ტორპედო-შუქურა 0:0 - ცარიელი და დადუმებული "ჯუნგლების" ტრიბუნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მიმდინარე ჩემპიონატი "ტორპედოს" აქტივში ნამდვილად ვერ ჩაიწერება. გუნდი, რომელიც სეზონის წინ ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრებოდა, 12 ტურის შემდეგ აუტსაიდერების სიახლოვეს იმყოფება. ქუთაისურ გუნდს ჯერჯერობით მწვრთნელის შეცვლამაც ვერ უშველა - ალექსანდრ შტელინის დანიშვნის შემდეგ "ტორპედომ" ოთხ მატჩში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა, "სიონთან" წინა შეხვედრაში კი სულაც 2:6 განადგურდა.

შტელინის გუნდს სანაკრებო პაუზამ სულზე მიუსწრო. "ტორპედოს" მოსამზადებლად ორი კვირა ჰქონდა, თუმცა "შუქურასთან" გუნდს პროგრესი ნაკლებად ეტყობოდა. ქობულეთური გუნდი არ არის იოლად დასამარცხებელი და წლეულს "ტორპედოზე" გაცილებით უკეთაც ასპარეზობს, მაგრამ, როცა მოგება ჰაერივით გჭირდება,
მის მოსაპოვებლად ცოტა მეტი გარჯა და მონდომებაა საჭირო.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ქუთაისელებს რიგ ეპიზოდებში არ გაუმართლათ, აქ ძელიო, იქ მეკარის წარმოუდგენელი რეაქციაო, მაგრამ საერთო ჯამში, ქუთაისელთა თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა.

აქ "ტორპედოს" ფანების პროტესტზეც უნდა ვთქვათ, რომლებიც კლუბის ხელმძღვანელობას შემოსწყრნენ და აგერ, უკვე რამდენიმე შეხვედრაა, მუდამ აქტიური "ჯუნგლების" ტრიბუნა ცარიელი და დადუმებულია.

მატჩის უმეტესი ნაწილი საკმაოდ დუნე და მოსაწყენი გამოდგა. საწყისი 20 წუთის განმავლობაში მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა. გუნდები საკმაოდ ნელ ტემპში აგორებდნენ ბურთს და ხიფათიც იშვიათად იქმნებოდა. თანდათან ქუთაისელთა მცირეოდენი უპირატესობა გამოიკვეთა. ტორპედოელები შეტევაში მეტოქეზე მეტ დროს ატარებდნენ და ქობულეთელთა კარისთვის გასაღების მოძებნას ცდილობდნენ, თუმცა შეტევებში სისწრაფე და ფანტაზია აკლდათ.

ყველაზე რეალური საგოლე მომენტი ტორპედოელებმა ტაიმის ბოლოს შექმნეს. შესანიშნავად ითამაშა გიორგი ქიმაძემ, რომელმაც რამდენიმე მცველს აუარა გვერდი, საჯარიმოში შეიჭრა და კარშიც დაარტყა - სტუმრები გოლისგან ძელმა იხსნა, უკუგდებულ ბურთს კი დავით კირკიტაძე თავით ამატებდა, მაგრამ არც მას გაუმართლა.

მეორე ტაიმში "შუქურა" გააქტიურდა, რაც დიდწილად შეცვლაზე შესული მერაბ ურიდიას დამსახურება იყო. მან სტუმართა შეტევებს სიმწვავე შემატა და მოედანზე გასვლიდან მალევე გოლის გატანის შესანიშნავი შანსიც მიეცა - ფლანგური გადაცემის შემდეგ კარში შეუჩერებლივ ურტყამდა, მაგრამ ქუთათურები გოლისგან მეკარე გიორგი თევდორაძემ იხსნა.

სტუმართა მორიგი ხიფათიც ურიდიას აქტიურობას მოჰყვა. "შუქურამ" სწრაფად გაითამაშა ჯარიმა და ლევან გეგეჭკორი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.

შემდეგ ადრიან პუკანიჩმა შეასრულა სახიფათო ჯარიმა, მაგრამ ბურთი მცირედით ასცდა მიზანს. ტორპედოელებმა კვლავ სცადეს უპირატესობის მოპოვება, ისინი ძირითადად შეცვლაზე შესული ტანმაღალი ფორვარდის, ლაშა შინდაგორიძის მისამართით გზავნიდნენ მაღალ ბურთებს, მაგრამ სტუმართა მცველები საიმედოდ ირჯებოდნენ.

მიუხედავად ამისა, "ტორპედოს" მაინც შეეძლო გამარჯვების გოლის გატანა, მაგრამ ჯერ დათა სიჭინავას არ გაუმართლა (მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს შეეხო და კარს მილიმეტრებით ასცდა), ხოლო შემდეგ ბაბუნაშვილის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს გიორგი ნერგაძე თავით გზავნიდა სტუმართა კარში, მაგრამ დიდებულად ითამაშა მეკარე თეიმურაზ კაკალაძემ და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
21.11. ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო-შუქურა 0:0
ტორპედო (4-2-3-1): თევდორაძე - ტაბატაძე, ნერგაძე, ჭიჭინაძე, ქიმაძე - მამასახლისი, კლიმიაშვილი - კირკიტაძე (51. სიჭინავა), კუხიანიძე, ბრეგვაძე (57. ბაბუნაშვილი) - კვერნაძე (46. შინდაგორიძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ფურცხვანიძე, ნიკონოვი, ოდიკაძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
შუქურა (5-4-1): კაკალაძე - გეგეჭკორი, ჭეიშვილი, ცხოვრებოვი, ბაგაევი, კომახიძე - თარხნიშვილი, პუკანიჩი, ჩელებაძე (90. ინგოროყვა), წიქარიძე (82. დოლიძე) - კერძევაძე (46. ურიდია).
სათადარიგოები: ჯიოევი, ანანიძე, ლობჯანიძე, შარიქაძე
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
გაფრთხილება: გეგეჭკორი (49), ჭეიშვილი (56), ნერგაძე (69), შინდაგორიძე (80)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 9
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8

XIII ტური
27 ნოემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-დინამო (ბთ)

28 ნოემბერი, შაბათი
სამტრედია-კოლხეთი
გურია-დინამო (თბ)
სიონი-ჩიხურა
შუქურა-ცხინვალი
საპოვნელა-ტორპედო
მერანი-ზუგდიდი

29 ნოემბერი, კვირა
საბურთალო-დილა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული