იყო თუ არა კონფლიქტი მარტვილის "მერანში"? დუბლებში დარჩით და ივარჯიშეთო...

AutoSharing Option
"ლელომ" უკვე გაცნობათ, რომ მარტვილის "მერანიდან" ერთბაშად 9 ფეხბურთელი დაითხოვეს. რა თქმა უნდა, ასეთი რამ უმიზეზოდ არ ხდება და ასეთი შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მაშინ, როცა სეზონი გახურებულია...

და მაინც, რა მოხდა "მერანში"? მარტვილურ კლუბში განვითარებული მოვლენების თაობაზე ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა. თურმე, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც "მერანი" ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "ლოკომოტივთან" დამარცხდა.

ამის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ კრება მოიწვია. "მერანის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ელდარ ბაკურიამ ფეხბურთელებს გამოუცხადა - მაინც ყველა თამაშს აგებთ და ბარემ, თქვენ მაგივრად ბავშვებს ვათამაშებთო!..

რა
თქმა უნდა, ამის შემდეგ ფეხბურთელებმაც დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და სეზონის მიმდინარეობისას გუნდიდან მათი შესაძლო გაშვება გააპროტესტეს. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ბაკურიას მიმართა - ახლა რომ გვიშვებთ, რას გვიპირებთ, სეზონი მიდისო?!

პასუხი ასეთი ყოფილა - შეგიძლიათ, დუბლებში დარჩეთ და ივარჯიშოთო. ამაზე კი ერთ-ერთმა ფეხბურთელმა უპასუხა - რომ გვიშვებთ, ასე არ არისო და ბაკურია "ბიჭოდ" მოიხსენია. ამას მოჰყვა გაწევ-გამოწევა ფეხბურთელსა და კლუბის ხელმძღვანელს შორის. საბედნიეროდ, იქვე საქმეში "მერანის" სამწვრთნელო შტაბი ჩაერია და სიტუაცია განიმუხტა...

თავისთავად, ფაქტი ძალიან უსიამოვნოა. რა თქმა უნდა, კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა შედეგით, მაგრამ ეს მას არ აძლევს უფლებას, შუა სეზონში ბედის ანაბარა მიატოვოს ფეხბურთელი...

"ლელო" კომენტარისთვის ელდარ ბაკურიას დაუკავშირდა. მან არ დაადასტურა ჩვენი ინფორმაცია:

- ბატონო ელდარ, საინტერესოა, რატომ დატოვა "მერანი" სეზონის მიმდინარეობისას ერთბაშად 9 ფეხბურთელმა?
- არაფერი ისეთი. გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგის გამო მოხდა ყველაფერი. თუ მაინც ვაგებთ, ალბათ ჯობია, ადგილობრივებმა წააგონ. ჩვენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დავშორდით ამ მოთამაშეებს.

- ჩვენი ინფორმაციით, "ლოკომოტივთან" წაგებული მატჩის შემდეგ გამართულ კრებაზე, როცა თქვენ ფეხბურთელებს ჯერ გუნდიდან წასვლა, მერე კი დუბლებში თამაში შესთავაზეთ, საქმე გაწევ-გამოწევამდე მივიდა. რას იტყვით ამის თაობაზე?
- ასეთი რამ არ ყოფილა. იმათ თავიანთი აზრი ჰქონდათ, ჩვენ - ჩვენი... საბოლოოდ, მივედით ასეთ გადაწყვეტილებამდე. არ ვიცი, საიდან გაქვთ ინფორმაცია, მაგრამ არ ყოფილა გაწევ-გამოწევა.

- ფეხბურთელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლიათ ახალ გუნდში ჩარიცხვა?
- კი. ალბათ, დეკემბერში მოვლენ, მოაწერენ ხელს ყველაფერს და ამის შემდეგ ჩაირიცხებიან ახალ კლუბებში.

- ამ მოთამაშეებთან კლუბს სახელფასო დავალიანება ხომ არ აქვს?
- არა, ყველანაირი დავალიანება გასტუმრებულია.

- 9 წამყვანი ფეხბურთელის გარეშე "მერანს" არ გაუჭირდება?
- გვესმის, რომ გაგვიჭირდება, მაგრამ შედეგი ისედაც ცუდი იყო. "მერანის" გაახალგაზრდავება არ იყო მხოლოდ ჩვენი სურვილი. ეს მთელი რაიონის სურვილია. უმჯობესია, აქცენტი ახალგაზრდა, მარტვილელ ფეხბურთელებზე გაკეთდეს. წააგებენ, მაგრამ გამოცდილებას მაინც შეიძენენ.

- ზამთარში გუნდის გაძლიერებას არ აპირებთ?
- თუ იქნება ამის საშუალება, აუცილებლად გავძლიერდებით. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მათ შორის - სახელმწიფოს დახმარებაზე.

ძალიან საწყენია, რომ საფეხბურთო საქართველოს ჯერაც ღრღნის "ექვსთვიანი გუნდების" სინდრომი. საინტერესოა, როდემდე?
მკითხველის კომენტარები / 2 /
როდემდე და იქამდე
giga
16:58 13-11-2015
0
კლუბები კიარა ქუჩის გუნდები გვყავს, საშინელი არაპროფესიონალები, როგორც ხელმძღვანელობა, ისე ფეხბურთელები. სახელმწიფოს ფული არ უნდა იხარჯებოდეს ასეთ ხალხზე. დადონ პროგრამა, განვითარების გეგმა, ბიზნეს გეგმა, ინფრასტრუქტურული გეგმა და მაგის მიხედვით მიიღონ თანხები. იდიოტების ხელშია ყველაფერი
antokeli
16:22 13-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული