ცხინვალი-ზუგდიდი 5:1 - რბევა ვაკეში

AutoSharing Option
"ცხინვალმა" გოლების ფოიერვერკი მოაწყო ვაკეში და დამსახურებულად მოიგო მატჩი, რომელშიც თავიდან, ბევრისთვის მოულოდნელად, მდევრად იქცა. კახა კაჭარავას შეგირდებმა 3 ქულა ალალად დაიმსახურეს.

განსაკუთრებით კარგი იყო ამ შეხვედრაში ნიკა კაჭარავა. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა თავისი საქმე შესანიშნავად იცის და მათ ჩვენი რჩევები ნაკლებად სჭირდებათ, თუმცა მაინც უნდა დავწეროთ - კაჭარავა ის ფორვარდია, სანაკრებოდ გამოსადეგი რომ შეიძლება იყოს...

სანამ თამაშზე ვიტყოდეთ, ვთქვათ, რომ "ცხინვალის" ხელმძღვანელობამ და კლუბის პრესსამსახურმა (ჯემალ ჭიპაშვილი, იაკობ დალაქიშვილი) ქომაგს ერთხელაც შესთავაზეს წინასამატჩო პროგრამა, რაც მისაბაძი
უნდა გახდეს ბევრი ქართული კლუბისთვის...

ისიც შევნიშნოთ, რომ მატჩი დააფასეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ და მისმა თანაშემწე ოთარ გაბელიამ.

...თამაში მოულოდნელი სცენარით დაიწყო. პირველ წუთებში სტუმარი მასპინძელზე უკეთესი იყო. ბესიკ შეროზიას შეგირდებმა სწრაფი გოლიც შემოგვთავაზეს - საჯარიმო დარტყმა სტუმართა შორის აშკარად საუკეთესო ლევან წურწუმიამ ისე შეასრულა, გიორგი ნადირაძეს თავისიანების ხსნის იოტისოდენა შანსიც კი არ ჰქონია.

ამის შემდეგ მთელი თამაში "ცხინვალისა" იყო. კახა კაჭარავას შეგირდებმა მოედნის ცენტრში გაბატონება მოახერხეს და საქმეში ჩაერთო "მძიმე არტილერიაც" ნიკა კაჭარავას სახით. უნდა ითქვას, რომ იუბილარ ირაკლი ლეკვთაძესთან ერთად, რომელსაც გუშინ 24 წელი შეუსრულდა, ფორვარდმა კაჭარავამ მნიშვნელოვნად განაპირობა თავისი გუნდის გამარჯვება.

სწორედ მან გაათანაბრა ანგარიში მას შემდეგ, რაც მეკარესთან პირისპირ გავიდა და აუღელვებლად შეაგდო.

იქვე გიორგი ივანიშვილის შესანიშნავი გადაცემა ლეკვთაძემ შეიშნოვა და "ცხინვალი" დააწინაურა. სწორედ ამ დროიდან მოაკლდა ენთუზიაზმი "ზუგდიდს". არ ვიცით, რა მოუვიდა ბესიკ შეროზიას გაწვრთნილ გუნდს, მაგრამ ფაქტია ის, რომ ანგარიშში ჩამორჩენილმა სტუმრებმა წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტეს.

უნდა აღინიშნოს ის, რომ ზუგდიდელთა ფიზიკური მომზადება და მათი შეთამაშების ხარისხი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებდა. ეს, ალბათ, იმით უნდა აიხსნას, რომ სეზონთაშორის პერიოდში კოლხური კლუბი მნიშვნელოვნად გადახალისდა და გაახალგაზრდავდა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გიორგი ცერცვაძის ჯერი დადგა. მან ლევან კაკუბავას პასი მიიღო და ცივსისხლიანად გაიტანა. იმ ეპიზოდში ცერცვაძემ საფეხბურთო ნიუანსებში წვდომის დიდებული უნარი გამოავლინა და დროულად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ პარტნიორმა კაკუბავამ მას პასი არ დაუგვიანა.

მეორე ტაიმში თამაშის საერთო სურათი არ შეცვლილა. კაჭარავას შეგირდები სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. ეს გოლებშიც აისახა, რამდენიმე შემთხვევაში კი ცხინვალელებს სიზუსტე დააკლდათ.

თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე კახა კაჭარავას გაწვრთნილი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო ხელშესახები გახდა. ლეკვთაძის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ზურაბ მამალაძემ ძლივს მოიგერია, მაგრამ იქვე გაჩნდა კაჭარავა და მორიგი გოლი ჩაიწერა აქტივში.

ბოლო აკორდი ისევ "ცხინვალისა" იყო. მას შემდეგ, რაც ნიკა კაჭარავამ ვერ შეაგდო, ბურთს საჭირო დროს და საჭირო ადგილას დახვდა შეცვლაზე შესული ბიძინა მახარობლიძე და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
30.08. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო). 300 მაყურებელი
ცხინვალი-ზუგდიდი 5:1
გოლები: 0:1 წურწუმია (12), 1:1 კაჭარავა (26), 2:1 ლეკვთაძე (29), 31 ცერცვაძე (40), 4:1 კაჭარავა (60), 5:1 მახარობლიძე (90)
ცხინვალი (4-5-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე - ივანიშვილი, ქარდავა (46. მახარობლიძე), ბეჭვაია, ცაცკრიალაშვილი (80. გიგაური), ლეკვთაძე - კაჭარავა.
სათადარიგოები: კერესელიძე, ბურძენაძე, ჭაფოძე, ბოლქვაძე.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ზუგდიდი (4-5-1): მამალაძე - მაჩაიძე, თიბილაშვილი, მალანია, ჯავაშვილი (72. ჟვანია) - თუთბერიძე (46. ც. სამუშია), ტყემალაძე, წყაროზია, ფიფია (69. ბულია), წურწუმია - კვარაცხელია.
სათადარიგოები: ჯომიდავა, გავაშელიშვილი, ქანთარია, ჩანგელია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: მალანია (62), ცაცკრიალაშვილი (67), ჯავაშვილი (72)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ა. იაშვილი (დინამო თბ) 3
მ. ცინცაძე (დინამო თბ) 3

IV ტური
11 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-გურია
მერანი-დინამო (თბ)

12 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-შუქურა
საპოვნელა-სიონი
ზუგდიდი-ჩიხურა
დილა-ცხინვალი
დინამო (ბთ)-ტორპედო
საბურთალო-სამტრედია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული