ჩიხურა-მერანი 3:0 - გამარჯვებულს ნუ გავასამართლებთ

AutoSharing Option
ორმხრივი უაზრო ძუნძული, უხეირობა, უნიათობა, პასებისა და დარტყმების იშვიათობა და ისიც უზუსტობა - სხვა ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი პირველმა ტაიმმა, რომლის განმავლობაში მეკარეებს არავითარი საქმე არ ჰქონიათ და მხოლოდ მაშინ თუ ეხებოდნენ ბურთს, როცა თანაგუნდელები მიუგორებდნენ. ამიტომ არც სათქმელი გვაქვს რამე და არც განსახილველი.

ეტყობა, შესვენებაზე სოსო ფრუიძემ გვარიანად შეაფუცხუნა შეგირდები და შეცვლაც სწორად გამოიცნო, როცა მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოედანზე თორნიკე მუმლაძე შეუშვა.

სწორედ ამას უნდა მიეწეროს ის ფაქტი, რომ საჩხერელები მოწინააღმდეგის მოედანზე "დასახლდნენ" და, რომ არა ჯერაც მუდმივად თანმდევი სენი
- უზუსტობა, 49-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილიც ვალდებული იყო, გაეტანა და 51-ე წუთზე - მუმლაძეც. თუმცა ამ უკანასკნელმა მალევე შეძლო შეცდომის გამოსწორება და ანგარიშიც გაიხსნა.

არსებითად აქ არც არაფერი იყო "გამოსასწორებელი", იმდენად ეფექტური გამოდგა კაპიტან შოთა კაშიას გაბედული რეიდი და პირდაპირ ფეხზე დასმული უზუსტესი საგოლე პასი.

65-ე წუთზე დეკანოიძემ გაფლანგა გოლის გატანის შანსი, ხოლო იმავე წუთზე ჩიკვაიძემ დაუფასა გარჯა და შესანიშნავი პასი თანაგუნდელ გიორგი ჭანკოტაძეს.

"ჩიხურას" ყოფილი მეკარე ზარქუას თავგანწირვა (ხშირად იგერიებდა აუღებელი კატეგორიის დარტყმებს) რომ არა, ანგარიშში სხვაობა ბევრად მეტი იქნებოდა. 78-ე წუთზე მან კიდევ ერთხელ გვიჩვენა სასწაული, როცა შორეული კუთხისკენ გაფრენილი ბურთი მოიგერია მუმლაძის უძლიერესი თავური დარტყმის შემდეგ, ოღონდ, ეგ იყო, იქვე მყოფმა ჯოხაძემ მეკარეს წამოდგომა აღარ აცალა - 3:0.

"მშრალი" ანგარიშით მოგების მიუხედავად, გულშემატკივარს საჩხერელთა მიმართ მაინც აქვს პრეტენზიები, მაგრამ, როგორც წესი, გამარჯვებულს ნურც ჩვენ გავასამართლებთ.

საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური
30.08. ივანწმინდა. 300 მაყურებელი
ჩიხურა-მერანი 3:0
გოლები: 1:0 მუმლაძე (51. კაშიას პასით), 2:0 ჩიკვაიძე (65. ჭანკოტაძის პასით), 3:0 ჯოხაძე (78)
ჩიხურა: კუპატაძე, გრიგალაშვილი, კუსიანი, ჭანკვეტაძე, განუგრავა, გაბაძე (46. მუმლაძე), დეკანოიძე, სარდალიშვილი (70. ჯოხაძე), ჩიკვაიძე (74. მეგრელიშვილი), დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, კაკაშვილი, კორიფაძე, ივანიშვილი.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მერანი: ზარქუა, რუხაია, პაჭკორია, (67. ი. ციცხვაია), შალიკაშვილი, გეგია, წოწონავა (60. ფაილოძე), ხორგუაშვილი, კუტალია, ბროლაძე, ჯღამაია, წურწუმია (58. გვაზავა).
სათადარიგოები: სევასტიანენკო, აშორტია, დ. ციცხვაია, შალამბერიძე.
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
გაფრთხილება: პაჭკორია (30)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ა. იაშვილი (დინამო თბ) 3
მ. ცინცაძე (დინამო თბ) 3

IV ტური
11 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-გურია
მერანი-დინამო (თბ)

12 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-შუქურა
საპოვნელა-სიონი
ზუგდიდი-ჩიხურა
დილა-ცხინვალი
დინამო (ბთ)-ტორპედო
საბურთალო-სამტრედია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული