12:43 21-09-2015
ჩიხურა-დილა 0:1 - ჩემპიონურად! [VIDEO]
AutoSharing Option
ჩემპიონმა მართლაც ჩემპიონურად ითამაშა, მაგრამ მეტოქეც რომ არ იყო ჯაბანი, ეს ორმხრივად ცეცხლოვანმა, თვალსასეირომ, დინამიურმა, ყველა კომპონენტში თანაბარმა პირველი ტაიმის 25-მა წუთმაც დაადასტურა.
მეტიც - ტაიმამდე დარჩენილ დროის მონაკვეთში საჩხერელებმა კიდევ უფრო მოუმატეს და გამოსარჩევად აქტიური ჩიკვაიძისა და კუჭუხიძის ძალისხმევით პირდაპირ ცეცხლი დაანთეს გორელთა საჯარიმოში. მეკარისა და მცველების თავგამოდება რომ არა, ეს მონაკვეთი მინიმუმ ერთ გოლს მაინც იმსახურებდა.
ავიღოთ თუნდაც 32-ე წუთი, როცა დობროვოლსკის შორეული, უძლიერესი დარტყმა ბრწყინვალე რეაქციით მოიგერია კუთხურზე შევჩენკომ. კუთხურს კუთხური მოსდევდა, მაგრამ გორელთა კარი "მშრალი" რჩებოდა...
მეორე ტაიმში "დილამ" მოწინააღმდეგეს იმავე ტემპით თამაშის საშუალება აღარ მისცა, რაც, უპირატესად, მოედანზე "ყველგანმავალი" გოგიტა გოგუას შემოსვლამ განაპირობა - ვერცხლისწყალივით მოძრავმა, უბერებელმა ნახევარმცველმა (პირობით, თორემ დაცვაშიც კარგად ირჯებოდა და თავდაცვაშიც) თამაშის დალაგება ითავა და ზედმიწევნით კარგადაც შეასრულა ეს მოვალეობა.
ამით საჩხერელი მცველების მარწუხები შედარებით მოიცილეს ნავალოვსკიმაც და მოდებაძემაც, სივრცეები გაეხსნათ სხვებსაც.
51-ე წუთზე "ჩიხურას" დაწინაურება შეეძლო - კუჭუხიძისა და დეკანოიძის მიერ გათამაშებული კომბინაციით, ეს უკანასკნელი საგოლე პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ აქცენტი დარტყმის სიძლიერეზე გადაიტანა და... ააცილა.
65-ე წუთზე უკვე კუპატაძემ მოახდინა მცირე სასწაული, თუმცა უკუგდებულ ბურთზე რეაგირებისას მარცვალაძეს ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინა, მასპინძლებს ეს სასწაულიც აღარ უშველიდათ...
სივრცე, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, 68-ე წუთზე გამოიყენა მოდებაძემ და ახლოდან აუღებელი გაიტანა. მასვე შეექმნა "ტყუპისცალი" მომენტი 85-ე წუთზე, მაგრამ კუპატაძემ "დუბლი" აღარ შეასრულებინა...
საჩხერელები ბოლომდე თავგამოდებით იბრძოდნენ ქულის გადასარჩენად, თუმცა მუმლაძის თავური და ჭანკოტაძის "მაკრატელა" მხოლოდ საცქერლად იყო საამო...
საქართველოს ეროვნული ჩემიონატი. უმაღლესი ლიგა. V ტური
20.09. ივანწმინდა. 700 მაყურებელი.
ჩიხურა-დილა 0:1
გოლი: 0:1 მოდებაძე (68)
ჩიხურა: კუპატაძე, გრიგალაშვილი, კუსიანი, განუგრავა, დეკანოიძე (79. მუმლაძე), ჭეჭელაშვილი (29. ჭანკოტაძე), დობროვოლსკი, კაშია, სარდალიშვილი (73. კორიფაძე), ჩიკვაიძე, კუჭუხიძე.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, მეგრელიშვილი, კაკაშვილი, ჯოხაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დილა: შევჩენკო, ნავალოვსკი, ქარქუზაშვილი, კვახაძე, ღონღაძე, ერისთავი (46. გოგუა), ფალავანდიშვილი, გვალია, კვირკვია (58. ახალკაცი), მარცვალაძე (79. ილურიძე), მოდებაძე.
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, ხურცილავა, პაპავა, მაშუკოვი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: გოგუა (71), კვახაძე (86)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.
ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 4
ო. მარცვალაძე (დილა) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
მომდევნო, VI ტური
25 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-შუქურა
26 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-საპოვნელა
მერანი-გურია
ზუგდიდი-სამტრედია
დილა-დინამო (თბ)
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ტორპედო-ცხინვალი
საბურთალო-სიონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული