სამტრედია-ტორპედო 3:1 - დერბი ლამაზი გოლებით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქუთაისური გუნდის ახალმა თავკაცმა ალექსანდრ შტელინმა თბილისის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ძირითადს დაუბრუნდნენ ვეტერანები - შოთა ბაბუნაშვილი და გიორგი ნერგაძე, რომლებიც შტელინის ხელმძღვანელობით "ტორპედოში" ჯერ კიდევ 2002-03 წლებში თამაშობდნენ. სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ დისკვალიფიკაციამოხდილი ფორვარდი ოთარ კვერნაძეც.

შეცვლილი იყო გუნდის სათამაშო სქემაც, მაგრამ ქუთაისელთა თავკაცს მალევე მოუხდა თამაშში კორექტივების შეტანა, რადგან საწყისი წუთები მისმა გუნდმა აშკარად ჩააგდო. ქუთაისელებს განსაკუთრებით მოედნის ცენტრში გაუჭირდათ, სადაც სწრაფი და მოძრავი სამტრედიელებისგან დაიჩაგრნენ.

მასპინძლებმა უპირატესობა სწრაფი და, თანაც, ძალიან ლამაზი გოლით დააგვირგვინეს, მათი
შეტევისას ქუთაისელთა მიერ უხეიროდ მოგერიებულ ბურთს ავთო ენდელაძემ ცაცია შეაგება და "ცხრიანში" გაახვია.

შტელინმა ცენტრის დასალაგებლად ნაადრევი ცვლილება განახორციელა და ზაურ გოგუაძის ნაცვლად მოედანზე გიორგი კუხიანიძეს უხმო, რომელმაც თავისი ტექნიკური არსენალის წყალობით "ტორპედოს" თამაში გამოასწორა. თუმცა მანამდე მასპინძლებს მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ, როცა ჯიქია-მჭედლიშვილი-რაჟამაშვილის უსწრაფესი სამსვლიანი კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დამთავრდა, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა მიზანს.

თანდათან თამაში გათანაბრდა და ირაკლი კლიმიაშვილმა იშვიათი სილამაზის გოლით წონასწორობა აღადგინა - მარცხენა ფლანგზე სამი ვიზავი ჩამოიცილა, საჯარიმოს კუთხისკენ შეიწია და "მოჭრილი" დარტყმით ბურთი სამტრედიელთა კარში ჩაახვია. კახაბერ მეშველიანის ნახტომი ამაო გამოდგა - მხოლოდ ეპიზოდი თუ გაალამაზა...

ტაიმის მიწურულს დათუნაიშვილს შეეძლო სამტრედიელთა წინ გაყვანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ხარიხას გადააცილა.

მეორე ნახევარი მასპინძლების აქტიურობით დაიწყო - თევდორაძემ ზივზივაძისა და რაჟამაშვილის სახიფათო დარტყმები მოიგერია, ქუთაისელთაგან კი კვერნაძეს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მის მიერ მახვილი კუთხიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია.

თამაში ისე მიდიოდა, ერთ გოლს შეეძლო ყველაფერი გადაეწყვიტა. ამიტომ მწვრთნელებმა შეტევითი პოტენციალის გასაუმჯობესებლად შეცვლებს მიმართეს. ცვლილებამ გია ცეცაძეს უფრო გაუმართლა - ირაკლი სიხარულიძემ მოედანზე გასვლისთანავე პენალტი "მოინადირა", ზივზივაძემ კი გოლად აქცია და ყოფილი გუნდი კვლავ მდევრის როლში ჩააგდო.

ქუთათურები ანგარიშის გასათანაბრებლად შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტების შესაქმნელად ძალები აღარ ჰყოფნიდათ, სამტრედიელები კი მათ სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. ერთ ეპიზოდში, როცა რაჟამაშვილმა მეკარეს მთივლიშვილი პირისპირ შეატოვა, "ტორპედო" თევდორაძემ იხსნა, მაგრამ მორიგი კონტრშეტევისას ქუთაისელები გოლს მაინც ვერ გადაურჩნენ - იმავე ზივზივაძემ დავით ჯიქიას ცარიელ კარში გაატანინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ტორპედომ" ბოლო ოთხ შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. ასე რომ, შტელინს მდგომარეობის გამოსასწორებლად დიდი ძალისმევა დასჭირდება. "სამტრედია" კი, რომელიც ყველაზე შედეგიანი (თითქმის 3 გოლი საშუალოდ ერთ მატჩში) გუნდია მიმდინარე ჩემპიონატში, მესამე პოზიციაზე დაბრუნდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. IX ტური
23.10. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ტორპედო 3:1
გოლები: 1:0 ენდელაძე (9), 1:1 კლიმიაშვილი (31), 2:1 ზივზივაძე (71-პენ), 3:1 ჯიქია (86. ზივზივაძის პასით)
სამტრედია (4-4-2): მეშველიანი - მთივლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი - მჭედლიშვილი (68. სიხარულიძე), დათუნაიშვილი, ენდელაძე, ჯიქია - რაჟამაშვილი, ზივზივაძე.
სათადარიგოები: ბ. ცინცაძე, ახალაძე, იოსელიანი, კერძევაძე, კვარაცხელია, თებიძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ტორპედო (4-4-1-1): თევდორაძე - ტაბატაძე, ადამაძე (73. ნიკონოვი), ჭიჭინაძე, ქიმაძე - სიჭინავა, კლიმიაშვილი, ნერგაძე, გოგუაძე (12. კუხიანიძე) - ბაბუნაშვილი - კვერნაძე (64. კაპანაძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ბურჯანაძე, ფანცხავა, ხურციძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაფრთხილება: ქიმაძე (51), სიჭინავა (63), ნერგაძე (74)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი.

ბომბარდირები:
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
ო. მარცვალაძე (დილა) 8

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
27-29 ოქტომბერი

უმაღლესი ლიგა, X ტური
31 ოქტომბერი, შაბათი
კოლხეთი-საბურთალო

1 ნოემბერი, კვირა
ზუგდიდი-საპოვნელა
დილა-შუქურა
დინამო (ბთ)-სიონი
ტორპედო-გურია
ცხინვალი-სამტრედია
ჩიხურა-დინამო (თბ)

2 ნოემბერი, ორშაბათი
მერანი-ლოკომოტივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგად შეთამაშებულია სამტრედია.ცეცაძე მაგარია ძაან აათამაშა რაჟამაშვილი და ჯიქია.
გიოო
13:25 26-10-2015
0
გასვლაზე ვერ თამაშობს სამტრედია სამწუხაროდ. კაი ბიჭები ხართ. თქვენ გენაცვალეთ. თქვენი იმედი გვაქვს სამტრედიელებს
ჩიკო
13:22 26-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული