14:07 14-09-2015
დინამო (ბთ)-ტორპედო 1:1 - რევანში არ შედგა [VIDEO]
AutoSharing Option
მაგრამ დაიწყო შეხვედრა და გამოჩნდა, რომ გიორგი დარასელიამ ქუთაისელები ბათუმელთა შეტევებისთვის კარგად მოამზადა. პირველ ტაიმში ისინი უკეთ გამოიყურებოდნენ მასპინძლებზე, რომელთაც ბევრი არაფერი გამოსდიოდათ. "ტორპედომ" პრესინგით სივრცეები შეუზღუდა "დინამოს" და შეტევების გამწვავების შანსი მაქსიმალურად შეუმცირა.
ბათუმელებმა შეტევები მხოლოდ ტაიმის ბოლოს გაამწვავეს - ბექა ჭკუასელმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ნიკა დიასამიძემ კარში დაუხანებლად დაარტყა, მაგრამ - არაზუსტად.
მერე იერიშებში "ტორპედოც" გამოცოცხლდა. დასარტყმელ პოზიციაზე გასულ ოთარ კვერნაძეს მეკარე მიხეილ ალავიძე ფეხებში ჩაუწვა და ვითარება განმუხტა.
რატომღაც, გუნდები მეტისმეტად ფრთხილობდნენ და უგოლო ტაიმიც სრულიად ლოგიკური იყო. მეორე ნახევარში კი დარასელიას მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა ის შედეგი გამოიღო, რომ მოედანზე შესულმა თორნიკე კაპანაძემ და შოთა ბაბუნაშვილმა შეტევები გაამწვავეს და გაამრავალფეროვნეს. მალე ანგარიშიც გაიხსნა...
...61-ე წუთზე გიორგი კუხიანიძე საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი გიორგი ქიმაძეს შეაყოლა, რომელმაც გარისკა და მახვილი კუთხიდან დაარტყა. რისკმა გაამართლა - 0:1.
ბათუმელთა დამრიგებელი შოთა ჭეიშვილი ვა-ბანკზე წავიდა და მოედანზე მესამე ფორვარდი შეუშვა - ლუის ალბერტო მედინა, სქემა კი 3-4-3-ზე გადააწყო და "დინამოც" აშკარად გამოფხიზლდა.
ბათუმელებმა წონასწორობა "სტანდარტულიდან" აღადგინეს: მარცხენა ფლანგიდან ჯარიმა გიორგი გაბედავამ შეასრულა, იმავე წამს ქუთაისელთა საჯარიმოში გელა გოგიტიძე გაიხსნა და თავით ზუსტად დაარტყა - 1:1.
ამის შემდეგ თამაში "გაიხსნა" და ერთობ თვალსასეირო საცქერი გახდა, მომენტიც შეიქმნა. 68-ე წუთზე ქუთაისელები მასპინძელთა კარში პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ - ლაშა შინდაგორიძის გადაცემის შემდეგ ბათუმელთა მეკარის საჯარიმოსთან დასწრებაზე თამაშობდა დავით კირკიტაძე, რომელსაც მეკარე ალავიძემ შეუშალა ხელი. ფორვარდი წაიქცა, თუმცა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მოედანზე მყოფთ თამაშის გაგრძელება ანიშნა.
შემდეგ სტუმართა კარს ორჯერ დაემუქრა გიორგი ბერიაშვილი, მაგრამ მიზანმა ორივეჯერ უმტყუნა. რამდენიმე წუთში მშვენიერ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა გიორგი ქავთარაძე, თუმცა ახლო მანძილიდან ცუდად დაარტყა და ბურთი კარს ააცილა.
ბოლო წუთებზე ორჯერ შეეცადა გატანას ბაბუნაშვილი, მაგრამ მიზანი ვერც მან გაასწორა. გაბედავას კუთხურის შემდეგ რეალური საგოლე მომენტი ნიკა მგელაძესაც ჰქონდა, ოღონდ ეგ იყო, ახლო მანძილიდან დარტყმულ თავურს მეკარე რევაზ თევდორაძემ დროული რეაქციით უპასუხა, თორემ ბურთი "ტორპედოს" კარის ბადეში აღმოჩნდებოდა.
მალე ხიფათი კვლავ ბერიაშვილმა შექმნა - დასარტყმელი შანსი მისცა ლუის ალბერტოს, რომელმაც ახლო მანძილიდან ვერ ივარგა და პარტნიორის ამაგი ქარს გაატანა. ბოლო წუთზე კი მასპინძლეთა დამწუხრება კირკიტაძეს შეეძლო - საჯარიმოსთან მან მეკარე ალავიძეს აართვა ბურთი და წესიც დაარღვევინა. სტუმრები წითელ ბარათს ითხოვდნენ, თუმცა ვადაჭკორია მსუბუქი ზომით შემოიფარგლა - ალავიძეს გაფრთხილება აკმარა.
ერთი სიტყვით, ბათუმის "დინამომ" ძველი წყენის გამო რევანში ვერ აიღო - 1:1.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IV ტური
13.09. ქობულეთი. ჩელე არენა. 500 მაყურებელი
დინამო (ბთ)-ტორპედო 1:1
გოლები: 0:1 ქიმაძე (61. კუხიანიძის პასით), 1:1 გოგიტიძე (71. გაბედავას პასით)
დინამო (4-4-2): ალავიძე - ქავთარაძე, გოგიტიძე, მგელაძე, სუხიაშვილი - ჭკუასელი (64. ლუის ალბერტო), შონია, ვარშანიძე, დიასამიძე (46. ტეტუნაშვილი) - გაბედავა, ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, ტაკიძე, ვ, თევდორაძე ჩირიკაშვილი, კვანტალიანი, ქათამაძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
ტორპედო (4-2-3-1): თევდორაძე - ოდიკაძე (69. ნიკონოვი), ჭიჭინაძე, ადამაძე, ქიმაძე - მამასახლისი, კლიმიაშვილი (46. ბაბუნაშვილი) - კირკიტაძე, კუხიანიძე, შინდაგორიძე - კვერნაძე (59. კაპანაძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ხურციძე, ნერგაძე, გოგუაძე.
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილება: კლიმიაშვილი (42), თევდორაძე (90), ალავიძე (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია.
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
15-16 სექტემბერი
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8 ფინალი. I მატჩები
V ტური
20 სექტემბერი, კვირა
სიონი-ლოკომოტივი
შუქურა-საპოვნელა
ტორპედო-კოლხეთი
ცხინვალი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-დილა
დინამო (თბ)-ზუგდიდი
სამტრედია-მერანი
გურია-საბურთალო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული