უჩა სოსიაშვილი: გინება იქიდან მოდიოდა...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა "დილამ" შინ წააგო (1:3) ქობულეთის "შუქურასთან".

მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონის ტრიბუნიდან გორელთა მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები გაისმა, რაც ახალგაზრდა სპეციალისტმა უპასუხოდ არ დატოვა. შედეგად, მატჩის არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა სოსიაშვილს წითელი ბარათი უჩვენა. ახლა გორელთა თავკაცს თამაშის ტრიბუნებიდან ცქერა მოუწევს.

"ლელო" უჩა სოსიაშვილს დაუკავშირდა და ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.

"ძალიან ცუდი რამ მოხდა, - გვითხრა სოსიაშვილმა. - არ უნდა ავყოლოდი, ჩემი
ბრალია... მსაჯმა აბსოლუტურად დამსახურებულად მიჩვენა წითელი ბარათი. გაპროტესტებას არ ვაპირებ. რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო...

გინება გაისმა იქიდან, სადაც არ ზის შემთხვევითი ხალხი. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა გორის სტადიონზე, გაიგებს, რასაც ვამბობ.

ეს არ უნდა მომხდარიყო! მარცხი ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება ხოლმე...

ემოციისგან მოდიოდა ყველაფერი და იქვე მორჩა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს და მე ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას, მაგრამ ისიცაა, რომ ადამიანები ვართ და ემოცია ზოგჯერ სჭარბობს ჩვენში...

წავაგეთ მნიშვნელოვანი თამაში. "შუქურა" მოგვიახლოვდა ცხრილში და ლიდერობაც დავკარგეთ. ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ წაგებისგან არავინაა დაზღვეული. "დილამ" ბოლოს საკუთარ მინდორზე დიდი ხნის წინათ წააგო.

"შუქურასთან" დასანანი მარცხი ვიწვნიეთ. პენალტისა და გიორგი ნავალოვსკის გაძევების შემდეგ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ამის მიუხედავად, მინდორზე შევუშვი გიორგი ილურიძე და ირაკლი მოდებაძე. "დილამ" მოგებაზე ითამაშა და როცა ასეთი ფეხბურთელები გყავს გუნდში, როცა ყველა მოთამაშეს ლიდერობა უნდა, სხვანაირად ვერ მოიქცევი. მოხდა ისე, რომ წავაგეთ".

ცხადია, გორელთა თავკაცს კლუბში არსებულ უმძიმეს ფინანსურ სიტუაციაზეც ვკითხეთ:

"უეფადან ველოდებით თანხას და ამით ფეხბურთელების ერთი თვის ხელფასს გავისტუმრებთ. გარდა ამისა, არის ვალები, რომელთაც გასტუმრება სჭირდება", - გვითხრა სოსიაშვილმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
თქვენ გორელები ცუდ ინფრასტრუქტურაზე წუხართ და ჩვენ ფოთელებმა რა უნდა ვთქვათ, საერთოდ სტადიონიც კი არ გვაქვს და პერსპექტივაც აღარაა მისი აშენების.
გრიშა
10:39 04-11-2015
0
სად დაიხარჯა 2 მილიონი ლარი +ჩემპიონობისთვის მიღებული თანხა და კიდევ სხვა თანხები,რომელიც მე არ ვიცი.ეტყობა "დილას" მესვეურებს ეს ფული საკუთარი ეგონათ და არამიზნობრივად და უყაირათოდ ხარჯავდნენ.შეიძლება ეს თანხა დიდი არ არის,მაგრამ რაც იყო ისე უნდა დაგეგმილიყო მისი ხარჯვა/გუნდში საშტატო რაოდენობა,ხელფასები,პრემიები და ა.შ./,რომ გუნდს გასწვდენოდა მთელი წლის მანძილზე.გარდა ამისა გუნდის ხელმძღვანელობის ვალია თანხების მოზიდვა/სწორად დაგეგმილი მენეჯმეტი/,თუ არ შეუძლიათ,უნდა გადადგნენ და ადგილი დაუთმონ სხვებს,ვისაც საქმის კეთება შეუძლია.
გივი
15:15 03-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული