ჩაშლილი ტენდერები - რამდენი დახარჯა ქუთაისის "ტორპედომ" კვებაში?

AutoSharing Option
ფოტოზე: "ტორპედოს" სასადილო
ქუთაისის "ტორპედომ", იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, კვებაში 143 ათას 644 ლარი და 78 თეთრი დახარჯა. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ქუთაისის მერიიდან და კლუბიდან გამოთხოვილი დოკუმენტაცია იძლევა.

რა ოდენობის თანხა გამოიყო კვებისთვის, რატომ ჩაიშალა ტენდერები და ვისთან გაფორმდა პირდაპირი წესით ხელშეკრულებები - Sportall.ge დეტალებზე:

ქუთაისის "ტორპედომ", გამარტივებული წესით, ტენდერი რძის პროდუქტების შეძენაზე 2 თებერვალს გამოაცხადა, რისთვისაც 18 600 ლარი იყო გათვალისწინებული, ხოლო ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის: ხორცისა და ხორცის პროდუქტებისთვის - 43 300 ლარი.

რძის პროდუქტების ტენდერში, ი/მ "მიტუშა შალამბერიძემ"
გაიმარჯვა, თუმცა, მის გარდა, ტენდერში მონაწილეობა სხვას არ მიუღია.

რაც შეეხება ხორცპროდუქტებს, აქ შპს "უხვმა" მოიგო, თუმცა, მეორე შემთხვევაშიც, ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა.

გარდა ამისა, იოგურტის შესაძენად 7-ათასლარიანი ტენდერი შპს "ვიკას" მოუგია, თუმცა, როგორც ქუთაისის "ტორპედოდან" მიღებული წერილით ირკვევა, იოგურტის შეძენა არ განხორციელებულა, რადგან მენიუში ცვლილებები შევიდა.

"ტორპედომ", ჯამში, აღნიშნულ ტენდერებში 68 ათას 900 ლარი დახარჯა. რაც შეეხება სხვა კვებისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებს, არცერთი მათგანი არ შედგა.

ტენდერი არ შედგა:
26.01.2005 წ. - ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის შესყიდვა (23 300)
26.01.2015 წ. - ხორცის პროდუქტების შესყიდვა (43 300)
26.01.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა, "სურსათი" ( 25 500)
26.01.2015 წ. - რძის პროდუქტების შესყიდვა (18 600)
26.01.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 250)
02.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" (3 250)
02.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტების შესყიდვა "სურსათი" (25 500)
02.02.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა (23 300)
09.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 250 )
09.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" ( 25 000)
09.02.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა (23 300)
20.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 500)
20.02.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" ( 25 500)
20.02.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა ( 23 300)
02.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" (3 500)
02.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" (26 500)
04.03.2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა ( 24 300)
02.03.2015 წ. - რძის პროდუქტების შესყიდვა "იოგურტი" ( 7 000)
11.03.2015 წ. - რძის პროდუქტების შესყიდვა "იოგურტი" ( 7 000)
11.03. 2015 წ. - "ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული და ხილის" შესყიდვა ( 24 500)
11.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "სურსათი" ( 27 000)
11.03.2015 წ. - სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესყიდვა "პური" ( 3 500)

ჩამონათვალს რამდენიმე ტენდერი აკლია, მათ შორის, 16 მარტს გამოცხადებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შეძენაზე, რომლის ღირებულება 9 ათას 600 ლარს შეადგენდა.

კანონის თანახმად, თუკი ტენდერი მინიმუმ ორჯერ მაინც ჩაიშლება, მის გამომცხადებელს უფლება აქვს, რომ პირდაპირი ხელშეკრულების წესით გადასცეს ის თავისთვის სასურველ კომპანიას. ამ შემთხვევაში კი, უცნობია, ვისთან დადეს საკმაოდ მსხვილი ღირებულების ხელშეკრულებები ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელმა პირებმა.

გარდა ამისა, კლუბის მიერ მოწოდებული დოკუმენტის თანახმად, ირკვევა, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით (ივნისის გამოკლებით), "ტორპედომ" კვებაზე სულ 74 ათას 744 ლარი და 78 თეთრი დახარჯა.

იანვარი - 7 494, 88
თებერვალი - 5 758,40
მარტი - 14 509, 53
აპრილი - 17 603, 98
მაისი - 11 991, 63
ივნისი - 0.00
ივლისი - 6 221, 47
აგვისტო - 11 164, 98
სექტემბერი - 3833, 89

გარდა პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებებისა, ჩატარებული ტენდერებისა და კლუბის მიერ მოწოდებული ხარჯთაღრიცხვით, "ტორპედომ" მთლიანობაში კვებაში 143 ათას 644 ლარი და 78 თეთრი დახარჯა, მხოლოდ რვა თვეში. თუმცა, ძალიან საინტერესოა, ამ თანხის გარდა, სხვა რა დანახარჯი აქვს კლუბს კვებაში. როგორც აღვნიშნეთ, პირდაპირი წესით დადებული ხელშეკრულებები ჩვენთვის არ მოუწოდებიათ.

ქუთაისის "ტორპედოს" ტენდერები მხოლოდ საკვების მომარაგებისთვის არ ჩაუტარებია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე მარტივად იძებნება, რომ იმერულმა კლუბმა ივლისში ფარმაცევტული პრეპარატების შესაძენად 10 500 ლარი გამოჰყო და ხელშეკრულებაც გააფორმა. არც ამ და არც სატრანსპორტო ტენდერებთან დაკავშირებით კლუბს sportall.ge-სთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია. მეტი სანდოობისთვის, კარგი იქნება, თუკი "ტორპედოს" ხელმძღვანელობა შეძენილი წამლების ნუსხასა და მათ ფასებს გამოაქვეყნებს.

ქუთაისის მერიისგან მიღებული 2 მილიონ ორასი ათასი ლარის გარდა, "ტორპედოს" თავისი შემოსავლებიც აქვს და არცთუ მცირე. მხოლოდ საიჯარო ქირის სახით, კლუბმა წელს უკვე 116 ათას 622 ლარი მიიღო.

იანვარი - 3 658
თებერვალი - 73 658
მარტი - 13 658
აპრილი - 3 658
მაისი - 4 148
ივნისი - 3 658
ივლისი - 3 658
აგვისტო - 5 258
სექტემბერი - 5258

ამ შემოსავლიდან ხელფასის, სახელფასო დანამატისა და პრემიის სახით, კლუბის ხელმძღვანელმა 30 ათას 583 ლარი და 73 თეთრი გასცა, ხოლო დანარჩენი თანხა სად დაიხარჯა, ამის ხარჯთაღრიცხვა არ არსებობს.

"ტორპედოს" გენერალური სპონსორი ტოტალიზატორი "ევროპაბეთიცაა", რომლისგანაც კლუბმა სასპონსორო თანხაც მიიღო, თუმცა დამატებით შემოსავლებში ეს თანხა არ ასახულა.

ინფორმაციისთვის, გასული წლის დეკემბერში "ტორპედოს" ბიუჯეტი 1 მილიონ 803 ათას 600 ლარით განისაზღვრა, 29 ოქტომბერს კი ქუთაისის მერიამ "ტორპედოს" დამატებით 400 ათასი ლარი გამოუყო.

რედაქციისგან: sportall.ge მსგავსი ტიპის ინფორმაციას მკითხველს უმაღლესი ლიგის სხვა საბიუჯეტო კლუბზეც ეტაპობრივად მიაწვდის.

მაგდა კლდიაშვილი
სპეციალურად sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 19 /
.....დიახYველა გუნდი თამაშის წინ ან ორჯერადი ვარჯიშების დროს,ან მოსამზადებელ ეტაპზე იკვებება,ყველაფერში ცუდს რატომხედავენ.
mirza
16:28 16-11-2015
0
..... ხომ არ გეჩვენებათ, რომ სათაურში ჩაშლილი ტენდერების მაგიერ არშემდგარი ტენდერები რომ დაგეწერათ, თქვენი რეპუტაცია ცოტათი მაინც მოიგებდა. თორემ ისე გამოდის ვითომ ტორპედოს ხელმძღვანელებმა სპეციალურად ჩაშალეს ტენდერი და დიდმა აგატა კრისტიმ აღმოაჩინა
sterva
16:35 16-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული