ტორპედო-დილა 0:2 - გამოცდილების ხარჯზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ამბიციურმა "ტორპედომ" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ გორის "დილას" უმასპინძლა. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თანაბარ ბრძოლაში გორელებმა მეტი გამოცდილების ხარჯზე იმარჯვეს და ქუთაისიდან ერთობ საჭირო 3 ქულა წაიღეს.

მატჩის საწყის წუთებში ბურთს გორელები აკონტროლებდნენ და აგრესიულადაც უტევდნენ, მაგრამ ქუთათურები დაცვაში ყოჩაღად თამაშობდნენ და სტუმართა გამოცდილ ფორვარდებს - ოთარ მარცვალაძესა და ირაკლი მოდებაძეს კარში დარტყმის საშუალებას არ აძლევდნენ.

ტორპედოელებსაც უჭირდათ გორელთა საჯარიმოში შეღწევა, მაგრამ "სტანდარტულებზე" გააკეთეს აქცენტი და გოლის გატანასთანაც ახლოს იყვნენ. გიორგი კუხიანიძემ
ზედიზედ ორჯერ შეასრულა საჯარიმო. პირველად მის მიერ ჩაწოდებულ ბურთს გურამ ადამაძემ შეაგება თავი, მაგრამ სიზუსტე დააკლდა; მეორე ეპიზოდში კი იმავე კუხიანიძის ჩაწოდებულს ზაურ გოგუაძე გამოეხმაურა უაღრესად სახიფათო თავური დარტყმით, მაგრამ გორელები მეკარე ოლექსი შევჩენკომ იხსნა.

თანდათან უპირატესობას ტორპედოელები დაეუფლნენ და ფლანგებიდანაც მწვავედ შეუტიეს. განსაკუთრებით, მარჯვენა ნახევარმცველი დავით კირკიტაძე აქტიურობდა, მისი ფლანგური გარღვევისა და ჩაწოდების შემდეგ დათა სიჭინავამ დაახლოებით საჯარიმოს რკალიდან შეუჩერებლივ დააქუხა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადაევლო.

ამის შემდეგ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში საინტერესო აღარაფერი მომხდარა, ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. თამაში ისევ მასპინძლებმა გაამწვავეს, როცა ოლეგ მამასახლისმა თანაგუნდელთან "კედელი" გაითამაშა და შორიდან სახიფათოდ "გაისროლა", მაგრამ მიზანმა მასაც უმტყუნა.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი უკვე მასპინძლები გადარჩნენ, როცა გუგა ფალავანდიშვილმა საკუთარი ნახევრიდან გაკეთებული იუველირული გადაცემით ქუთაისელთა სამი მცველი სტატისტის როლში დატოვა და მარცვალაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ... მეკარე რევაზ თევდორაძემ დიდებულად ითამაშა და გამოცდილ ფორვარდს ანგარიშის გახსნის საშუალება არ მისცა.

მეორე ნახევარი გუნდებმა აქტიურად დაიწყეს. გიორგი პაპავა თავით ურტყამდა ქუთაისელთა კარში, მაგრამ თევდორაძეს არ გასჭირვებია ბურთის დაუფლება. მასპინძლებმა მწვავე შეტევით უპასუხეს. კირკიტაძის აქტიურობას კუთხური მოჰყვა. "სტანდარტული" სიჭინავამ შეასრულა და ბურთი მარჯვენა ძელთან ჩასაფრებულ კირკიტაძეს თავზე დაასვა - ბურთი მხოლოდ გარედან მოხვდა ბადეს.

ტაიმის შუაწელიდან მოვლენები რადიკალურად შეიცვალა. თანაბარ თამაშში დიდი როლი შეასრულა გორელთა გამოცდილებამ. უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა თავიანთი კოზირები კარგად გამოიყენეს. დიდებულად ჩაატარა თამაშის ეს მონაკვეთი ირაკლი მოდებაძემ, რომლის შეჩერება მასპინძლებმა ვერაფრით მოახერხეს.

ძალზე აქტიური იყო მარჯვენაფლანგელი მათე კვირკვიაც. მან ზედიზედ ორჯერ დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ თევდორაძემ ორივეჯერ დამაჯერებლად ითამაშა. მოგვიანებით კი კვირკვიამ საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა - მისი გადაცემით გიორგი ნავალოვსკი მარცხენა ფლანგზე გავიდა და მეკარის საჯარიმოსთან გამჭოლი გადაცემა გააკეთა, სადაც დასწრებაზე კარგად ითამაშა მოდებაძემ და სტუმრები დააწინაურა.

რამდენიმე წუთში მოდებაძემ ულამაზესი გოლით დუბლი შეასრულა - რომან ახალკაცის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ "მაკრატელათი" თევდორაძეს შანსი არ დაუტოვა.

ტორპედოელებს დარჩენილ დროში ანგარიშის შემცირება შეეძლოთ, მაგრამ დათა სიჭინავასა და თორნიკე კაპანაძის დარტყმები შევჩენკომ მოიგერია.

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
30.08. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 7 000 მაყურებელი
ტორპედო-დილა 0:2
გოლები: 0:1 მოდებაძე (76. ნავალოვსკის პასით), 0:2 მოდებაძე (84. ახალკაცის პასით)
ტორპედო (4-2-3-1): თევდორაძე - ოდიკაძე, ადამაძე, ნერგაძე, ქიმაძე - მამასახლისი, კლიმიაშვილი (70.კახელიშვილი) - კირკიტაძე, სიჭინავა, კუხიანიძე (59. კაპანაძე) - გოგუაძე (45. შინდაგორიძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ტაბატაძე, კვერნაძე, ბაბუნაშვილი.
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
დილა (4-4-2): შევჩენკო - ხურცილავა, პაპავა, ქარქუზაშვილი, ნავალოვსკი - კვირკვია, ძარია (63. გვალია), ფალავანდიშვილი, ნონიკაშვილი (61. ახალკაცი) - მარცვალაძე (77. მაშუკოვი), მოდებაძე.
სათადარიგოები: მურჯიშვილი, ღონღაძე, ლომიძე, სამხარაძე
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: კლიმიაშვილი (25), ფალავანდიშვილი (51), ნავალოვსკი (62), კვირკვია (88), სიჭინავა (89)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ა. იაშვილი (დინამო თბ) 3
მ. ცინცაძე (დინამო თბ) 3

IV ტური
11 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-გურია
მერანი-დინამო (თბ)

12 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-შუქურა
საპოვნელა-სიონი
ზუგდიდი-ჩიხურა
დილა-ცხინვალი
დინამო (ბთ)-ტორპედო
საბურთალო-სამტრედია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ დარასელიას: 8 თვე გაძლო ტორპედოს ტრენერად. ახლა 12 სექტემბერს ბათუმთან წააგებს და იმნაირ ჭიტლაყს ამოკრავენ, ვერც ზინაჩკა დოუამებს და ვერც ქუთაისის მერია. ისე, სირცხვილია კია ქუთათურებო - გუნდის პრესსამსახურში თანამშრომლის დანიშვნის ბედს, მთავარი მვრთნელის რუსი საყვარელი წყვეტდეს. დაფიქრდით!!!
მცოდნე ქუთაისელი
17:25 31-08-2015
0
ტორპედოელებო, გული არ გაიტეხოთ,
თქვენ ბათუმი გაქვთ დასამარხებელი!
ჯორდანო უბრუნებელი
16:28 31-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული