა მართლა გსურდათ?
- როცა ნუკრი რევიშვილის მოსვლა გამოირიცხა, გიორგი ლორიას ტრანსფერზე დავიწყეთ მუშაობა. ის უმაღლესი დონის მეკარეა. გვქონდა სურვილი, მაგრამ არ გამოვიდა. თუმცა უნდა გითხრათ, რომ უკრაინელი მეკარის, შევჩენკოს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.

- ეროვნულ ჩემპიონატში გუნდმა უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. თუმცა ტიტულის შენარჩუნება გაცილებით რთულია მის მოპოვებაზე...
- სწორედაც ჩემპიონობის შენარჩუნება და თასის მოგება - ეს იქნება ჩვენი მიზანი და ამ შემადგენლობით, სხვანაირად არც შეიძლება იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემპიონობას ვერ შეინარჩუნებთ
Unknown
19:35 08-08-2015
0
წარმატებები გორის დილას, თქვენი იმედი აქვს ქართველ გულშემატკივრებს და ამ იმედს ნუ გაგვიცრუებთ.
kaxi
19:35 08-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული