მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონის ტრიბუნიდან გორელთა მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები გაისმა, რაც ახალგაზრდა სპეციალისტმა უპასუხოდ არ დატოვა. შედეგად, მატჩის არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა სოსიაშვილს წითელი ბარათი უჩვენა. ახლა გორელთა თავკაცს თამაშის ტრიბუნებიდან ცქერა მოუწევს.
"ლელო" უჩა სოსიაშვილს დაუკავშირდა და ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.
"ძალიან ცუდი რამ მოხდა, - გვითხრა სოსიაშვილმა. - არ უნდა ავყოლოდი, ჩემი
გინება გაისმა იქიდან, სადაც არ ზის შემთხვევითი ხალხი. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა გორის სტადიონზე, გაიგებს, რასაც ვამბობ.
ეს არ უნდა მომხდარიყო! მარცხი ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება ხოლმე...
ემოციისგან მოდიოდა ყველაფერი და იქვე მორჩა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და მე ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას, მაგრამ ისიცაა, რომ ადამიანები ვართ და ემოცია ზოგჯერ სჭარბობს ჩვენში...
წავაგეთ მნიშვნელოვანი თამაში. "შუქურა" მოგვიახლოვდა ცხრილში და ლიდერობაც დავკარგეთ. ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ წაგებისგან არავინაა დაზღვეული. "დილამ" ბოლოს საკუთარ მინდორზე დიდი ხნის წინათ წააგო.
"შუქურასთან" დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. პენალტისა და გიორგი ნავალოვსკის გაძევების შემდეგ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ამის მიუხედავად, მინდორზე შევუშვი გიორგი ილურიძე და ირაკლი მოდებაძე. "დილამ" მოგებაზე ითამაშა და როცა ასეთი ფეხბურთელები გყავს გუნდში, როცა ყველა მოთამაშეს ლიდერობა უნდა, სხვანაირად ვერ მოიქცევი. მოხდა ისე, რომ წავაგეთ".
ცხადია, გორელთა თავკაცს კლუბში არსებულ უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაზეც ვკითხეთ:
"უეფადან ველოდებით თანხას და ამით ფეხბურთელების ერთი თვის ხელფასს გავისტუმრებთ. გარდა ამისა, არის ვალები, რომელთაც გასტუმრება სჭირდება", - გვითხრა სოსიაშვილმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"