ლადო ბურდული: ბოლნისში ჯერ მხოლოდ ორი თვით დავბრუნდით, მაგრამ მაინც...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ბოლნისის "სიონი" შინ, "თამაზ სტეფანიაზე" გამართავს - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრებო კომიტეტმა, რომლის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბოკერიამ ამ ზაფხულს ბოლნისურ არენას მეორედ ჩაუტარა ინსპექტირება.

სწორედ ამის შემდეგ მიეცა ქვემოქართლურ კლუბს საშინაო ასპარეზზე თამაშის უფლება, ოღონდ...

საშეჯიბრებო კომიტეტის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, "სიონი" ბოლნისში საშინაო შეხვედრებს მხოლოდ ორი თვის განმავლობაში გამართავს და შემდეგ გორში გადაბარგდება, სადაც ასპარეზობის გამოცდილება წინა სეზონიდან აქვს.

ცხადია, ესეც დიდი პლუსი იქნება ვარლამ კილასონიას გუნდისთვის. მთელი გასული სეზონის განმავლობაში "სიონი" ხან მიხეილ მესხის სახელობის
სტადიონზე მასპინძლობდა მეტოქეებს, ხანაც გორში.

Sportall.Geსაშეჯიბრებო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, "სიონის" გენერალურ დირექტორ ლადო ბურდულს შევეხმიანეთ...

- უნდა მოგილოცოთ "სიონის" ბოლნისში" დაბრუნება, რასაც გულშემატკივარი დიდი ხანია, ელოდა...
- ნამდვილად მოსალოცი ამბავია. მართალია, ჯერ მხოლოდ ორი თვით დავბრუნდით, მაგრამ მაინც...

- ვისი დამსახურებაა ეს?
- მინდა, საგანგებოდ აღვნიშნო ბოლნისის გამგებლის, ბატონ გოგი მეშველიანის წვლილი. მას ძალიან უყვარს ფეხბურთი და სწორედ მისი ძალისხმევით გამოიძებნა თანხა ბოლნისის სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის.

- რა გაკეთდა სტადიონზე?
- პირველ რიგში, გადაითესა ბალახი და ახლა ჩვენი სტადიონის მინდვრის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. ორ თვეში რა და როგორ იქნება, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

გარდა ამისა, "თამაზ სტეფანიაზე" ჯერაც მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები. რემონტდება გასახდელები, ტრიბუნებზე მონტაჟდება ახალი სკამები, ჩამოტანილია ასევე ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ორი კარი. ბოლომდეა დაცული უსაფრთხოების ნორმები... მოკლედ, ყველაფერი რემონტდება...

- პრესლოჟაზე ცალკე უნდა გკითხოთ - "სიონის" საშინაო მატჩებისას მედია თავს კომფორტულად იგრძნობს?
- რა თქმა უნდა! პრესლოჟაც რემონტდება...

- ვთქვათ, ორი თვის მერე მინდვრის საფარი შეილახა. არ არის შანსი, რომ ისევ ბოლნისში უმასპინძლოთ მეტოქეებს?
- შანსი არის. სექტემბრის ბოლოს ისევ გვეწვევა კომისია და ის მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- ...ოღონდ ეგ არის, რომ "სიონი" ბოლნისში ვერ ივარჯიშებს. ასეა?
- მართალი ხართ. ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდეთ მინდვრის საფარს. სხვანაირად არ გამოვა. ის კი არა, იმაზეც ვფიქრობთ, მატჩისწინა ვარჯიშები "თამაზ სტეფანიაზე" ჩავატაროთ თუ არა. სეზონის მიმდინარეობისას თბილისში ვივარჯიშებთ.

- ახლა სად ვარჯიშობთ?
- თბილისში, ხან "მერანის" სტადიონზე და ხანაც ნაკრების ბაზაზე...

- დიმიტრი ტატანაშვილის მოსვლით "სიონმა" დიდი ძალა შეიმატა...
- ის 6 თვის განმავლობაში იჯარით ითამაშებს ჩვენთან. ეს საკითხი გადაწყვეტილია. ტატანაშვილი გამოცდილი თავდამსხმელია და მჯერა, "სიონს" დიდ სარგებლობას მოუტანს.

- კიდევ ხომ არ ელოდებით ახალ ფეხბურთელებს?
- მოლაპარაკება გვაქვს გია მანჯგალაძესთან, რომელიც ბოლოს საჩხერის "ჩიხურაში" იყო, მანამდე კი ლუგანსკის "ზორიაში" თამაშობდა. ვნახოთ...

- ამ ეტაპზე "სიონიდან" წასვლის სურვილი ხომ არ გამოუთქვამს ვინმეს?
- არა, არავის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
შარშან უფრო მაგარი იყო მინდვრის საფარი მაგრამ ბურდულს არ უნდოდა ბოლნიში თამაში, არც ეხლა უნდოდა მაგრამ ხალხის პროტესტს ვეღარ გაუძლო და იძულებულია ბოლნისში ითამაშოს, მალე თანამდებობასაც დატოვებს და ბოლნისის ფეხბურთიც ამოისუნქებს.
LASHA
16:56 07-08-2015
0
ვერ ვხვდები ბურდულს აქამდე რატო აჩერებენ გუნდში
vaska
19:54 07-08-2015
0

სიახლეები პოპულარული