სამგურალი-გაგრა 1:0 - "სამგურალის" ერთი ნაბიჯიც...

AutoSharing Option
წყალტუბოს "სამგურალმა" წლევანდელი სეზონი წარმატებით დაიწყო და უმაღლეს ლიგაში გადასვლის კარგი პერსპექტივაც გაუჩნდა. მეორე ადგილზე მყოფი წყალტუბოელებისთვის "გაგრასთან" მატჩი ძალზე მნიშვნელოვანი იყო - გამარჯვების შემთხვევაში, გიორგი გოგიაშვილის შეგირდები პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებდნენ...

თავისი მიზანი ჰქონდა "გაგრასაც" - წარმატების შემთხვევაში, ლიდერებს მიუახლოვდებოდა და მერე ვინ იცის, იქნებ უმაღლეს ლიგაში დაბრუნების ამბიციაც გასჩენოდა...

მატჩის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და თამაშის გამწვავებას ერიდებოდა. შემდეგ მასპინძლების უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი, ძირითადად, მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ, სადაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გიორგი თევდორაძე იყო
გამწესებული.

პირველი რეალური საგოლე მომენტიც წყალტუბოელებმა შექმნეს, ირაკლი ხვადაგიანმა ძლიერი საჯარიმო დარტყმით სცადა სტუმართა დამწუხრება, მაგრამ გაგრელთა კარის დარაჯმა ნიკა შერმადინმა ბურთი ნახტომში მოიგერია.

მორიგი ხიფათი ბექა კაკუშაძის აქტიურობას მოჰყვა, მაგრამ შერმადინმა ბურთი მუშტებით მოიგერია და მდგომარეობა განმუხტა.

უქმად არც სტუმრები ყოფილან. გაგა კირკიტაძემ საკუთარ გუნდს სწრაფი კონტრშეტევების განხორციელება დაავალა და შეგირდებიც ცდილობდნენ, თავიანთი შანსები კარგად გამოეყენებინათ...

ერთ ეპიზოდში, გაგრელთა სამსვლიან კომბინაციას ნიკა მაგრაქველიძე აგვირგვინებდა, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

თამაშის სადავეები კვლავ მასპინძლების ხელთ იყო, მაგრამ მათი შეტევები კარში დარტყმით იშვიათად მთავრდებოდა.

წყალტუბოელთაგან თევდორაძეს შეეძლო თავის გამოჩენა - კარში ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ სუსტად მოუვიდა და მეკარეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

ტაიმის მიწურულს სტუმრებსაც შეეძლოთ ანგარიშის გახსნა - ალექსანდრე სარიშვილი საკმაოდ ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე, გოგიაშვილმა თორნიკე ბანძელაძის ნაცვლად მოედანზე ხვიჩა უგრეხელიძე შეუშვა, რომელმაც, მოგვიანებით, ულამაზესი გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა...

თუმცა იქამდე თამაში საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. მასპინძლები კვლავ ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ რეალური საგოლე მომენტის შექმნა ძალიან უჭირდათ. აღსანიშნავია კაკუშაძისა და გია ღვიტიძის სახიფათო დარტყმები.

გაგრელები კვლავ კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. მოსიაშვილი და მაგრაქველიძე კარშიც ურტყამდნენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარე ბექა ფანცხავამ ივარგა.

რაც დრო გადიოდა, წყალტუბოელებს სულ უფრო ეტყობოდათ ნერვიულობა, რაც თამაშის ხარისხსაც ასვამდა დაღს.

ამასობაში კი, გაგრელებმა ორი კარგი შეტევა განახორციელეს - ჯერ სარიშვილს შეეძლო გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა, შემდეგ კი ვეკუა ურტყამდა კარში, მაგრამ ბურთს მეკარე დაეუფლა.

...და იმ დროს, როცა გაგრელები უკეთ ათამაშდნენ, მასპინძლებს მხსნელად უგრეხელიძე მოევლინათ, რომლის მიერ დაახლოებით 25 მეტრიდან დარტყმული ბურთი ჯერ ძელს მოხვდა და შემდეგ გაგრელთა კარში აღმოჩნდა - 1:0.

დარჩენილ დროში სტუმრები შეეცადნენ ანგარიშის გათანაბრებას, მაგრამ მასპინძლებმა ამის საშუალება არ მისცეს და "სამგურალმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. XIII ტური
12.11. წყალტუბო. 150 მაყურებელი
სამგურალი-გაგრა 1:0
გოლი: 1:0 უგრეხელიძე (82)
სამგურალი (3-2-4-1): ბ. ფანცხავა - საღინაძე, ჯანაშია, ხარაბაძე - კუხალაშვილი (90. ლაცაბიძე), ბანძელაძე (46. უგრეხელიძე) - თევდორაძე, კაკუშაძე, ყიფიანი (65. ა. ფანცხავა), ხვადაგიანი (83. ბიბილაშვილი) - ღვიტიძე (79. ჩიხლაძე).
სათადარიგოები: კუჭუხიძე, გაგოშიძე
მწვრთნელი: გიორგი გოგიაშვილი
გაგრა (4-5-1): შერმადინი - ზანდარაშვილი, დავლაშელიძე, ნოზაძე, კვიჟინაძე - მაგრაქველიძე, ასკილაშვილი, ვეკუა, მოსიაშვილი, სარიშვილი (77. ბიბილაშვილი) - პაპავა.
სათადარიგოები: ჩალიგავა, ქავთარაძე, ბარამიძე, ყარსიმაშვილი, ხეცურიანი
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
გაფრთხილება: ხარაბაძე (10), ბიბილაშვილი (79), ჩიხლაძე (81)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

სხვა მატჩები
სქური-კოლხეთი (ხ) 3:1
ვიტ ჯორჯია-ლიახვი (ცხ) 4:1
რუსთავი-მეშახტე 1:0
ალგეთი-ჭიათურა 4:1
ოდიში 1919-იმერეთი 2:1
სამეგრელო-ჩხერიმელა 3:0
მაჭახელა-მერცხალი 4:2
ბეთლემი-ბორჯომი 2:0

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიახვი (ცხ) 12 9 2 1 40-15 29
2. სამგურალი 13 9 1 3 23-14 28
3. ბეთლემი 13 8 1 4 25-16 25
4. ბორჯომი 13 6 4 3 21-13 22
5. სქური 13 6 4 3 15-12 22
6. გაგრა 13 7 0 6 23-17 21
7. კოლხეთი (ხ) 12 5 3 4 17-12 18
8. იმერეთი 13 4 6 3 17-12 18
9. რუსთავი 13 4 6 3 11-10 18
10. ვიტ ჯორჯია 13 4 4 5 19-15 16
11. მაჭახელა 13 4 4 4 16-18 16
12. სამეგრელო 13 4 3 6 14-18 15
13. ოდიში 1919 13 4 2 7 15-31 14
14. ჭიათურა 13 2 6 5 11-17 12
15. ალგეთი 13 3 2 8 6-15 11
16. მეშახტე 13 2 5 6 6-16 11
17. ჩხერიმელა 12 2 4 6 14-26 10
18. მერცხალი 13 2 3 8 14-30 9.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბეთლემი რომელი ქალაქის გუნდია?
მურმანი
13:04 19-11-2015
0
მერცხალს ვინმემ აჩუქოს ქულები,ცოდვებია ეს საცოდავები
ჯიჯი
15:44 13-11-2015
0

სიახლეები პოპულარული