უმაღლესი ლიგა. III ტურის წინ: გოლებისა და სავსე ტრიბუნების მოლოდინი

AutoSharing Option
ფოტოზე: გია გეგუჩაძე და გიორგი ჭიაბრიშვილი
მესამე ტურის მატჩებით აგვისტოსაც გავაცილებთ და ამას, ჩემპიონატში თითქმის ორკვირიანი პაუზაც მოჰყვება: სექტემბრის დასაწყისში ხომ საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ოფიციალური მატჩები ელოდებათ.

საინტერესოა, თუ რა ცვლილებებს შეიტანს მესამე ტურის შედეგები სატურნირო ცხრილში; ისიც საინტერესო უნდა იყოს, გაგრძელდება თუ არა სეზონის სტარტისთვის აშკარად არადამახასიათებელი მაღალი შედეგიანობა; ჰეთთრიკებითა და დუბლებით კვლავაც გამოიჩენენ თუ არა თავს კონკრეტული ფეხბურთელები და ასე შემდეგ...

მოკლედ, არ უნდა გამოდგეს უინტერესო ტური და იმის იმედიც დავიტოვოთ, რომ ყველა თუ არა, მესამე
ტურის მატჩების უმრავლესობა მაინც ჩატარდება მეტ-ნაკლებად სავსე ტრიბუნების წინ.

29.08. თბილისი. დინამო არენა. 18:00 LIVE II არხზე
დინამო (თბ)-საბურთალო
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
დღესდღეობით ჩემპიონატს სამი ლიდერი ჰყავს და ამათგან ორის დაპირისპირება შაბათს უნდა შედგეს "დინამო არენაზე", სადაც ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საქართველოს ჩემპიონატის 26-წლიან ისტორიაში პირველად უნდა დაუპირისპირდეს უმაღლესი ლიგის დებიუტანტ "საბურთალოს".

თუმცა, ახალგაზრდულმა "საბურთალომ" ისეთი სტარტი აიღო, ბევრი, ალბათ, არც მოელოდა: 2 მატჩი და 2 მოგება!

ჰო, ეს "დინამოსგან" არ უკვირს არავის ჩემპიონატის სტარტზე უდანაკარგოდ ასპარეზობა, თუმცა "საბურთალომაც" თავიდანვე "მიგვანიშნა" ყველას, ამ სეზონში სერიოზული ამბიცია რომ ექნება.

უმაღლესი ლიგის ისტორიაში კიდევ ერთი დედაქალაქური "დერბი" ლიდერების დაპირისპირებითაც იწვევს დიდ ინტერესს და სხვა ფაქტორითაც: "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე და მისი ახალი კოლეგა "საბურთალოდან" გიორგი ჭიაბრიშვილი 5-6 წლის წინათ ერთად მუშაობდნენ "ზესტაფონში" და ამ იმერულმა კლუბმაც თავისი პირველი საჩემპიონო ტიტული ჯერ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მოიპოვა (2011 წელს), მერე კი უკვე ჭიაბრიშვილის თავკაცობითაც.

ამას გარდა, გეგუჩაძეს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს "საბურთალოსთან" და ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებსაც;

თუმცა, 29 აგვისტოს სენტიმენტების დრო უადგილო იქნება: შუა კვირაში მორიგი ტიტულის (საქართველოს სუპერთასი) მოპოვებით, "დინამო" მშვენიერ ხასიათზე უნდა შეხვდეს ახალ დედაქალაქურ "დერბის"; "საბურთალოს" ახალგაზრდა ფეხბურთელებს კი "დინამოსთან" პაექრობაზე მეტი მოტივაცია რაღა უნდა ჰქონდეთ.

30.08. ქობულეთი. ჩელე არენა. 17:00
დინამო (ბთ)-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
47: +18 =12 -17, 56:51
შავიზღვისპირა დერბი მუდამ უკომპრომისოდ მიმდინარეობს ხოლმე და გამონაკლისი არც ეს მატჩი უნდა იყოს, იმის მიუხედავადაც, რომ მეტოქეებს ამ სეზონში განსხვავებული მიზნები აქვთ: ბათუმის "დინამო" ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია, "კოლხეთმა" კი წარუმატებელი სტარტი აიღო.

თანაც, იმის გარდა, რომ ფოთელთა გუნდმა ორივე მატჩი წააგო, "კოლხეთი" ერთადერთი გუნდია, გასულ ორ ტურში გოლი რომ არ გაუტანია.

სამაგიეროდ, შესაშურ შედეგიანობას უჩვენებს ბათუმის "დინამოს" ფორვარდი გიორგი ბერიაშვილი: პირველ ტურში შესრულებულ ჰეთ თრიკს, მეორე ტურში ეფექტური და ზუსტი თავური დარტყმა რომ მოაყოლა "დილასთან" ურთულეს შეხვედრაში.

30.08. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 17:00
გურია-საპოვნელა
დისკვალიფიკაცია: ლაშა ჩაფიძე (გურია)
ურთიერთშეხვედრები
2: +2 =0 -0, 6:2
უიღბლობა "დაებედა" ამ სეზონის სტარტზე "გურიას": ახალი თავკაცის, კახა გოგიჩაიშვილის შეგირდები ორივე მატჩში იგებდნენ, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მხოლოდ ერთ ქულას გამორჩნენ.

უფრო უარესი სტარტი აქვს "საპოვნელას", თუმცა ნურც ის დაგვავიწყდება, რომ მირიან გეწაძის გუნდს საწყის ორ ტურში საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგები ჰყავდა.

30.08. თბილისი. მ. მესხი (სათად). 17:00
ცხინვალი-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: ომარ მიგინეიშვილი (ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
21: +9 =4 -8, 28:22
"ცხინვალმა" პირველი საშინაო მატჩი კი წააგო, მაგრამ მერე გასვლით შეხვედრაში შეძლო 3 ქულის მოპოვება და დღესაც მოსაგებად გავა მოედანზე (თანაც, მასპინძლებს დისკვალიფიკაციამოხდილი მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა უბრუნდებათ);

"ზუგდიდის" შედარებით არადამაჯერებელი სტარტი კი იმას უნდა მივაწეროთ, რომ ამ სეზონის დაწყების წინ გუნდის მთავარ მწვრთნელს ბესიკ შეროზიას, ფაქტობრივად, ახალი გუნდის გაკეთებამ მოუწია.

თავად განსაჯეთ: ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო მატჩში (ერთობ დრამატულ სცენარით რომ წარიმართა), მონაწილეობა ვინც მიიღო, ამათგან "ზუგდიდში" 2 ფეხბურთელიღაა (ლევან წურწუმია, გოდერძი მაჩაიძე) შემორჩენილი...

30.08. ივანწმინდა. 17:00
ჩიხურა-მერანი
ურთიერთშეხვედრები
6: +3 =0 -3, 6:7
ამ გუნდებს შორის დაპირისპირებები მუდამ უკომპრომისოდ მიმდინარეობს და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ "ჩიხურასა" და "მერანს" შორის ჩატარებული მატჩებიდან ფრედ არც ერთი არ დამთავრებულა.

ერთი შეხედვით, ამ წყვილში ფავორიტად "ჩიხურა" უნდა მივიჩნიოთ და საერთოდაც, გვგონია, რომ გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის დამოძღვრილ გუნდს მიმდინარე სეზონში ამბიციური მიზნები უნდა ჰქონდეს.

აი, "მერანის" მიზანი კი, ჩვენი აზრით, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს.

30.08. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 17:00
სიონი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1, 2:4
ახალი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით "სიონმა" მშვენიერი სტარტი აიღო: ბოლნისელებს ორივე მატჩის ჩატარებამ სტუმრად მოუწიათ და ამ ორ გასვლით შეხვედრაში 4 ქულის აღება ნამდვილად უნდა მივიჩნიოთ კარგ შედეგად, მით უფრო, რომ "სიონს", ბევრი ქართული გუნდისგან განსხვავებით, ამ ზაფხულს უცხოური შეკრება არ გაუვლია.

ამ მატჩისადმი ინტერესს ისიც მატებს, რომ ხანგრძლივი შესვენების მერე "სიონი" ჩემპიონატის მატჩს ბოლნისში ჩაატარებს; არადა, ქვემოქართლელებს მეტად ამბიციური და არანაკლებ კვალიფიციური ფეხბურთელებით დაკომპლექტებული მეტოქე ჰყავს: ამ სეზონში თუ რომელიმე გუნდისგან ველოდებით სიურპრიზებს, ერთ-ერთი სწორედ "შუქურაა".

30.08. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 17:00
სამტრედია-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
8: +2 =0 -6, 11:14
ხუთწლიანი პაუზის მერე "სამტრედია" და "ლოკომოტივი" კვლავ უმაღლეს ლიგაში შეხვდებიან ერთმანეთს; ოღონდ, ამ შემთხვევაში მართლაც უცნაური სიტუაცია შეიქმნა სეზონის სტარტზე: ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე განახლებული "სამტრედია" აგვისტოს თვეში შეუჩერებელია (ჩემპიონატსა და თასზე ოთხივე მატჩი მოიგო), ხოლო "ლოკომოტივმა", პირიქით, ოთხივე შეხვედრა წააგო!

ცალკე უნდა აღვნიშნოთ "სამტრედიას" ახალწვეულ ირაკლი სიხარულიძის სუპერშედეგიანი თამაში: ჩემპიონატსა და თასზე 5 გოლი გაიტანა (თანაც, ორჯერ "დუბლი" შეასრულა).

თუმცა, ჯერ სეზონის დასაწყისია და ვასილ მაისურაძის დამოძღვრილ ერთობ საინტერესო "ლოკომოტივს" ნამდვილად შეუძლია სიტუაციის გამოსწორება.

არანაკლებ საინტერესო ახალგაზრდები თამაშობენ "სამტრედიაშიც", რომლის თავკაცი გია ცეცაძე სულ ახლო წარსულში წარმატებით მუშაობდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, ისე როგორც - ვასილ მაისურაძე.

30.08. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 20:00
ტორპედო-დილა
ურთიერთშეხვედრები
51: +29 =6 -16, 97:61
მესამე ტური მეტად და მეტად საინტერესო და საინტრიგო მატჩით დამთავრდება: ამ სეზონის წინ საგრძნობლად გაძლიერებული "ტორპედო" მოქმედ ჩემპიონს უნდა დაუპირისპირდეს! ორივე გუნდში მრავლად არიან ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე საკმაოდ კვალიფიციური ფეხბურთელები.

ამას, გარდა, გასათვალისწინებელია მწვრთნელთა ფაქტორიც. მოგეხსენებათ, რომ "ტორპედოს" დღევანდელი თავკაცი გიორგი დარასელია 2011/12 წლებში "დილას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და საკმაოდ წარმატებულადაც იმუშავა.

აი, რაც შეეხება მის ახალგაზრდა კოლეგა უჩა სოსიაშვილს, "დილას" შუა კვირაში რთული მატჩი ჰქონდა საქართველოს სუპერთასზე თბილისის "დინამოსთან" და არანაკლებ ძლიერ მეტოქესთან მატჩამდე რამდენად მოახერხებენ გორელთა გუნდის ფეხბურთელები ძალების აღდგენას, ძნელი სათქმელია.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 4
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 2
ო. მარცვალაძე (დილა) 2
გ. გოშთელიანი (საბურთალო) 2
თ. წიქარიძე (შუქურა) 2

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოსა და საბურთალოს ფრეს ვუსურვებ მთელის გულითა, ან უკიდურფეს შემთვხვევაში კიდევ საბურთალოს მოგებას.
სამტრედიას ,საპოვნელას და ჩიხურას მოგებას.
დანარჩენებს კი მხოლდო ფრეს :)
გუადუა
16:00 29-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული