თუმცა წლებია, ფოთელები ამ პრობლემებს ვერ ერევიან და გარდა იმისა, რომ სტადიონის არქონის გამო, საშინაო მატჩებს ლანჩხუთში ატარებენ, ფინანსურადაც მძიმე მდგომარეობაში რჩებიან.
"კოლხეთის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი არ მალავს, რომ პოსტიც ამიტომ დატოვა. გადადგომის შემდეგ ეს მისი პირველი ინტერვიუა:
- მართალია, გუნდს არასახარბიელო სტარტი
- ვერ ვიტყვი, რომ გუნდიდან წასვლის სურვილი მქონდა. მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია კლუბში შექმნილმა მდგომარეობამ, უპირველესად, ფინანსურმა პრობლემებმა და გუნდის მიმართ უყურადღებობამ, თორემ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, შარშანაც ასე დავიწყეთ.
როგორც ფეხბურთელებისთვის, ისე ჩემთვისაც ძნელი იყო უმაღლეს ლიგაში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა. ამის მიუხედავად, შედეგიც გამოვასწორეთ და ხარისხიც. მაშინ არ ჩამიქნევია ხელი და სირთულეების არ შემშინებია. მით უმეტეს, წელს არ მქონია ასეთი განცდა.
"კოლხეთში" ისეთი კონტინგენტია შეკრებილი, რომ ამ ჩემპიონატში გუნდს უმაღლეს ლიგაში დარჩენის პრობლემა არ უნდა შეექმნას. უბრალოდ, ვხედავდი, რომ გუნდს არსაიდან ყურადღებას არ აქცევდნენ, ბიჭები მიტოვებულები იყვნენ... მეც სხვა გზა აღარ დამრჩა, უნდა წავსულიყავი. ღმერთმა ქნას, რომ ამიერიდან მაინც შეიცვალოს ვითარება და მდგომარეობა გამოსწორდეს.
- ამ უყურადღებობას თქვენი სამწვრთნელო შტაბის მოსაშორებლად მიზანმიმართულად ავლენდნენ თუ ზოგადად ფოთის ხელმძღვანელობის მხრიდანაა გუნდის და ფეხბურთის მიმართ ასეთი მიდგომა?
- ეს გაურკვევლობა ახლაც გრძელდება. მე არავისთან პიროვნული დაპირისპირება არ მაქვს. ალბათ, ნახეთ კადრები, მთელი გუნდი რომ მივიდა ქალაქის მერიაში, შეხვდნენ მერს, რომელმაც თქვა, რომ ქალაქისთვის ფუფუნებაა საფეხბურთო კლუბის უმაღლეს ლიგაში შენახვა. ეს ადრე რომ ეთქვათ, მეც გავითვალისწინებდი რაღაც-რაღაცებს...
- სხვა გუნდში ხომ არ აპირებთ მუშაობას?
- ამ ეტაპზე, ფეხბურთი მივატოვე, მაგრამ ფოთის "კოლხეთის" თამაშებს ვესწრები, როგორც ამ გუნდის დიდი გულშემატკივარი. არ ვარ ის ადამიანი, საკუთარი ქალაქის გუნდი მხოლოდ სამსახურის გამო რომ მიყვარდეს და ვქომაგობდე. "კოლხეთის" გულშემატკივარი ვიყავი, ვარ და ვიქნები მომავალშიც, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მწვრთნელი, დირექტორი თუ ქალაქის მერი.
ფეხბურთში დაბრუნებას კი არ გამოვრიცხავ, მაგრამ დღეს იძულებული ვიყავი, ეს ნაბიჯი გადამედგა, რადგან არ მინდოდა მიმეღო მონაწილეობა იმ ტყუილში, რასაც ფეხბურთელების მიმართ აქვს ადგილი.
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, დიდად არც თქვენს შემცვლელს, გელა სანაიას უნდა ულხინდეს...
- როცა ახალ მწვრთნელზე დაიწყო ლაპარაკი, გელას დანიშვნას ერთ-ერთმა პირველმა მე დავუჭირე მხარი. მიმაჩნია, რომ "კოლხეთში" მუშაობა სწორედ ასეთმა კვალიფიციურმა მწვრთნელმა უნდა გააგრძელოს. თუ მას ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება და პრობლემებს მოუგვარებენ, მჯერა, დიდ წარმატებასაც მიაღწევს.
- რაში ხედავთ გამოსავალს? ზოგადად, რა ეშველება ქართულ ფეხბურთს?
- წლების განმავლობაში, არაერთი პრობლემა დაგროვდა. თანაც, ლაპარაკია ელემენტარულ პირობებზე, ხელფას-პრემიებისა და სავარჯიშო გარემოს მოწესრიგებაზე... განსაკუთრებულ პირობებს ხომ არავინ ითხოვს?! უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გუნდს სტადიონი და სავარჯიშო მოედანი არა აქვს.
- მართალია, თითქოს კლუბს ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება აქვს?
- დიახ, ასეა. ივნისიდან მოყოლებული, ხელფასი არ აუღიათ არა მარტო ფეხბურთელებს, არამედ, კლუბის მომსახურე პერსონალსაც. ყველას ოჯახი ჰყავს და ანაზღაურება სჭირდებათ. დიდი ხანია, ეს განუკითხაობა გრძელდება და ისიც ვიცი, რომ მსგავსი პრობლემები სხვა კლუბებშიც არის. ასე მუშაობა და, მით უფრო, წინსვლა ძალიან ძნელია...
რაც შეეხება ზოგადად ეროვნულ ჩემპიონატს, იმედს ისევ და ისევ ახალ პრეზიდენტს ვუკავშირებ. ლევან კობიაშვილი სუფთა კაცია, ღირსეული წარსული აქვს და მჯერა, ვითარების გამოსწორებას შეძლებს. ფოთის "კოლხეთს" კი წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ...
იცით, რა მგონია? ქართული ფეხბურთი მაშინ იქნება განვითარებული, როცა ფოთის "კოლხეთის" მიზანი მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ იქნება და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს. მაშინ ვიტყვით, რომ გვეშველა და ქართული ფეხბურთი სწორ გზას ადგას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"