საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. XIV ტური: შედეგი საუკეთესო თავდაცვით

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე მოგებითა და ოთხმატჩიანი წაუგებელი სერიის წყალობით "რუსთავი" ზედა ხუთეულს მიუახლოვდა და გიორგი მიშველიძის დამოძღვრილმა გუნდმა პირველი წრის ბოლომდე ასეთი წარმატებული სვლა თუ გააგრძელა, მერე უფრო დიდ ამბიციებზეც შეიძლება ფიქრი.

"რუსთავი", ფაქტობრივად, სეზონის დაწყების წინ ჩამოყალიბდა და ერთი-ორი გამოცდილი ფეხბურთელის (დავით იმედაშვილი, ზვიად მეტრეველი, ვლადიმერ უგრეხელიძე) გარდა, ძირითადად, პერსპექტიული ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული.

იმავეს თქმა შეიძლება "გაგრაზეც": სულ ახლო წარსულში უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი საინტერესო გუნდი (საქართველოს თასის აღებაც რომ "მოასწრო" და ევროტურნირებზე ასპარეზობაც), საერთოდ, ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

ეგ კი
არა, 17 ნოემბერს გამართულ მატჩში მასპინძელთა შორის ყველაზე ასაკოვანნი ცენტრფორვარდი ლევან პაპავა და ცენტრალური ნახევარმცველი შოთა დავლაშელიძე იყვნენ - ორივე 22 წლის, დანარჩენები კი 19-20 წლის ბიჭები არიან. მასპინძლებს მწვრთნელიც ახალგაზრდა ჰყავთ: 28 წლის გაგა კირკიტაძე.

...მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო "მაჭახელას" 20 წლის ფორვარდის, ორი დღის წინ გარდაცვლილი თენგიზ ფერსელიძის ხსოვნას, რომელიც წინა სეზონში სწორედ "გაგრაში" გამოდიოდა.

რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ შეხვედრას, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად (ძლიერი ქარი ქროდაო, რომ ვთქვათ, ძალიან რბილად ნათქვამი გამოგვივა), ორივე გუნდის ფეხბურთელებს მონდომება ნამდვილად არ დაეწუნებოდათ, თუმცა სტუმრებმა მეტოქეზე უფრო ორგანიზებულად ითამაშეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

მეტსაც ვიტყვით: "რუსთავმა" ამ სეზონში, უდავოდ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა და, რაც მთავარია, გიორგი მიშველიძის მიერ თამაშამდე არჩეულმა ტაქტიკურმა ჩანაფიქრმაც გაამართლა და უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობის დროს განხორციელებული გადაადგილებებიც ეფექტიანი გამოდგა.

სტუმრებს მატჩის დასაწყისშივე შეეძლოთ გოლის გატანა: ზაზა ციცქიშვილის აქტიურობის შემდეგ ვლადიმერ უგრეხელიძე ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ მასპინძლები ნიკა შერმადინმა გადაარჩინა. მომდევნო ეპიზოდში კი ყურადღების ცენტრში საქართველოს ასაკობრივი ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი მეკარე, დავით ლეგაშვილი მოექცა, რომელმაც ნიკა მაგრაქველიძის სახიფათო ჯარიმა მოიგერია.

ლეგაშვილმა მეორე ტაიმშიც ჩინებულად ითამაშა, მაგრამ მანამდე ხომ სტუმრების პირველი გოლი იყო: ამ ბოლო მატჩებში მშვენივრად ათამაშებულმა 19 წლის ზაზა ციცქიშვილმა იდეალური პასით ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა ზვიად მეტრეველი და ამ უკანასკნელმაც ზუსტად დაარტყა ყოფილი გუნდის კარში.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, თუმცა 22 წლის დავით ლეგაშვილი კარის ხაზზეც და გამოსვლებზეც უშეცდომოდ თამაშობდა: ჯერ გიორგი ვეკუას აუღო რთული ბურთი, მერე კი - ალექსანდრე სარიშვილს; ამასობაში, ზვიად მეტრეველმა კინაღამ დუბლი შეასრულა, მერე და მერე კი, სტუმრებმა ბურთი "დაიჭირეს" და სტანდარტულიდან მეორედაც იხეირეს - გიორგი ჩიკვაიძის დარტყმული ბურთი მასპინძელთა "ცოცხალ კედელში" მყოფ ერთ-ერთ ფეხბურთელს შეეხო და მცირე რიკოშეტის შემდეგ ნიკა შერმადინისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გავიდა.

"გაგრა" დანებებას მაინც არ აპირებდა და ბოლო წუთზე რეალური შანსიც მიეცა, მაგრამ ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილმა და ტიტულიანმა ფეხბურთელმა დავით იმედაშვილმა თავგანწირვით ითამაშა და ბურთი, ფაქტობრივად, კარის ხაზიდან გამოიტანა.

სხვათა შორის, 14 ტურის შემდეგ "რუსთავმა" მხოლოდ 10 გოლი გაუშვა, რაც პირველ ლიგაში საუკეთესო შედეგია...

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. XIV ტური
17.11. მუხრანი
გაგრა-რუსთავი 0:2
გოლები: 0:1 მეტრეველი (28. ციცქიშვილის პასით), 0:2 ჩიკვაიძე (85)
გაგრა (4-1-4-1): ნ. შერმადინი - ბ. ასკილაშვილი, ი. ფირცხალაიშვილი, ჯ. ნოზაძე, ვ. ხოსიტაშვილი - ც. მოსიაშვილი - ნ. მაგრაქველიძე, შ. დავლაშელიძე, გ. ვეკუა (64. კადერი), ა. სარიშვილი (77. ი. ხეცურიანი) - ლ. პაპავა.
სათადარიგოები: გ. კვიჟინაძე, ბ. ყარსიმაშვილი, ნ. ბიბილაშვილი, ზ. ზანდარაშვილი, დ. ჩალიგავა
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
რუსთავი (4-1-4-1): დ. ლეგაშვილი - გ. გოცაძე (77. ბ. მიქელაძე), დ. იმედაშვილი, ლ. ბერუაშვილი, გ. მინდორაშვილი - გ. კილასონია - გ. ჩიკვაიძე, მ. ლომიძე (86. ლ. მაჭავარიანი), ზ. ციცქიშვილი (79. ლ. ქალდანი), ვ. უგრეხელიძე (69. ა. გუჯაბიძე) - ზ. მეტრეველი (89. ვ. შენგელიძე).
სათადარიგოები: ს. ჯიოშვილი, ს. ქარდავა
მწვრთნელი: გიორგი მიშველიძე
გაფრთხილება: დ. ლეგაშვილი (47), ლ. პაპავა (47), გ. კილასონია (61), ნ. მაგრაქველიძე (70)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია.

სხვა მატჩები
სქური-ბეთლემი 2:0
მერცხალი-ოდიში 1919 0:0
ლიახვი (ცხ)-ალგეთი 3:0
სამგურალი-ჩხერიმელა 5:2
ბორჯომი-სამეგრელო 2:1
კოლხეთი (ხ)-ჭიათურა 6:2
იმერეთი-ვიტ ჯორჯია 0:7

მეშახტე-მაჭახელა გადაიდო

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიახვი 13 10 2 1 43-15 32
2. სამგურალი 14 10 1 3 28-16 31
3. სქური 14 7 4 3 17-12 25
4. ბეთლემი 14 8 1 5 25-18 25
5. ბორჯომი 14 7 4 3 23-14 25
6. კოლხეთი (ხ) 13 6 3 4 23-14 21
7. რუსთავი 14 5 6 3 13-10 21
8. გაგრა 14 7 0 7 23-19 21
9. ვიტ ჯორჯია 14 5 4 5 26-15 19
10. იმერეთი 14 4 6 4 17-19 18
11. მაჭახელა 12 4 4 4 16-18 16
12. სამეგრელო 14 4 3 7 15-20 15
13. ოდიში 14 4 3 7 15-31 15
14. ჭიათურა 14 2 6 6 13-23 12
15. მეშახტე 13 2 5 6 6-16 11
16. ალგეთი 14 3 2 9 6-18 11
17. ჩხერიმელა 13 2 4 7 16-31 10
18. მერცხალი 14 2 4 8 14-30 10

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩხირიმელას როგროც ამბობენ 300 000 ლარამდე ქონიათ თურმე ბიუჯეტი,ეს კველაპერი კარგია მაგრამ გუნდზეც ხომ უნდა აისახებოდეს ,ხარაგაულში თამაშები არ მოუგიათ,გარიგებული თამაშებიც ამოუყარეს და ფული კი გაქრა,ამით ქარტულ ფეხბურტს არ ეშველება არა.....
maxo
07:25 19-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული