უმაღლესი ლიგის XI ტურის წინ: უკანასკნელი პაუზა

AutoSharing Option
ფოტოზე: გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ლიდერობა წინა ტურში დაიბრუნა
მოახლოებული ტური სამდღიანია და ამის შემდეგ უმაღლეს ლიგაში ორკვირიანი პაუზა გამოცხადდება: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ამხანაგური მატჩი ელოდება, ახალგაზრდულსა (21-წლამდელები) და 19-წლამდელებს კი - ოფიციალური.

სხვათა შორის, ეს იქნება ბოლო პაუზა პირველ წრეში: 21 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, უმაღლეს ლიგაში კიდევ 4 ტური ჩატარდება, თუმცა, საფეხბურთო წელიწადი ამით არ მთავრდება: დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოს თასის მეოთხედფინალების წილისყრაა და ეს შეხვედრები 2-3 და 15-16 დეკემბერს გაიმართება.

სათასო პაექრობებზე სხვა დროს, ახლა კი
მოახლოებულ ტურზე, რომელიც, იმედია, წინას მსგავსად, საინტერესო იქნება, მით უფრო, რომ რამდენიმე მატჩის შედეგი სატურნირო ცხრილში სერიოზულ გადაადგილებასაც გამოიწვევს...

06.11. თბილისი. "მიხეილ მესხი". 20:00
ლოკომოტივი-ზუგდიდი
დისკვალიფიკაცია: ლაზარე კუპატაძე, დავით უბილავა, ვაჟა ქიქავა (ყველა - ლოკომოტივი)
ურთიერთშეხვედრები
8: +0 =4 -4, 2:7
ტური დღევანდელი ამ მატჩით გაიხსნება და ჟერარდ სარაგოსას დამოძღვრილი "ლოკომოტივი" ყველა ღონეს იხმარს, ბოლოდროინდელი წარმატებული სერია გააგრძელოს. შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "ლოკომოტივმა" ბოლო 2 მატჩი მოიგო და სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გაიუმჯობესა.

რაც შეეხება "ზუგდიდს", ბესიკ შეროზიას გუნდმა ამ ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მხოლოდ წინა ტურში მოიპოვა და მეტოქის მსგავსად, ასევე შეეცდება სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სხვათა შორის, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, "ლოკომოტივს" ჯერ არც ერთხელ არ დაუმარცხებია ზუგდიდის სახელით მოასპარეზე გუნდები ("მგლები", "ბაია"). არადა, დღეს მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი არ ეყოლებათ...

07.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 14:00
საპოვნელა-დილა
დისკვალიფიკაცია: ბექა ბანძელაძე, ვეფხია მურადაშვილი (ორივე - საპოვნელა) - გიორგი ნავალოვსკი (დილა)
ურთიერთშეხვედრები
4: +2 =1 -1, 9:3
გასული თვე თერჯოლელთა გუნდისათვის აშკარად წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ: მირიან გეწაძის გუნდმა ორი მატჩის მოგებით რამდენიმე კონკურენტი ჩამოიტოვა.

აი, "დილაზე" კი ნამდვილად ვერავინ იტყვის, ოქტომბერში ჩვეულ დონეზე იასპარეზაო: ჩემპიონატში ორ მტკივნეულ მარცხს თასიდან გამოვარდნაც მოჰყვა.

არც ის იქნება უმნიშვნელო ამბავი, რომ ხვალინდელ მატჩში "დილას" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი და მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი არ ეყოლება: ორივე დისკვალიფიცირებულია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "საპოვნელა" და "დილა" უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს 21-წლიანი პაუზის მერე ხვდებიან.

07.11. ქობულეთი. "ჩელე არენა". 14:00
შუქურა-დინამო (ბთ)
დისკვალიფიკაცია: გიორგი ჩელებაძე (შუქურა)
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 3:7
სეზონის დაწყების წინ ცოტა თუ წარმოიდგენდა მოვლენების ასეთ განვითარებას: 10 ტურის შემდეგ "შუქურა" პირველ სამეულს სულ მცირედით ჩამორჩება და, ამას გარდა, 6 ქულით უსწრებს ბათუმის "დინამოს"!

აჭარული დერბის მონაწილენი აშკარად სხვადასხვა განწყობით ხვდებიან ხვალინდელ დაპირისპირებას: თემურ შალამბერიძის გაწვრთნილ "შუქურას" მართლაც შთამბეჭდავი სერია (ზედიზედ 4 მოგება, 8 წაუგებელი შეხვედრა) აქვს.

აი, საკადრო პრობლემებმოძალებულმა ბათუმის "დინამომ" კი ჩემპიონატსა და თასზე ჩატარებულ ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა...

07.11. თბილისი. "ბენდელა". 14:00
საბურთალო-მერანი
დისკვალიფიკაცია: ირაკლი ციცხვაია (მერანი)
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან
"საბურთალოს" ძირითად ბირთვს 18-19 წლის ბიჭები შეადგენენ და თანაც, სხვადასხვა "ფრონტზე" უწევთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.

ალბათ, სწორედ ამას უნდა დავაბრალოთ "საბურთალოს" არასტაბილური ასპარეზობაც, თუმცა ბევრად კი არა, მართლაც კატასტროფული ეთქმის "მერანის" სატურნირო მდგომარეობას: მარტვილელთა გუნდი ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ კვლავაც უიმედო აუტსაიდერად რჩება და დღევანდელი გადმოსახედიდან, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენიც არის, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ეს კრიზისი.

08.11. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 14:00
გურია-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: ლუკა ნოზაძე (გურია) - ვასიკო ბაჩიაშვილი, ზვიად ლობჯანიძე (ორივე - ცხინვალი)
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 2:5
წინა ტურში "გურიას" ურიგოდ ნამდვილად არ უასპარეზია ძველ მეტოქესთან ("ტორპედოსთან") მატჩში, თუმცა ქულასაც ვერ გამორჩა. საერთოდაც, ლანჩხუთელთა სატურნირო მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა.

სამაგიეროდ, "ცხინვალი" აგრძელებს შედეგიანად ბურთაობას და ეს იმის მიუხედავად, რომ კახა კაჭარავას გუნდს, ფაქტობრივად, სეზონის დასაწყისიდანვე თან სდევს თითქმის ყველა სახის პრობლემა...

08.11. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 14:00
სამტრედია-ჩიხურა
დისკვალიფიკაცია: ლაშა შერგელაშვილი (სამტრედია) - თორნიკე გრიგალაშვილი (ჩიხურა)
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 3:4
"სამტრედიას" მეტოქეთა კარში ბევრი გოლი გააქვს და საკუთარშიც ბევრს უშვებს, "ჩიხურა" კი - პირიქით: ცოტა გააქვს და ასევე ცოტას უშვებს. აი, ასეთი განსხვავებული საფეხბურთო გემოვნების იმერული დერბი გველოდება, სადაც ვერავინ იტყვის, ვინ იქნება ფავორიტი და ვინ - აუტსაიდერი.

ამას გარდა, საინტერესო იქნება მწვრთნელთა პაექრობაც: ერთ მხარეს - ახალგაზრდა გია ცეცაძე, მეორე მხარეს - გამოცდილი სოსო ფრუიძე...

08.11. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია". 14:00
სიონი-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
40: +8 =6 -26, 36:81
ამ ტურის ერთ-ერთი საინტრიგო დაპირისპირება ბოლნისში უნდა შედგეს: მართლაც მშვენიერ ფორმაში მყოფი "სიონი" კომფორტულ, მესამე ადგილზეა და ბოლნისელთა გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებიც, ალბათ, ცდას არ დააკლებენ ამ პოზიციის შესანარჩუნებლად. მით უფრო, რომ ვარლამ კილასონიას გუნდს სხვა მოტივაციაც ექნება: ამ მეტოქეთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში "ტორპედოს" ხომ აშკარა უპირატესობა აქვს.

ისე, დღესდღეობით "ტორპედო" რომელ ადგილზეც იმყოფება სატურნირო ცხრილში, ეს ნამდვილად არ შეესაბამება ქუთაისელთა ამბიციას. არადა, ალექსანდრ შტელინის გუნდს უფრო მეტის პოტენციალი რომ აქვს, წინა ტურშიც ნათლად გამოჩნდა.

08.11. თბილისი. "დინამო არენა". 18:00. LIVE "I არხზე"
დინამო (თბ)-კოლხეთი
დისკვალიფიკაცია: მერაბ გიგაური (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
53: +37 =11 -5, 119:33
XI ტურის ბოლო მატჩი კი ჩვენს უმთავრეს არენაზე გაიმართება და ასევე ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდმა წინა ტურში ლიდერობა დაიბრუნა და ახლა, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია, ეს სტატუსი ვინმეს დაუთმოს.

თუმცა კვირის მატჩში ჩვენს ყველაზე ტიტულიან გუნდს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელოდება: "კოლხეთი" მუდამ განსაკუთრებული მოტივაციით ასპარეზობს "დინამოს" წინააღმდეგ და ამას ის ფაქტორიც ემატება, რომ ახალი მწვრთნელის, გელა სანაიას ხელმძღვანელობით, ფოთელთა გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული