ამხანაგური მატჩი, რომელშიც მონაწილეობდნენ საქვეყნოდ აღიარებული ფეხბურთელები - კახა ცხადაძე, სოსო გრიშიკაშვილი, ზაზა ჯანაშია, გიორგი ნემსაძე, გოგა გახოკიძე, ზურაბ იონანიძე და სხვები, ამგვარი შოუებისთვის დამახასიათებელი ანგარიშით, 6:6 დასრულდა.
ასაკის მიუხედავად, გამორჩეული იყო 39 წლის ზაზა ჯანაშია, რომელმაც გოლი თავის სტილში, ულამაზესი "მაკრატელათი" გაიტანა.
საპატიო სტუმართა
ახლა რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, რომლის შესახებაც სათქმელი ბევრი არც არაფერია. "მერანი" და "ლოკომოტივი" ცხრილის ფსკერზე არიან, ამიტომ მათთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. აღმოჩნდა, რომ უფრო მოტივირებულნი და, შესაბამისად, უფრო მონდომებულებიც ჟერარდ სარაგოსას შეგირდები ყოფილან.
მათ მარტვილელთა რბევას სათავე საწყისი წუთებიდანვე დაუდეს. უკვე მე-12 წუთისთვის ისინი ორბურთიანი ფორით დაწინაურდნენ - ჯერ ზვიად ქანთარიამ თავით, ოთხიოდე წუთში კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე შერმადინ ართმელაძემ დაასწრო ყველას და თავისიანების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
ამის შემდეგ მასპინძლებიც გააქტიურდნენ. მეტოქის კარს დათა ციცხვაია უტევდა სახიფათოდ. პირველ ეპიზოდში დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა, მოგვიანებით კი, მცველთან ორთაბრძოლაში წაიქცა...
28-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიშის სამამდე გაზრდა ვერ მოახერხეს - ხიდეშელის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი მეკარე ზარქუამ მოიგერია. ტაიმის ბოლოს არბიტრმა ჯენერი ხორავამ "ლოკომოტივის" კარის დარაჯი კუპატაძე მაყურებელთან კამათის გამო მოედნიდან გააძევა.
ასე რომ, სტუმრებს მეორე 45 წუთის ჩატარება ათი კაცით მოუწიათ. წესით, ამით მასპინძლებს უნდა ეხეირათ, თუმცა, როგორც ანგარიშიდან ჩანს, ეს მათ ვერ მოახერხეს. ბადრი კვარაცხელიას მცდელობაც, რომ შეცვლებით გუნდის თამაშში რაიმე კორექტივები შეეტანა, უშედეგო გამოდგა.
მარტვილელებმა, მართალია, ხელთ იგდეს ტერიტორიული უპირატესობა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მიუყვანიათ. უფრო მეტიც, სტუმრებმა მესამედაც იხეირეს - მეკარესთან მარტოდმარტო დარჩენილ ქანთარიას გოლის გატანა არ გასჭირვებია - 0:3.
საბოლოოდ, უშუალო კონკურენტების ორთაბრძოლა თბილისელთა დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. "მერანი" 3 ქულით ისევ ბოლოდან მეორე ადგილზეა. შედეგთან ერთად, მარტვილელთა მთავარი მიზანი თამაშის ხარისხის გამოსწორებაც უნდა იყოს.
"ლოკომოტივი" კი, ზედიზედ მეორე გამარჯვების წყალობით, გასავარდნ ზონას ცოტათი მოშორდა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. X ტური
01.11. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-ლოკომოტივი 0:3
გოლები: 0:1 ქანთარია (7), 0:2 ართმელაძე (12), 0:3 ქანთარია (66)
გამოუყენებელი პენალტი: ხიდეშელი (28)
მერანი (4-3-3): ზარქუა, გეგია, შალიკაშვილი, მარაქველიძე (55. ფაილოძე), ი. ციცხვაია - შ. გვაზავა, წურწუმია (75. ხორგუაშვილი), ჯღამაია - გოგოლაძე (46. პაპადოპულოსი), კუტალია, დ. ციცხვაია.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, გაზრდელიანი, შალამბერიძე, აშორტია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
ლოკომოტივი (4-2-3-1): კუპატაძე, ჩიტეიშვილი, გეთიაშვილი, ხიდეშელი, უბილავა - სულთანიშვილი, ჩიხლაძე (56. დიასამიძე) - ბენაშვილი, ართმელაძე (46. შეროზია), ქიქავა - ქანთარია (70. თექთურმანიძე).
სათადარიგოები: მაკასარაშვილი, ღაღანიძე, გავაშელიშვილი, კიკნაძე
მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა
გაფრთხილება: შალიკაშვილი (37), ჩიხლაძე (37), ი. ციცხვაია (45), უბილავა (45), ქიქავა (67), კუტალია (77)
გაძევება: კუპატაძე (45)
არბიტრი: ჯ. ხორავა.
მომდევნო, XI ტური
6 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-ზუგდიდი
7 ნოემბერი, შაბათი
შუქურა-დინამო (ბთ)
საპოვნელა-დილა
8 ნოემბერი, კვირა
სამტრედია-ჩიხურა
გურია-ცხინვალი
სიონი-ტორპედო
დინამო (თბ)-კოლხეთი
საბურთალო-მერანი.
ბომბარდირები:
ო. მარცვალაძე (დილა) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 7.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"