12:23 21-09-2015
დინამო (თბ)-ზუგდიდი 3:1 - "დინამო" ისევ ასპროცენტიანია [VIDEO]
AutoSharing Option
ზუგდიდელები "დინამო არენაზე" შემართებით გავიდნენ. მაგრამ მათი ენთუზიაზმი მასპინძლებმა მალევე დააცხრეს და უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. დინამოელები მეტოქის დაცვაში სუსტ წერტილს ეძებდნენ და ბოლოს მიაგნეს კიდეც.
ეს "სტანდარტულის" გათამაშებით მოხერხდა. მე-18 წუთზე კუთხური ოთარ კიტეიშვილმა ჩააწოდა, შეტევაში ჩართულმა გიორგი გველესიანმა კი დასწრებაზე ყველას აჯობა, მცველებზე მაღლა ახტა და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.
დინამოელები ბევრს უტევდნენ და სხვაობის გაზრდას ცდილობდნენ. 25-ე წუთზე, საჯარიმოს მისადგომებიდან ეს ლაშა პარუნაშვილმა სცადა ლამაზი დარტყმით, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა და სტუმრები გადარჩნენ.
...ბოლო პერიოდში "დინამომ" რამდენიმე, გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდა შეკრიბა და საკამათო არ არის, რომ გიორგი თევზაძის დამატებაც ძალიან მოუხდა. 19 წლის მარცხენა მცველი დღეს ამ პოზიციაზე გამორჩეულია ხალასი და ლამაზი თამაშით, შეტევებში ეფექტური და სასარგებლო ჩართვებით კი კითხვებს აღარ ბადებს, ღირდა თუ არა მისი შეძენა. თევზაძის დიდი პოტენციალი ჯერ კიდევ 19-წლამდელთა ნაკრებში გამოჩნდა. ეგ არის, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მაინც გამოუცდელი გახლდათ. თუმცა გია გეგუჩაძეს ასე არაერთი ტალანტი "გაუხსნია" და იმედია, მალე თევზაძესაც კარგად "დაამუშავებს".
...მეორე ტაიმში სტუმართა კარს პირველად სწორედ თევზაძე დაემუქრა - სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ასცდა. თუმცა მისმა მცდელობამ შედეგი მაინც გამოიღო. მან დიდი როლი ითამაშა თბილისელთა მეორე საგოლე კომბინაციაში - მარცხენა ფლანგზე მცველი ჯერ ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა, მერე საჯარიმოში, კარის წინ კარგად გახსნილ გიორგი ქვილითაიას ბურთი ფეხზე "დაასვა" და ამ უკანასკნელსაც, უბრალოდ, სხვა გზა აღარ ჰქონდა - 2:0.
ქვილითაია ცალკე თემაა. ეს ბიჭი პატარაობიდანვე გოლის ალღოთი გამოირჩეოდა. საჭირო დროსა და ადგილას თავდამსხმელი შემთხვევით ვერ მოხვდება, ამას ნიჭი სჭირდება. ქვილითაია პირველ გოლზეც დროულად გაიხსნა და მეორე შემთხვევაშიც. მორიგი იერიში ალექსანდრე იაშვილმა წამოიწყო და შეტევა მარცხენა ფლანგზე ვახტანგ ჭანტურიშვილს გაუგრძელა - ამჯერად, ქვილითაიას ასისტენტობა სწორედ მან გაუწია. ტანმაღალმა ფორვარდმა კი დროული პასი ამჯერადაც შეირგო და მცველს კვლავ ერთი წამით დაასწრო - 3:0.
სტუმრებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხეს. აკაკი წყაროზიამ ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, წინ დაიძრა და საჯარიმოსკენ დაძრულ ცოტნე სამუშიას მშვენივრად უპასა - მცველებმა უკან დახევა ვერ მოასწრეს და ზუგდიდელთა ახალგაზრდა შემტევმა სხვაობა შეამცირა - 3:1.
წლეულს ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გეგუჩაძის გუნდმა ჩემპიონატის ერთ, ცალკე აღებულ მატჩში 4 გოლი ვერ გაიტანა. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა - მწვრთნელისთვის და "დინამოს" ქომაგისთვისაც მთავარია, რომ გუნდი ქულათა ასპროცენტიანი მარაგით ერთპიროვნულად ლიდერობს ჩემპიონატს, ბურთების შთამბეჭდავი შეფარდებით - 19:3.
მომდევნო ტურში "დინამოს" დიდი გამოცდა ელის - 26 სექტემბერს გორში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ესტუმრება და ამბიციების დამტკიცებას შეეცდება.
მატჩის შემდეგ
ბესიკ შეროზია ("ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი):
"წინა მატჩში, საქართველოს თასზე, გორის "დილასთან" სტუმრად გავიმარჯვეთ. მაგრამ სეზონის სტარტი მაინც ცუდია და ახლაც ვიცოდით, რომ მძიმე შეხვედრა გველოდა. ვცდილობდით, რომ მეტოქის შეტევები შეგვეჩერებინა და კონტრიერიშებზე სწრაფად გვეთამაშა. თუმცა შეტევის ფაზაში მოვიკოჭლებდით, "დინამომ" კი კლასით გვაჯობა, გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობა და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს. ამიტომაც დამსახურებულად გაიმარჯვა".
გია გეგუჩაძე ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. მაგრამ დღესაც გამოჩნდა მთავარი პრობლემა - თამაშს ნაადრევად ვანებებთ თავს. არადა, "დინამოს" მეტი პოტენციალი აქვს და ამაზე მუშაობა გვმართებს".
საქართველოს ეროვნული ჩემიონატი. უმაღლესი ლიგა. V ტური
20.09. თბილისი. დინამო არენა. 300 მაყურებელი
დინამო (თბ)-ზუგდიოდი 3:1
გოლები: 1:0 გველესიანი (18. კიტეიშვილის პასით), 2:0 ქვილითაია (56) 3:0 ქვილითაია (62), 3:1 ც. სამუშია (71)
დინამო: ბეგაშვილი - კაკაბაძე, გ. თევზაძე, გველესიანი, ზ. ჭელიძე - კიტეიშვილი (57. ა. იაშვილი), მ. ცინცაძე (65. ჯიღაური), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი - არაბული (62. ჯანელიძე), ქვილითაია.
სათადარიგოები: გუგეშაშვილი, ტვილდიანი, გურული, ს. ლობჟანიძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ზუგდიდი: ჯომიდავა - გ. ქანთარია, გ. გავაშელიშვილი, ზ. მალანია, ჯავაშვილი - ტყემალაძე (63. ს. მალანია), თიბილაშვილი (67. ნარმანია) - ქირია (57. თუთბერიძე), წყაროზია, ც. სამუშია - ბულია.
სათადარიგოები: მამალაძე, ელიავა, გ. სამუშია, ჟვანია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილებები: ჯანელიძე (73), ჭანტურიშვილი (78), ბულია (85)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
მომდევნო, VI ტური
25 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-შუქურა
26 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-საპოვნელა
მერანი-გურია
ზუგდიდი-სამტრედია
დილა-დინამო (თბ)
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ტორპედო-ცხინვალი
საბურთალო-სიონი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თუხარელი ათამაშე შეროზია და გეშველება ვის ათამაშებ,სხვას როცა თუხაელი გყავს, თუ მეგრული პონტი გაქვთ გაშ ვებული
0
0
გადავსებული დინამო არენა სამარცხვინოა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული