კიდევ ერთი ქართველი "ვიტესში"? - არნემული კლუბი ნავალოვსკით დაინტერესდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მარცხენა მცველის, გიორგი ნავალოვსკის გადაბირება, რომელიც ამჟამად გორის "დილაში" თამაშობს, არნემის "ვიტესს" სურს.

ამჟამად, "ვიტესის" რიგებში ორი ჩვენებური თამაშობს - კაპიტანი გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი. ქართველები გუნდის ლიდერები არიან. კაშიამ არნემულ კლუბთან რამდენიმე დღის წინათ გააფორმა ახალი კონტრაქტი, რომლის ძალითაც ის გუნდში 2020 წლამდე დარჩება.

ნავალოვსკი "დილაში" სეზონის დაწყების წინ გადავიდა. მას სხვადასხვა დროს უთამაშია თბილისის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", "ანჟიში", ბაქოს "ინტერში", "ვოლგაში", "ხიმკიში", "მეტალურგ-კუზბასში", "სკა ენერგიასა" და "ტოსნოში".

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ნავალოვსკიმ 6
მატჩი ჩაატარა. როგორც კი მან საქართველოს პასპორტი დაიბრუნა, კახა ცხადაძისგან ნაკრებში მიწვევა მიიღო და მალევე ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა.

რა თქმა უნდა, ჰოლანდიის ერედივიზიონში გადასვლა ნავალოვსკისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ ტრანსფერის ალბათობას ის ფაქტიც ზრდის, რომ ცოტა ხნის წინათ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში "ვიტესის" წარმომადგენლად გოგა გახოკიძე დაინიშნა.

"ვიტესში" ქართველების ავტორიტეტი ძალიან დიდია. ეს არცაა გასაკვირი - კაშიამ და ყაზაიშვილმა აღიარება კარგი თამაშით დაიმსახურეს. ორივე ქართველისთვის მიმდინარე სეზონი აშკარად საუკეთესოა.

კაშიას თამაშს სპეციალისტები უმაღლეს შეფასებას აძლევენ. შემთხვევითი არ არის, რომ ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატის დაწყების შემდეგ გურამი, ფაქტობრივად, ყველა გამოცემის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში ხვდება. სულ ახლახან იყო, კაშია "ვიტესის" შემადგენლობაში სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც რომ დაასახელეს.

"მეორე სუნთქვა" გაეხსნა ვაკო ყაზაიშვილს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ფორმაციის "ვიტესი" ქართველი შემტევი ნახევარმცველის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

ვაკო ნამდვილ მეგოლედ იქცა და ამ სტატუსს ლამის ყოველ მატჩში ამართლებს. გამონაკლისი არ ყოფილა ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაც, რომელშიც მან "ზვოლეს" გაუტანა.

ყაზაიშვილის პროგრესი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც თვალსაჩინოა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, განსაკუთრებით კი, მის მეორე ნახევარში, ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა.

ამას იმიტომ ვყვებით, რომ ჩანს, "ვიტესში" ძალზე ხელსაყრელი გარემოა ფეხბურთელის პროგრესისთვის და თუ იქ ნავალოვსკიც მოხვდა, ესეც კიდევ ერთი პლუსი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.

...და რაც მთავარია: ქართველებს ძალიან კარგი თვალით უყურებს "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნავალოვსკი ვიტესზე უკეთეს გუნდს იმსახურებს. მილანი ზედგამოჭრილია.
მურთაზი
07:27 21-10-2015
0
არ მემეტება გორის"დილადან"წასასვლელად,მაგრამ მას შანსი უნდა მიეცეს/ნამდვილად იმსახურებს/ უფრო კარგ ჩემპიონატში თამაშს.ოღონდ მისი წასვლით"დილამაც" უნდა იხეიროს ფინანსურად.წარმატებებს ვუსურვებ"დილასაც" და ნავალოვსკისაც.
მერაბი
16:27 20-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული